რაგბი

23:59 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მილტონ ჰეიგი: „დაგვისახელეთ თანხა - რა ღირს ექვს ერში მონაწილეობა!“

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, ექვსი ერის ორგანიზატორებისგან იმ თანხის დასახელებას მოითხოვს, რომლის სანაცვლოდაც „ბორჯღალოსნებს“ ტურნირში ჩართვის უფლება მიეცემა.

ბოლო პერიოდში ექვსი ერის გახსნაზე, ან მის გაფართოებაზე საუბრები გახშირდა და ყველა საღად მოაზროვნე სპეციალისტი რაგბის განვითარებისთვის ამის აუცილებლობაზე მიუთითებს, მაგრამ ტურნირის ორგანიზატორი ჯონ ფიენი ამას არაფრად აგდებს და ღიად აცხადებს - ტურნირი კომერციულია, ფინანსურ მოგებაზე ვართ ორიენტირებული და სულ არ გვაინტერესებს საქართველო და რუმინეთი, ან კიდევ ვინმე სხვა, განვითარდება თუ არაო.

ასეთ სიტუაციაში ახალ ზელანდიელმა სპეციალისტმა ESPN-ის მეშვეობით ფიენს ერთადერთი სწორი გზავნილი გაუგზავნა:

„საქართველოში რაგბის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ კონკურენტუნარიან ტურნირში, უფრო ძლიერ მეტოქეებთან ვთამაშობდეთ. თუ ექვს ერზე მიერთება ფული ღირს, დაგვისახელეთ კონკრეტული თანხა! დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო და სპონსორები სიხარულით გამონახავენ ამ თანხას. ჩვენი ჩართვით არა მხოლოდ კონკურენცია და დონე გაიზრდება, არამედ მასში ჩართვის ღირებულება კიდევ უფრო ამაღლდება“.

ჰეიგის აზრს იზიარებს რაგბი ევროპის პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუც:

„აუცილებელია განისაზღვროს კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დავაკმაყოფილოთ. შესაძლოა, ეს არც იყოს უახლოესი მომავლის ამოცანა, მაგრამ ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ“.

კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობაზე საუბრობდა საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძეც, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ექვსი ერი უბრალოდ ვალდებული იქნებოდა საქართველოსთვის კარი გაეხსნა.

www.worldrugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133183