ფეხბურთი

10:41 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილი: "მიხარია, რომ საყვარელ კლუბში ვასრულებ კარიერას"
“მნიშვნელოვანია, ფეხბურთელმა სწორად შეარჩიოს წასვლის დრო”

1 მარტს საღამოს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და VTB ბანკს შორის კონტრაქტი გაფორმდა, აღნიშნული ბანკი საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. შეხვედრაზე ალექსანდრე იაშვილიც იმყოფებოდა. 38 წლის იაშვილი დღესაც კი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში და საწყენია, რომ ასეთი ფეხბურთელი ზაფხულში დაასრულებს კარიერას.

გულშემატკივარმა 22 წლის წინ გაიცნო იაშვილი, რომელსაც გოლი გოლზე (ხშირად გოლები გოლებზე) გაჰქონდა თბილისის “დინამოში”, მერე იყო ხანგრძლივი კარიერა გერმანიაში და ვფიქრობთ, ზედმეტია შეხსენება, სად, რომელ კლუბებში იყო და ეროვნულ ნაკრებშიც როგორ თამაშობდა.

worldsport.ge ალექსანდრე იაშვილს ესაუბრა:

- ფეხბურთის განვითარების პროგრამა რომ გამომზეურდა, კლუბების ხელმძღვანელებშიც შეინიშნება ოპტიმიზმი და დღეს უკვე VTB ბანკი გახდა ნაკრების გენერალური სპონსორი. რას იტყვით ამ ხელშეკრულების შესახებ და რამდენად მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესის როლი?

- რა თქმა უნდა, სხვაგვარად არ გამოვა. კერძო ბიზნესის აქტივობა აუცილებელია, დღეს მთელ მსოფლიოში ფეხბურთი ბიზნესია და წინ უნდა გავიხედოთ. მოქმედება ამ მხრივ დაწყებულია და ეს ძალიან კარგია. მოხარული ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებს ეყოლება გენერალური სპონსორი და VTB ბანკს მადლობა უნდა გადავუხადოთ. მჯერა, თანამშრომლობა წარმატებული იქნება.

- თბილისის “დინამოზე”: რამდენად პროგრესირებს გუნდი ამ პერიოდში და რამდენად ხედავთ მომავალს ახალგაზრდა ფეხბურთელებში, რომლებიც “დინამოში” მრავლად არიან?

- ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს “დინამოს”. ვხედავ, გუნდი წინ მიდის, თვიდან თვემდე ეტყობა პროგრესი და ამას დაუმატეთ ის ფაქტი, რომ “დინამოში” მოვიდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. მათ გვერდში ახალგაზრდები ბევრს ისწავლიან, მითუმეტეს, ახალგაზრდებს ვატყობ, რომ მუშაობენ თავიანთ თავზე და დიდი ფეხბურთის თამაში უნდათ. გამოცდილი ფეხბურთელების დაბრუნება ყოველთვის ლამაზი და საინტერესოა. დღეს ნათლად ჩანს, “დინამოში” უკვე 7-8 მოთამაშეა, რომლებიც ან ნაკრების წევრია, ან კანდიდატი.

- ადრე თქვი, რომ 2016 წლის მაისში დაასრულებდი კარიერას და ზაფხულში ევროტურნირებზე აღარ ითამაშებდი. ხომ არ შეცვალე გადაწყვეტილება?

- არა, სეზონის ბოლოს თამაშს თავს დავანებებ.

- რატომ ანებებ: ფედერაციის აღმასკომში რომ ხარ და უკვე ფუნქციონერადაც რომ ითვლები, თუ ასაკის გამო?

- ფედერაციის აღმასკომში რომ ვარ, ეს ფაქტორიც არსებობს, თუმცა... ფეხბურთელმა სწორი დრო უნდა შეარჩიოს კარიერის დასასრულებლად. ვფიქრობ, რომ ამ სეზონის ბოლოს იდეალური დრო იქნება. მინდა, ჩემპიონობა და თასი მოვიგო, რათა კმაყოფილი და თავაწეული წავიდე. ამის კარგი შანსი მაქვს. განსაკუთრებით მიხარია, რომ საყვარელ კლუბში ვასრულებ კარიერას. გუნდში, სადაც დავიწყე თამაში და რომელმაც ბევრი რამ მომცა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბოლოს მაინც “დინამოს” მაისურით დამემთავრებინა კარიერა.

- ალექსანდრე იაშვილის გაცილების მატჩს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- არ ვიცი, ვნახოთ. შესაძლებელია.

0.122489