ძიუდო

15:53 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძის ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე!

21 წლის ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (81 კგ.) იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ლუკა 2018 წლის მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულს, ირანელ საეიდ მოლაეის გაეჯიბრა და ვაზარიზე 2-ჯერ დააგდო.

შეგახსენებთ, რომ მაისურაძემ საწყის რაუნდში სამოელი პენიამინა პერსივალი შებოჭა, თურქი ვედათ აილბაირაკი ვაზარიზე 2-ჯერ დასცა, მონღოლ უუგანბაატარ ოტგონბაატარს ვაზარი დამატებით დროში აუღო, ბელგიელ სამი ჩუჩის იპონით აჯობა, მეოთხედფინალში კი ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაალისთან იპონით წააგო.

ამგვარად, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევთან ვაზარით ჩამორჩა, თუმცა, ის მალევე გაქვითა და დამატებით დროში აზიელი იპონზე დასცა. ამის შემდეგ კი, მოლაეისთან ხსენებული შერკინება გახლდათ...

აღნიშნულ წონაში მე-2 ბრინჯაოს მედალი კანადელმა ანტუან ვალუა-ფორტიემ აიღო (ხსენებულ აბდელაალს აჯობა), ფინალში კი, ებრაელმა საგი მუკიმ ბელგიელი მატიას კასე იპონით დაჯაბნა.

დღესვე, მედლები ქალთა 63 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ (!) მოიგო უკვე ლეგენდარულმა ფრანგმა კლარის აგბენენუმ. მან 9 წუთს გაწელილ ფინალში იაპონელი მიკუ ტაშირო ვაზარით დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები კი გერმანელმა მარტინა ტრაიდოსმა და ჰოლანდიელმა იუულ ფრანსენმა დაისაკუთეს.

ხვალ მედლები ვაჟთა 90 და ქალთა 70 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, ტატამზე კი ბექა ღვინიაშვილს ვიხილავთ. ის ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაებმება და ძალებს ინდოელ აიაი დევილალ მისტრისთან მოსინჯავს, გამარჯვების შემთხვევაში კი, ჰოლანდიელ იესპერ სმინკსა და უკრაინელ ქუედჯაუ ხაბალის შორის უმჯობესს შეერკინება.

0.115548