ჩოგბურთი

14:10 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დღეს, 19:00 საათიდან: ბასილაშვილი VS რუბლიოვი

ცინცინატიში მყოფი 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ადგილობრივ მასტერსზე (საპრიზო ფონდი 6 735 690 დოლარი) პირველ მატჩს დღეს საღამოს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ WESTERN & SOUTHERN OPEN-ზე მე-15 ნომრად განთესული ნიკას მეტოქე 21 წლის რუსი ანდრეი რუბლიოვი იქნება, რომელმაც ასპარეზობა ჯერ კიდევ კვალიფიკაციიდან დაიწყო და იქ ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩსა და ყაზახ მიხაილ კუკუშკინს, შესაბამისად, 2:1 (მეტოქე დანებდა) და 3:6, 6:4, 6:3 სძლია.
ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზე იმყოფება, მისი დღევანდელი მოწინააღმდეგე კი 70-ეა. ქართველი ჩოგბურთელი რუსს 2-ჯერ შეხვედრია და მაქსიმალური შედეგი აქვს. წლეულს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ტურნირის მე-2 რაუნდში ნიკოლოზმა 6;3, 6:4 მოიგო, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში სულ ცოტა ხნის გამართულ ფინალში კი, 7:5, 4:6, 6:3 იმარჯვა.
ბასილაშვილს ცინცინატიში შარშან გამართულ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია, ამდენად, ქულები დასაცავი არ აქვს. თუკი ნიკოლოზმა რუბლიოვს კიდევ ერთხელ აჯობა, 45 სარეიტინგო ქულას შეიმატებს და მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე პოზიციებზე მყოფ ხუან მარტინ დელ პოტროსა (არგენტინა) და კევინ ანდერსონს (სამხრეთ აფრიკა) კიდევ უფრო მიუახლოვდება.
ბასილაშვილისა და რუბლიოვის დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე მე-11 კორტზე დაიწყება. ვთქვათ ისიც, რომ წარმატების შემთხვევაში, საქართველოს პირველი ჩოგანი მე-2 წრეში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვსა და შევიცარიელ სტენ ვავრინკას შორის უმჯობესს ეთამაშება. ეს შეხვედრა ცენტრალურ კორტზე იგივე დროსაა დანიშნული.

0.147617