რაგბი

21:10 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა” აფრიკელები ბოლო წუთებზე “გატეხეს”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიოს თასისთვის მზადების ციკლში პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. “ბორჯღალოსნები” ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთაფრიკულ “საუზერნ კინგსს” დაუპირისპირდნენ და პრო 14-ის მონაწილე გუნდი 24:20 დაამარცხეს. ყველაფერი დასკვნით 15-ოდე წუთში გადაწყდა, როდესაც მასპინძლებმა 19 უპასუხო ქულა მიითვალეს.

ვინაიდან თამაში მოსამზადებელი ხასიათის გახლდათ, მხარეთა შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ გუნდების განაცხადში 26-26 მორაგბე იქნებოდა. ამან, მწვრთნელებს საქმეში მეტი მოთამაშის გამოცდის საშუალება მისცა.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, აფრიკელებთან ტესტისას საქმეში ბევრი ახალგაზრდა ვიხილეთ. მაგალითად, პირველი ხაზი 19 წლის კვაჭმა ვანო კარკაძემა და 20 და 23 წლის ბურჯებმა გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი მელიქიძე დააკომპლექტეს.

მეორე ხაზში ვიცე-კაპიტან გიორგი ნემსაძეს ლაშა ლომიძე შეუწყვილდა, მესამე ხაზში კვლავაც ახალგაზრდა მორაგბეები ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ოთარ გიორგაძე ვიხილეთ.

“ბორჯღალოსანთა” ღერძი ლაშა ხმალაძემა და გიორგი ბეგაძემ შეადგინეს, შუამარბებად გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ზურაბ ძნელაძე გამოჩნდნენ, ფულბექი სოსო მათიაშვილი იყო, გარემარბებად კი მირიან მოდებაძემა და გიორგი აფციაურმა დაიწყეს.

პირველი ტაიმი ქართველებისთვის დანავსული გამოდგა. გარდა იმისა, რომ მეტოქეს 5:17 ჩამოვრჩით, გუნდს მაოახლოებული მსოფლიო თასის წინ 2 საკვანძო მორაგბე დაუშავდა.

ტრავმის გამო, მინდორი ჯერ გიორგი ცუცქირიძემ დატოვა, შემდეგ კი – მერაბ შარიქაძემ. მათ ნაცვლად თამაშში გიორგი თხილაიშვილი (მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს) და თამაზ მჭედლიძე ჩაერთვნენ, დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მატჩი “კინგზის” უპირატესობით დაიწყო და ამან ასახვა შედეგშიც ჰპოვა. აფრიკელები გაცილებით უკეთ შეთამაშებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და მათ კომბინაციებს შედეგი მოჰქონდათ.

ანგარიში ჯარიმიდან ბერძნული ფესვების მქონე დემეტრი კატრაკილისმა გახსნა, რომელმაც შემდგომშიც ჩინებულად ურტყა და იერიშების წარმართვაც არ ეშლებოდა. მალევე მან სბურა სიტოლეს ლელო გარდასახა. ამ უკანასკნელმა მარცხენა ფლანგზე გაინავარდა და ბურთის დამიწება მოახერხა – 0:10.

“ბორჯღალოსნები” მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ და საპასუხო ლელოს ორგანიზება შესძლეს. აუტიდან მოწოდებული ბურთი ბეგაძემ გადაკიდა, ის ლომიძემ მოიხელთა და იერიში გააგრძელა, ხმალაძის მიერ კიდევ ერთხელ გადაკიდებულზე კი ყველას აფციაურმა მიასწრო. სამწუხაროდ, მათიაშვილს ზედ პირითი ხაზიდან შესრულებული გარდასახვა გაუცუდდა.

“კინგზმა” მობილიზება რამდენიმე წუთში მოახერხა და სტატუს-ქვო აღადგინა. მოულოდნელად შერკინებაში დავჯარიმდით, მეტოქემ დერეფნიდან მოლი ააგორა, რომელიც ჩავაქციეთ, შეტევა გაგრძელდა, კატრაკილისმა ბურთი კრისტიან ამბადიანგს გადაუკიდა და მან მირიან მოდებაძეს დაასწრო. დემეტრის გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო – 5:17.

ტაიმის ბოლო ათწუთეული საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა, თუმცა, ამან ანგარიშში ასახვა ვერ ჰპოვა, არადა, კემერონ დოუსონის სინბინის გამო (მოლი ჩააქცია) მეტობაშიც ვიყავით. თავდაპირველად, ვანო კარკაძეს ლელოს ხაზამდე მეტრი დააკლდა და ბურთის ჩახურვისთვის დაჯარიმეს, შემდეგ კი, მჭედლიძე მარცხენა ფლანგიდან მარჯვენაზე გაიჭრა და ორიოდ პასის შემთხვევაში, ლელო გარდაუვალი სჩანდა, თუმცა, ბურთი წინ გადაგვივარდა.
მე-2 ტაიმისთვის მილტონ ჰეიგმა საქმეში ფაქტობრივად, მთელი მარქაფა ჩართო. მინდორზე გამოჩნდნენ გელა აფრასიძე, ლაშა მალაღურაძე, დავით კაჭარავა, სანდრო თოდუა... აფრასიძემ თამაში საგრძნობლად ააჩქარა, თუმცა, პირველი შედეგიანი შეტევა ისევ “საუზერნ ქინგსის” იყო. ოცდაორში დავჯარიმდით, რაც კატრაკილისმა არ გვაპატია და ანგარიში 5:20 გახდა.

ქართველები თამაშში გარდატეხის შეტანას ცდილობდნენ, თუმცა, არაფერი გამოდიოდა. ორ შემთხვევაში ხმალაძემ ჯარიმიდან ბურთი აუტში ვერ გადაიტანა, ხელით თამაშისას კი ბევრი წუნი იყო. პერსპექტიული იერიშისას ბურთი ჯერ მჭედლიძეს გაუვარდა, შემდეგ კი იმავე ხმალაძემ უმისამართო პასი გააკეთა.

“ბორჯღალოსანთა” აქტიურობას შედეგი მაინც მოჰყვა. შერკინების შემდეგ, მეტოქეს ბურთი ხუთმეტრიან ზონაში ავართვით, მრავალფაზიანი იერიშის შემდეგ კი ბურთი ლელოში გიორგი მელიქიძემ გადადო. მსაჯმა აღნიშნული თავდაპირველად ვერ დაინახა, თუმცა, ვიდეორეფერიმ ლელო დაადასტურა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო.
საქართველო კიდევ უფრო აქტიურად ათამაშდა, აფრიკელები ჩვენების შეჩერებას ჯარიმების ხარჯზეღა ახერებდნენ, რასაც კიდევ 1 ლელო მოჰყვა. დერეფნიდან მძლავრი მოლი ავაგორეთ, სტუმრებმა ის მხოლოდ წესების დარღვევით შეაჩერეს და არბიტრმა საჯარიმო ლელო ჩათვალა – 17:20.

და საოცარი დასასრული. “ბორჯღალოსნებმა” მორიგი იერიში ხელდახელ თავისი 22-დან დაიწყეს, რამდენიმე ოფლოუდის მერე ცენტრამდე ამოვიდნენ, აფრიკელები ისევ დაჯარიმდნენ, ხოლო ხმალაძემ ბურთი აუტში ჩინებულად გადაიტანა.

მოლის მერე, სტუმრებმა თამაშის წესები ისევ დაარღვიეს, თუმცა, ჯარიმა აღარ დაგვჭირვებია. მარჯვენა ფლანგზე გადატანილი ბურთი შალვა სუთიაშვილმა ლელოში გადადო, მალაღურაძის გარდასახვა კი ზუსტი გახლდათ – 24:20.
დარჩენილ დროში აფრიკელებმა მაგრად შემოგვიტიეს და გადამწყვეტ ლელოსთან ახლოს იყვნენ, თუმცა, ქართველებმა თავი დაიცვეს და პირველი სამსოფლიოთასო გამოცდა გამარჯვებით დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” შემოდგომის მთავარი ტესტები ჯერაც წინ ელით. 31 აგვისტოს, 20:00 საათიდან “დინამო არენაზე” შოტლანდიელებთან ჯახია დანიშნული და ეს, პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც თბილისში პირველი დონის ნაკრები ითამაშებს. საქართველო და შოტლანდია განმეორებით მატჩს 6 სექტემბერს (22:30) ედინბურგის “მარიფილდზე” ჩაატარებენ.

საქართველო – ”საუზერნ ქინგსი” 24:20 (5:17)

საქართველო: 15. იოსებ მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ლაშა ლომიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. შალვა სუთიაშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. ლაშა მალაღურაძე, 24. ალექსანდრე თოდუა, 25. თამაზ მჭედლიძე, 26. დავით კაჭარავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147125