ფეხბურთი

13:25 | 14.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “ახალ მწვრთნელს სრული ინფორმაცია აქვს ნაკრების შესახებ და გუნდის გაცნობას ახლა არ იწყებს”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელის წარდგენისას აღნიშნა, რომ ვლადიმირ ვაისი გუნდის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს. კობიაშვილის განცხადებით, მწვრთნელის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება მის სანაკრებო გამოცდილებას მიექცა.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “ვლადიმირ ვაისთან მოლაპარაკება თვენახევარი მიმდინაროებდა. შეხვედრები ძირითადად ქვეყნის გარეთ შედგა, ხოლო ბოლო შეხვედრა იყო თბილისში, როცა ვაისმა დეტალურად ნახა თუ სად იმუშავებდა და როგორ. რაც შეეხება რატომ შევრჩიეთ ეს კანდიდატურა – პირველ ყოვლისა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო გვენახა ისეთი მწვრთნელი, რომელსაც სანაკრებო გამოცდილება ჰქონდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვაისი საქართველოს ნაკრებში პირველი მწვრთნელია, რომელსაც ნაკრებში მუშაობის გამოცდილება გააჩნია. მას წარმატება როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე ჰქონდა. სლოვაკეთის ნაკრების ჯერ მუნდიალზე გაიყვანა და მერე ჯგუფური ეტაპიც დაძლია.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა, ხელშეკრულება არის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ბოლომდე. რაც შეეხება პირობებს, ჩვენ ბოლო პერიოდში ვსაუბრობდით ყოფილი მწვრთნელის პირობებზე და ზუსტად იმ პირობებს მოიცავს, რომელიც ჩვენ მას შევთავაზეთ. პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენი ნაკრების მწვრთნელს ექნება ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი შედეგის მიხედვით. დასაფასებელია ამ ადამიანის პოზიცია, რადგან ჩვენს ყველა შეხვედრაზე არ ყოფილა ფინანსურ მხარეზე საუბარი. ყოველთვის მთავარი იყო ჩვენი მიზნები და რა შედეგზე ვიმუშავებდით. მოხარულები ვართ, რომ იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და წარმატებებს ვუსურვებ მას ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებს მომდევნო შესარჩევ ციკლში.

ბატონ ვლადიმირს უკვე წარმოდგენა აქვს ქართველ ფეხბურთელებზე და ამ თვენახევრის განმავლობაში დეტალურად ეცნობოდა ჩვენს ნაკრებს. იგი სრულად ინფორმირებულია ჩვენი გუნდის შესახებ და გაცნობა ხვალიდან არ მოუწევს”.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დღეს დაამტკიცა. სლოვაკ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამავდროულად, ხელშეკრულება შეწყდა კახა ცხადაძესთან, რომელიც კომპენსაციას მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114754