კალათბურთი

0:50 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 19 ქულა 13 წუთში
ქართველმა ტალანტმა 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე აშშ-ში წინასადრაფტო წვრთნების დასრულების შემდეგ სერბულ “მეგა ბემაქსს” დაუბრუნდა და მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

ქართველი ტალანტის გუნდმა სტუმრად “ტამისი” 121:69 გაანადგურა, გოგა კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 13:12 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ბითაძემ 4-დან 2 ორქულიანი და რაც ყველაზე საინტერესოა, 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. ქართველმა ლეგიონერმა შორეული ტყორცნებით ოკეანის გაღმა ხომ ყველა გააოცა და როგორც სჩანს, ამ მხრივ ვარჯიში სერბულ ლიგაშიც განაგრძო.

ვთქვათ ისიც, რომ გოგას ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა. შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ლუკა ასჩერიჩს (29) ჩამორჩა.

საინტერესოა, რომ ბითაძის თამაშს მყის გამოეხმაურა მისი აგენტი მიშკო რაზნატოვიჩი, რომელსაც აღფრთოვანება არ დაუმალავს:

“გოგა ბითაძე დრაფტისთვის სრულ მზადყოფნაშია! დღეს მან 19 ქულა ჩააგდო და სარგებლიანობის მაჩვენებელი 26-ს გაუტოლა, რისთვისაც 13 წუთი ეყო. მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამქულიანებს ჩინებულად ესვრის – 6-დან 5 ტყორცნა გამოიყენა. ბითაძეს ბოლო 22 სამქულიანიდან 12 აქვს ჩაგდებული, რაც 50%-ზე მეტია!”.

“მეგა ბემაქსმა” სერბეთის ჩემპიონატის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე B ჯგუფში 7 მოგებითა და 3 მარცხით მე-2 ადგილი დაიკავა (მხოლოდ “პარტიზანს” ჩამორჩა) და ნახევარფინალში უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ “ცრვენა ზვეზდას” შეხვდება.

მომავალი დაპირისპირება ორ მოგებამდე გაგრძელდება. პირველი შეხვედრა ბელგრადში 2 ივნისს შედგება, 4-ში მასპინძელი “მეგა ბემაქსი” იქნება, ხოლო თუკი გადამწყვეტი მატჩის ჩატარება გახდა საჭირო, მას 7 ივნისს ისევ “ცრვენა ზვეზდა” მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12839