ფეხბურთი

21:40 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ და შანსს დაველოდოთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კოპენჰაგენში, „თელია პარკენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

სლოვაკი სპეციალისტის თქმით, დანიას მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ საქართველოს ნაკრები ეცდება კარგად ითამაშოს. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, დანიელებთან შემტევი ფეხბურთის თამაშის ჩვენება დაუშვებელია, მისმა გუნდმა ჭკვიანური ფეხბურთი უნდა ითამაშოს და საგოლე შანსები მაქსიმალურად გამოიყენოს.

„რთულ თამაშს ველოდებით დანიასთან, რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპი საუკეთესოდ არ დაუწყია. ვფიქრობ, ირლანდიასთან დანიელებმა ორი ქულა დაკარგეს, რადგან მეტოქეს აშკარად აჯობეს. დანიას რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჰყავს, მაგრამ ვეცდებით, ჩვენი ბრძოლისუნარიანობა და კარგი თამაში ვაჩვენოთ.

დანიის ნაკრების წინააღმდეგ ჭკვიანურად თამაშია საჭირო, მომენტის დალოდება, რომელიც აუცილებლად მოგვეცემა. ხვალინდელ შეხვედრაში დაცვას დიდი ყურადღება დაეთმობა და ეს აქედანვე ვიცით.

დანიის ნაკრების ფეხბურთელები ძირითადად უცხოეთში თამაშობენ და ჩვენი სრული ინფორმაცია გვაქვს მათ შესახებ. მთავარია, შევაფასოთ მათი ხარისხი და ჭკვიანურად ვითამაშოთ. რაც შეეხება ლობჟანიძეს, შესაძლოა ის ძირითად შემადგენლობაში იყოს, ფლანგებიდან აქტიურად თამაშობს და ამიტომაც, ეს შესაძლოა გამოვიყენოთ.

კვარაცხელიას ტრავმას რაც შეეხება, საშიში არაფერია და ჩვენ მას დღევანდელ ვარჯიშზე დავაკვირდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და დანიის ნაკრებთა მატჩი 10 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის კოპენჰაგენიდან

Loading...
0.123142