ფეხბურთი

20:07 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

უშანსოდ, მაგრამ შანსით...

ქუთაისის „ტორპედო“ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთში „ორდაბასთან“ დამარცხდა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ბოლო დროს იმერულ გუნდში განვითარებული მოვლენების ფონზე ადვილი სავარაუდო იყო, რომ ყაზახური გუნდის უპირატესობით ჩაივლიდა შემქენთური მატჩი და არც შევმცდარვართ.

შეხვედრა საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და მეტწილად მოედნის ერთ ნახევარზე მიმდინარეობდა. კახა ცხადაძის „ორდაბასი“ 90 წუთის განმავლობაში სოლიდურ უპირატესობა ფლობდა და თუ თამაშისთვის არ გიყურებიათ, სტატისტიკური მონაცემების დაგარწმუნებთ ამაში. განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმზე ითქვის, როდესაც ყაზახებმა ზეწოლა გააძლიერეს და როინ კვასხვაძის საჯარიმოსთან ხიფათი ხშირად იქმნებოდა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ორდაბასს“ აშკარა საგოლე მომენტები მაინც და მაინც ბევრი არ შეუქმნია. შეხვედრის ბედი კი ერთმა გოლმა გადაწყვიტა.

„ტორპედოს“ კაპიტანი როინ კვასხვაძე ვერ გაისარჯა დამაჯერებლად, გამოსვლაზე შეცდა და თემირლან ერლანოვმა დაუცველ კარში თავით გაიტანა. ეს 67-ე წუთზე მოხდა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი იყო. კვასხვაძე ვახსენეთ და, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოცდილმა მეკარემ თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა გოლისგან და თამაში 8 სეივით დაასრულა.

საპასუხოდ? საპასუხოდ სამწუხაროდ „ტორპედოს“ არაფერი შეუქმნია, ოდენ საკუთარი კარის უსაფრთხოებით იყო დაკავებული და მინიმალური ანგარიშით მარცხი აქედან გამომდინარე პოზიტიურად მოსჩანს... თავად განსაჯეთ, კახა ჩხეტიანის გუნდს მეტოქის კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაურტყამს, კარისკენ ორჯერ დაარტყა, არ ჰქონია საგოლე მომენტთან მიახლოებული ეპიზოდი და არ ჩაუწოდებია კუთხურიც - სავალალო სტატისტიკაა. თუმცა, რეალობა ასეთია - „ტორპედომ“ ამ შემადგენლობით პირველად ითამაშა და მეტის მოთხოვნა ალბათ, ობიექტური არც იქნებოდა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იყო მარცხი უშანსოდ, მაგრამ შენარჩუნებული შანსით, რადგან წინ საპასუხო თამაშია, რომელიც 18 ივლისს თბილისში შედგება.

„ორდაბასი“ – „ტორპედო“ 1:0 (0:0)

შიმქენთი, „მუნაიტპასოვ სთედიუმი“

„ორდაბასი“ (5-3-2): ნეპოგოდოვი; ტოლებეკი (ბადიბანგა 55), ერლანოვი, ფონტანელო, მალი, დოსმაგამბეტოვი; მეჰანოვიჩი (შჩეტკინი 67), დიაკატე, მალანგუ; ჟანგილიშბაი (ბისტროვი 73), ჟოაო პაულო

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

„ტორპედო“ (4-3-3): კვასხვაძე; ტაბატაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, ნადარაია; ცინცაძე, ფონიავა (მოსიაშვილი 86), ნებიერიძე; ციცქიშვილი, კაპანაძე (ცეცხლაძე 76), ჩოგაძე (კობახიძე 69)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლი: 1:0 ერლანოვი (67)

გაფრთხილება: ჟანგილიშბაი (65), დიაკატე (84) - ფონიავა (45), ნადარაია (47)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (9) – 2 (0) კუთხურები: 8:0 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: რომერ ტარაიევი (ესტონეთი)

სტატისტიკა
0.210587