ჭიდაობა

0:58 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგნიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ბაგრატ გაგნიძემ (79 კგ.) ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გააღწია.

ქართველი ფალავანი ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც ებრაელი მაქს კასპეროვიჩი 7:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში ალჟირელ ფატეჰ ბენფერდჯალაჰს 10:0 სძლია, ნახევარფინალში კი უნგრელ მილან მესტერს აჯობა – 2:1.
ფინალში გაგნიძის მეტოქე რუსი ამხად ტაშუკაჯიევი იქნება, რომელმაც გზიდან იტალიელი, აზერბაიჯანელი, იაპონელი და სომეხი მეტოქეები ჩამოიცილა.
კვარცხლბეკზე ასვლის შანსს ინარჩუნებს გიორგი გეგელაშვილიც (57 კგ.), რომელმაც მერვედფინალში აშშ-ს სახელით მოასპარეზე ვიტალი არუჯაუსთან 3:4 წააგო და ვინაიდან ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ჩვენებური რეპეშაჟში გადაერთო.
გეგელაშვილი სანუგეშო წრეში ინდოელ ვიჯაი ბაიჯირაო პატილს გაეჯიბრება და თუკი იმარჯვა, ბრინჯაოს მედლისთვის რუს ახმედ იდრისოვს დაუპირისპირდება.
საწუხაროდ, ტურნირის პირველ დღეს ნაადრევად დაასრულეს ასპარეზობა ამირან ვახტანგაშვილმა (65 კგ.), ოთარ ბაგაურმა (70 კგ.) და გივი გოგობერიშვილმა (97 კგ.).
დღეს, წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს 61, 74, 86, 92 და 125 კგ-მდე კატეგორიის ფალავნები გამართავენ, ქართველთაგან კი საქმეში გოდერძი ძებისაშვილი (61 კგ.), გოგა მამიაური (74 კგ.), მირიან მაისურაძე (86 კგ.), გიორგი ჩანქსელიანი (92 კგ.) და ვასილი ხვისტანი (125 კგ.) ჩაერთვებიან.
შეჯიბრი სტარტს თბილისის დროით 11:30 საათზე აიღებს.

0.150636