ჩოგბურთი

0:43 | 6.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა მონრეალში პირველი წრე დაძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კანადის ქალაქ მონრეალში დაწყებული მასტერსის (საპრიზო ფონდი 6 338 885 დოლარი) პირველ წრეში სერბი დუშან ლაიოვიჩი 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა.

საქართველოს პირველ ჩოგანს საუკეთესო თამაში ნამდვილად არ ჰქონია, თუმცა, მატჩი, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, მაინც სათავისოდ დაასრულა.

ნიკას 1 ეისი და 10 ორმაგი შეცდომა მოუგროვდა და 13-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მაგრამ თავისი მოწოდებაც ასევე 7-ჯერ წააგო და მატჩი სწორედ ამის გამო გაიწელა. საერთო ჯამში, ქართველმა ჩოგბურთელმა 96 ქულა მოიგო, სერბმა კი – 84.

ვინაიდან ბასილაშვილს შარშან მონრეალში არ უთამაშია, ლაიოვიჩის დამარცხების წყალობით, 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, მე-2 წრეში კი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფთან ჭიდილი ელის. ამ უკანასკნელმა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა მოულოდნელად იოლად – 6:2, 6:2 დაამარცხა.

0.131966