ჩოგბურთი

14:10 | 16.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მერვედფინალის მოლოდინში
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქეს დღის განმავლობაში 2 მატჩის ჩატარება მოუწევს

იტალიის ქალაქ რომში მიმდინარე მასტერსზე (საპრიზო ფონდი 5 791 280 ევრო) გუშინ დაგეგმილი მატჩები წვიმის გამო ვერ ჩატარდა, ამდენად, დღეს ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს და კორტზე ნიკოლოზ ბასილაშვილსაც ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ მე-14 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა INTERNAZIONALI BNL D'ITALIA-ის საწყის რაუნდში უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი 6:1, 7:6 (7:2) დაამარცხა, შემდეგ კი, სერბ ლასლო ჯერესაც ორ სეტში აჯობა – 7:5, 6:4.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე მე-2 განთესვის მქონე ესპანელი რაფაელ ნადალისა და ფრანგი ჟერემი ჟარდის შეხვედრაში ირკვევა, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათში აიღებს სტარტს.
ნიკოლოზი აღნიშნულ წყვილში გამარჯვებულს დღეს საღამოს (დაახლოებით 21:30 საათიდან) გაეჯიბრება, რაც ჩვენებურისთვის უპირატესობა უნდა იყოს. ცხადია, დღეში 2 მატჩის ჩატარება თუნდაც გამძლეობით ცნობილ ნადალისთვისაც რთული უნდა იყოს.
ვთქვათ ისიც, რომ ბასილაშვილმა რომში უკვე გამოიმუშავა 90 სარეიტინგო ქულა, მეოთხედფინალში გასვლა კი მას 180 ქულას მოუტანს. ამ შემთხვევაში, ნიკას ATP-ს ლაივ-კლასიფიკაციაში 2015 ქულა მოუგროვდება და მისთვის სარეკორდო მე-16 ადგილზე გადაინაცვლებს.

Loading...
0.167422