ჭადრაკი

21:33 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ გრან-პრი ზედიზედ 3 მარცხით დაასრულა

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე (2529) ფიდე-ს გრან-პრის II ეტაპის 8 ტურის თავზე ტურნირის სათავეში იმყოფებოდა, ბოლო 3 (!) პარტია კი წააგო და 6.5 ქულით ასპარეზობა მე-5 ადგილზე დაასრულა.

ირანის დედაქალაქ თეირანში დასრულებული შეჯიბრის დასკვნით ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით ნატალია პოგონინასთან (2454) დამარცხდა და რუს მოჭადრაკეს, რომელსაც მე-4 პოზიცია ერგო, დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

საბოლოოდ, პირველობა ჩინელ ვენჯუნ ჟუს (2558) ერგო, რომელიც ინდოელ დრონავალი ჰარიკას (2511) დაუზავდა და თავი 7.5 ქულას მოუყარა.

ჩემპიონს 0.5 ქულით ჩამორჩნენ ტურნირის უმთავრესი სენსაცია სარასადატ ხადემალშარიეჰი (2403) და ჩინელი ქსუე ჟაო (2506). აღსანიშნავია, რომ ირანელმა მოჭადრაკემ პირველი მარცხი სწორედ ბოლო ტურში უკრაინელ ნატალია ჟუკოვასთან (2484) განიცადა, არადა, გრან-პირის მოგების შანსიც კი ჰქონდა.

თეირანული ტურნირი ბოლო ადგილზე დაასრულა ნინო ბაციაშვილმა (2485), რომელმაც მე-11 ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა. ნინომ შავი ფიგურებით შვედ პია კრამლინგს (2521) სძლია და მართალია, ანტუანეტა სტფანოვას (2509) დარად, 3.5 ქულა მოაგროვა, ბულგარელ მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

0.114899