ჭიდაობა

23:06 | 10.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილის მეორე ევროპული ოქრო (+VIDEO)
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია

რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს შეჯიბრების მასპინძელ დარბაზში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა – პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ავიდა.

61 კილოგრამ წონით კატეგორიაში სულ 13 მოჭიდავე შეიკრიბა. ხინჩეგაშვილს პირველ მეტოქედ მაკედონიელი იასინ რედიალარი ერგო და მოლოდინისამებრ, ადვილად ჩამოიშორა – 10:0. შემდეგ მოწინააღმდეგეს - სომეხ ვალოდია ფრანგულიანს 5:0 აკმარა.

შედარებით მძიმე ბრძოლა კი ნახევარფინალში გადაიტანა, აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევთან. პირველი პერიოდი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ალიევის გაფრთხილებით მიღებული ქულით 1:0 მოიგო. მეორე პერიოდში 1:2 ჩამორჩა, მაგრამ ბოლო წუთნახევარში ანგარიში ისევ სათავისოდ შეატრიალა და საბოლოოდ 4:2 იმარჯვა.

გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველმა მსუბუქწონოსანმა ბელარუს ჰეორჰი კალიეუს ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, 6:1 სძლია და ევროპოდიუმის უმაღლეს საფეხურზე მეორედ ავიდა. პირველად ეს 2 წლის წინ შეძლო.

დღესვე, კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები 74 კილოგრამშიც გამოვლინდნენ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ჩემპიონატზე მეოთხე მედალი იაკობ მაქარაშვილმა მოუტანა. ოქრო-ვერცხლის შანსი მან პირველსავე შეხვედრაში დაკარგა, აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვთან წაგებით (0:5), მაგრამ ცოტა ხანში დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, მას შემდეგ, რაც ჰასანოვმა ფინალის საგზური გაინაღდა.

ბრინჯაოს გზაზე მაქარაშვილმა ორი ეფექტური გამარჯვება მოიპოვა. ჯერ უკრაინის ნაკრების წევრ გია ჩიხლაძეს აჯობა 10:0, ხოლო შემდეგ, ასეთივე ანგარიშით, სულ რაღაც 4 წუთში გაუსწორდა ბულგარელ მიროსლავ სტეფანოვს.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევრომედლების ბოლო ორი კომპლექტი ხვალ გათამაშდება. საქართველოს სახელით კონკურენციაში დავით ტლაშაძე (70 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ჩაებმებიან.

თავისუფალი ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

რიგა

10 მარტი

61 კგ

1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)

2 ჰეორჰი კალიეუ (ბელარუსი)

3 ჰაჯი ალიევე (აზერბაიჯანი)

3 ივან გუიდეა (რუმინეთი)

74 კგ

1 სონერ დემიტრაში (თურქეთი)

2 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

3 იაკობ მაქარაშვილი (საქართველო)

3 ზაურ მაკიევი (რუსეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112498