ძიუდო

18:35 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ნოზაძე ბაქოს გრან სლემზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ძიუდოს გრან სლემი დაიწყო, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. პირველ საჭიდაო დღეს ტატამზე ოთხი ქართველი სპორტსმენი, ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი და მარი მახარაშვილი ვიხილეთ და ჩვენი ქვეყნის მონაგარი ვერცხლის მედლით შეივსო.

თემურ ნოზაძემ 60 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა და ოდენ ფინალში დამარცხდა. ფინალამდე ნოზაძემ B ჯგუფში შესანიშნავად იჭიდავა. პირველ წრეში ისრაელის წამორმადგენელი დანიელ ბენ დავიდი წუთსა და ოთხ წამში იპონით დაამარცხა. მეორე წრეში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ყაზახი მაგჟან შამშადინი გახლდათ და ამჯერად უფრო რთული ბრძოლა გადახდა თავს. თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე 28 წამით ადრე მეორე ბრძოლაც იპონით მოიგო. ნოზაძის მესამე მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძე იყო, ჩვენებურმა ისევ დაჯაბნა მოწინააღმდეგე და მიჯრით მესამე დაპირისპირება მოიგო სუფთად, ამჯერად წუთსა და 25 წამში.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოსტი კვლავ შეუდარებელი იყო და მონღოლი ამარტუვშინ დაშდავაა 2:41 წუთში იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ნოზაძის მეტოქე ბრაზილიელი ფელიპე კიტადაი იყო და თუ იქამდე ქართველი ახერხებდა მეტოქეების იპონით ძლევას, ამჯერად თავად დამარცხდა მატჩის დაწყებიდან წუთსა და 36 წამში. ამრიგად, თემურ ნოზაძემ საქართველოს ნაკრებს ბაქოში პირველი მედალი მოუტანა.

60 კგ-ში კიდევ ერთი ქართველი, ჯაბა პაპინაშვილი გამოდიოდა. ჯაბამ საწყისი ორი მატჩი უკრაინელი არტემ ლესიუკისა და ყაზახი ბაუირჟან ნარბაიევის წინააღმდეგ მოიგო, მაგრამ მესამე წრეში ზემოხსენებულ ბრაზილიელ ფელიპე კიტადაისთან ვაზარით წააგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. პაპინაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლა რეპეშაჟში გააგრძელა, თუმცა პირველი დაპირისპირება ფრანგ ვალიდ ხიართან ვაზარით წააგო და ასპარეზობა დაასრულა.

დღესვე ბაქოშო იჭიდავა ქალთა შორის 52 კგ წონით კატეგორიაში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა, რომელმაც პაპინაშვილის მსგავსად საწყისი ორი შეხვედრა წარმატებით დაასრულა. ჯერ უნგრელი რეკა პუპი ვაზარით დაამარცხა, მერე კი თურქმენისტანის წარმომადგენელი გულბადამ ბაბამურატოვა 14 წამში დიდებული გდებით სუფთად დაამარცხა. მესამე წრეში ლევიცკა-შუკვანი ფრანგ ამანდინ ბუშართან უშანსოდ, 19 წამში იპონით დამარცხდა და ჩვენებურმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პირველივე დაპირისპირება შვეიცარიელ ეველინ შოპთან ასევე ადვილად, 23 წამში იპონით დათმო და უმედლოდ დარჩა.

ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა მარი მახარაშვილმა, რომელიც პირველივე შეხვედრაში პორტუგალიელი ჟოანა რამოსის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა და ასპარეზობასს საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.

ბაქოს გრან სლემი ხვალ მამაკაცთა შორის 73 და 81 კგ წონით კატეგორიაში გაგრძელდება. 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებს, რომელიც შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ბერძენ გეორგიოს აზოდისსა და პუერტო რიკოელ ჯეფრი რუისს შორის გამარჯვებული იქნება.

81 კგ-ში კი ორი ქართველი მოსნჯავს ძალებს. ტატო გრიგალაშვილის პირველ წრეში რუმინელ ვლად ვისანს გაეჯიბრება, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილის მეტოქე მონტენეგროელი სრდან მრვალიევიჩი იქნება.

მამაკაცები. 60 კგ

1. ფელიპე კატადაი (ბრაზილია)

2. თემურ ნოზაძე (საქართველო)

3. იაგო აბულაძე (რუსეთი)

3. ამარტუშინ დაშდავაა (მონღოლეთი)

66 კგ

1. დენის ვიერუ (მოლდოვა)

2. ნიატ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

3. ბოგდან იადოვი (უკრაინა)

3. ბაშჰუ იონდონპერენლეი (მონღოლეთი)

ქალები. 48 კგ

1. ბელანდა მარტინესი (ესპანეთი)

2. ჯულია ფიგეროა (ესპანეთი)

3. კატარინა კოსტა (პორტუგალია)

3. მილიცა ნიკოლიჩი (სერბეთი)

52 კგ

1. ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი)

2. აი შიშიმე (იაპონია)

3. ლარისა პიმენტა (ბრაზილია)

3. გეფენ პრიმო (ისრაელი)

0.198116