ფეხბურთი

23:15 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმში სცენარი უცვლელია: დრამა, ზეიმი და გალიდერებული "დინამო"

ისევ ზეიმი, ისევ დრამა, ისევ მაგარი საფეხბურთო გარემო. ბათუმში, „ანგისას ბაზაზე“ მორიგი ლამაზი საფეხბურთო საღამო შედგა და ამის პროგნოზირება თავიდანვე ადვილი იყო. ზღვისპირეთში ხომ თბილისის „დინამო“ ჩავიდა და პრინციპული დაპირისპირება შედგა. გაამართლა თამაშმაც, ისევ უხვგოლიანი და ისევ დრამა, რომლის ბედი მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე გადაწყდა!

ბათუმელთათვის ამოცანა მარტივად იდგა: გამარჯვების შემთხვევაში გალიდერდებოდა, ხოლო დედაქალაქელები „საბურთალოსთან“ ჩამორჩენას მინიმუმამდე შეამცირებდნენ. ბრძოლაში გამარჯვებული მასპინძელი გამოვიდა და სიმართლე რომ ვთქვათ, თამაშის სურათიდან გამომდინარე, იმსახურებდნენ კიდეც. გია გეგუჩაძის გუნდმა პირველივე ტაიმში სერიოზული განაცხადი გააკეთა გამარჯვებაზე. საერთოდ, პირველი ნახევარის გმირი ლაშა ჩალაძე იყო. ბათუმელთა მარცხენა მცველმა ჯერ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ვაკო თევდორაძემ უნაკლოდ დაარტყა, ხოლო მერე შეტევაში კიდევ ერთხელ ჩაერთო ჩინებულად და პერალესის კარის მარცხენა დაბალი კუთხე დალაშქრა - 2:0. საპასუხოდ, თბილისელებს დიდად არაფერი გამოსდიოდათ და თითქოს ბათუმის „დინამოს“ გამარჯვება იკითხებოდა.

ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, 76-ე წუთამდე არც არაფერი იცვლებოდა, მაგრამ მერე სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მასპინძლებმა ორი შეცდომა დაუშვეს, უწყინარ სიტუაციაში და კინაღამ ძვირად დაუჯდათ. გურამ ადამაძემ 76-ე წუთზე, ალეფ სანტოსმა 10 წუთის შემდეგ ორი გოლი გაიტანეს და ორჯერვე საკუთარ კარში! თბილისის „დინამომ“ მეტოქის ხელშეწყობით გათანაბრება მოახერხა.

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ჯენერი ხორავამ თამაშს 4 წუთი დაამატა და მესამე კომპენსირებულ წუთზე კულმინაციის დრო დადგა. გიორგი ჯანელიძემ საჯარიმოში ბურთი თორნიკე გაფრინდაშვილს შეაყოლა ბურთი და მანაც ივარგა, ძლიერი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა. სხვათა შორის, სამი ქულის მომტანი ეპიზოდი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს.

ბათუმის „დინამომ“ მოიგო და ბათუმში ისევ საფეხბურთო ზეიმის ჯერი დადგა. ეს ყველაფერი ლამაზია, ახალ სტადიონზე კიდევ უფრო ლამაზი იქნება! იქამდე კი, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გია გეგუჩაძის გუნდი სატურნირო ცხრილში გალიდერდა.

„დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისი“ 3:2 (2:0)

ბათუმი, „ანგისის ბაზა“

„დინამო“(ბთ) (4-2-3-1): ალავიძე; მელიავა, ადამაძე, გაგოშიძე, ჩალაძე; ტეიდი (ჯანელიძე 80), მამუჩაშვილი; რამოსი, თევდორაძე (გაფრინდაშვილი 59), ჯოვინო; საბანაძე (ალეფ სანტოსი 78)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

„დინამო“ (თბ) (4-2-3-1): პერალესი; რუხაია, მონხილი, კობოური, იაშვილი; პაპავა (82), ნინუა; შულაია (აზაროვი 59), კუხიანიძე (ზარია 66), შენგელია; კუტალია

მწვრთნელი: ფელის ვისენტე

გოლები: 1:0 თევდორაძე (23, პენ), 2:0 ჩალაძე (35), 2:1 ადამაძე (76, ა.გ), 2:2 ალეფ სანტოსი (86, ა.გ), 3:2 გაფრინდაშვილი (90)

გაფრთხილება: ჩალაძე (85) გაფრინდაშვილი (90) - შენგელია (22), იაშვილი (90), კუტალია (90)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

0.163127