ჩოგბურთი

0:05 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მონრეალის მასტერსში დღეს ჩაებმება

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის მასტერსზე (საპრიზო ფონდი 6 338 885 დოლარი) სასტარტო შეხვედრას დღეს ჩაატარებს.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე მყოფი ბასილაშვილი კანადურ ტურნირში მე-13 განთესვით ჩაებმება, საწყის რაუნდში მისი მეტოქე კი სერბი მყოფი დუშან ლაიოვიჩი იქნება.

ნიკასა და დუშანის შერკინება 4 აგვისტოს, მე-9 კორტზე გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით დაახლოებით 21:30 საათზე დაიწყება, უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩისა და ბრიტანელი კემერონ ნორის თამაშის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მონრეალში შარშან გამართულ ტურნირში ბასილაშვილს მონაწილეობა არ მიუღია, ამდენად, იქ დასაცავი არაფერი აქვს.

თუკი ქართველმა სერბს სძლია, 45 სარეიტინგო ქულას მიიღებს და მე-2 წრეში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფსა და ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შორის უმჯობესს გაეჯიბრება, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მე-3 ნომრად განთესილი გერმანელი საშა ზვერევი ელის.

მონრეალის მასტერსზე პირველი რეიტინგი ესპანელ რაფაელ ნადალს აქვს, შემდეგ კი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი, ზვერევი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი და იაპონელი კეი ნიშიკორი მოდიან. ტურნირის გამარჯვებული 1 000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ვთქვათ ისიც, რომ ბასილაშვილი ამჯერად ძალებს წყვილთა ტურნირშიც სცდის. ის ხსენებულ შტრუფთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ წრეში ბრიტანულ-ამერიკულ დუეტს (კაილ ედმუნდი-ტეილორ ფრიცი) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120476