ფეხბურთი

18:30 | 18.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

აგვისტოდან სამთვიანი გარდამავალი ჩემპიონატი, 2017 წლიდან კი გაზაფხული-შემოდგომაზე 10-გუნდიანი ლიგებით
ბევრისმომცველი პროგრამა

ქართული ფეხბურთი 1990 წელს გახდა დამოუკიდებელი და მას შემდეგ მუდმივად იყო საუბარი განვითარების პროგრამაზე, თუმცა გადიოდა წლები, ეს პროგრამა კი, ამოქმედებას ვინ ჩივის, ფურცელზეც კი ვერ დაიწერა. ამჯერად პროექტი მზადაა. ამ წუთებში პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”, თუმცა გუშინ საღამოს ჟურნალისტები სასტუმრო “რუმსში” გავეცანით – ეს დახურული შეხვედრა იყო, დღეს კი ოფიციალური პრეზენტაციაა.

როგორც იცით, პროგრამა 5 წელიწადზეა გაწერილი და ჯამში 265 მილიონი ლარის დახარჯვას მოიცავს.

ისაუბრეს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტებმა – კახა ჭუმბურიძემ და ნიკა ჯღარკავამ.

რევოლუციური პროექტია ის, რომ ეროვნული ჩემპიონატი 2017 წლის დასაწყისიდან გაზაფხული-შემოდგომის სისტემით გაიმართება. დაიწყება მარტში და დასრულდება ნოემბერში. მათშორის, იქნება შესვენება – ევროტურნირების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. და უმაღლესი ლიგა (ასევე პირველიც) იქნება 10-გუნდიანი.

უფრო დეტალურად: მიმდინარე სეზონი რომ დასრულდება, აგვისტოში დაიწყება გარდამავალი ჩემპიონატი, რომელიც სამ თვეს გასტანს, ანუ ნოემბერში დასრულდება. გარდამავალი ჩემპიონატი იქნება 16 გუნდიანი, ოღონდ 8-8 გუნდიანი ჯგუფებით, ორ წრედ (14 ტურად) და გამოვლინდება თითოეული ადგილი. ორი ჯგუფის გამარჯვებულები ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს და ასე გამოვლინდება ჩემპიონი. ჯგუფის მეორეადგილოსნები მესამე ადგილისთვის ითამაშებენ და ა.შ.

დავკონკრეტდეთ ევროტურნირებზე გასვლის კუთხით: 2017/2018 წლების ევროტურნირებზე გუნდები გავლენ სწორედ გარდამავალ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგის მიხედვით. 2018/2019 წლების ევროტურნირებზე კი გავლენ 2017 წელს, უკვე 10-გუნდიან უმაღლეს ლიგაში ნაჩვენები შედეგის მიხედვით.

ლიგიდან გავარდება 6 გუნდი და არავინ არ გადმოვა. დარჩება 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგა და დაიწყება სეზონი 2017 წლის მარტში.

უხერხულობის მომენტი: რატომ ვერ გადმოვა გუნდი პირველი ლიგიდან? ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ პირველი ლიგის გუნდებიდან გადმოსვლის სურვილი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ გუნდს აქვსო, ლიცენზირების სურვილიც არ გამოუხატავთო.

მოკლედ, 2017 წლის მარტიდან უმაღლესი ლიგაც 10-გუნდიანი იქნება და პირველი ლიგაც. ანუ, უმაღლესი ლიგიდან გავარდნილ 6 გუნდს დაემატება პირველ ლიგაში საუკეთესო 4 გუნდი. მეორე ლიგაში 20 გუნდი იქნება, რომლებიც ორ 10-გუნდიან ჯგუფებად წარმართავენ ჩემპიონატს. პლუს, შეიქმნება მესამე ლიგაც, სადაც გუნდების რაოდენობა ჯერ არ დადგენილა.

ანუ, ჯამში 4 ლიგა იქნება. კობიაშვილმა და ჯღარკავამ გვითხრეს, რომ ლიგებს სხვა სახელი დაერქმევა და სავარაუდოდ, ასე: უმაღლეს ლიგას ერქმევა პროლიგა 1, პირველ ლიგას – პროლიგა 2, მეორე ლიგას – ეროვნული ლიგა 1, მესამე ლიგას – ეროვნული ლიგა – 2.

დუბლების ჩემპიონატის ნაცვლად გაიმართება 19-წლამდელების ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებულიც უეფას ახალგაზრდულ ლიგაში გავა (სადაც შარშან “საბურთალო” იყო). კობიაშვილმა მარტივად ახსნა, რომ დუბლების ჩემპიონატი უმოტივაციოა და უმაღლესი ლიგის კლუბებს შეუძლიათ, რომ გააკეთონ მეორე გუნდი, რომელიც ითამაშებს ეროვნულ ლიგა 2-ში და იქ მისცენ პრაქტიკა პირველ გუნდში უთამაშებელ ფეხბურთელებს. ოღონდ, ამ მეორე გუნდებს ზედა ლიგაში გადასვლის საშუალება არ ექნებათ. მაგალითად, შეიძლება ჩამოყალიბდეს “დინამო 2”, მაგრამ ლიგებში ზემოთ ვერ დაწინაურდება.

ეროვნული ლიგა 1 და ეროვნული ლიგა 2 (ანუ, რანგით მესამე და მეოთხე ლიგები) იქნება სამოყვარულო. სფფ-მ ის ფაქტი გაითვალისწინა, რომ ტოტალიზატორები არ ბოლო დროს მოედნენ ჩვენი ჩემპიონატის მეორე ლიგას, ხოლო სამოყვარულო ლიგა რომ იქნება, უფლება არექნებათ ფსონები განათავსონ. ტოტალიზატორში სამოყვარულო სტატუსის მქონე მატჩების შეტანა იკრძალება.

მაშ ასე, დუბლების ნაცვლად 19-წლამდელები. შემდეგ იქნება 17-წლამდელთა ჩემპიონატი, 15-წლამდელთა ჩემპიონატი და კიდევ, 13-წლამდელთა რეგიონთა თასი. როგორც იცით, 13 რეგიონული ფედერაციაა და თითოეულს ეყოლება ნაკრები, მათ დაემატება თბილისის ორი ნაკრები, ერთიც სკოლების ნაკრები და ყოველწლიურად გაიმართება 16-გუნდიანი ჩემპიონატი 13-წლამდელებს შორის. გოგონებისთვის კი 15-წლამდელთა რეგიონთა თასი და 11-წლამდელთა სკოლის ჩემპიონატი გაიმართება. ეს ყველაფერი მასობრიობას გაზრდის.

დაფინანსების პროგრამაში შეტანილია პლაჟის ფეხბურთი, ზამთრის “მასტერსი” (სავარაუდოდ, ახალ სპორტის სასახლეში) და ინვალიდ-ამპუტანთა ლიგა, რომელიც აქამდეც ტარდებოდა, მაგრამ უფრო პოპულარული სახე მიეცემა.

ჯღარკავამ ისაუბრა რეგისტრირებული ფეხბურთელი ბავშვების ნაკლებობაზე, რაზეც ადრეც არაერთხელ დაგვიწერია, მაგრამ აი, რიცხვები: 8 წლის ასაკში რეგისტრირებულია 460 ფეხბურთელი, 9 წლის – 560, 10 წლის – 1400, 11 წლის – 1460, 12 წლის – 1720, 13 წლის – 1500, 14 წლის – 1400.

საფეხბურთო სკოლებს (ან აკადემიებს) მიენიჭებათ კატეგორიზაცია. როცა ვიკითხეთ, თუ რატომ, ჯღარკავამ გვიპასუხა: მშობელმა თავად გადაწყვიტოს, თუ სად მიიყვანოს ბავშვი ფეხბურთზე და ბუნებრივია, შეძლებისდაგვარად ყველას მოუნდება, რომ უმაღლესი კატეგორიის სკოლაში მიიყვანოს. საქმე ისაა, რომ დღეს ამ რეგისტრირებული ბავშვებისა და ჭაბუკების გარდა, არიან არარეგისტრირებულებიც, რომლებიც ეზოებში ვარჯიშობენ გაურკვეველი პროფესიის მქონე “მწვრთნელებთან”. მერე კი, როცა კატეგორიზაცია იქნება, მშობელი აღარ მოტყუვდება.

მედიაპროექტზე: კითხვა დაისვა, ზედმეტად ბევრი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ხომ არაა? ყველამ იცის, რომ ხელოვნურები ტრავმის ალბათობას (უმცროს ასაკში, “შლატერის”) ზრდის. კობიაშვილმა თქვა, რომ 10-გუნდიან უმაღლესში თამაშები მხოლოდ ბალახზე გაიმართება, აუცილებელი იქნება სატელევიზიო გაშუქებაც. მზადდება მედიაპროექტი, რომელიც ჩემპიონატს მაღალ დონეზე გააშუქებს – როგორც ტელევიზიით, ასევე სოციალურ ქსელებსა და ბეჭდურ მედიაში. ეს შეეხება როგორც მატჩებს, ასევე წინასამატჩო ამბებსაც და შემდეგ, ტურის მიმოხილვებსაც. ამაზე კიდევ მიდის მუშაობა.

ითქვა ერთიან ფონდზეც, რომელიც კლუბებს დაეხმარება შეკრებების, ტურისტული მომსახურებების ორგანიზებაში. ასევე, ბურთებისა და ეკიპირების შეძენაში, სამედიცინო მომსახურებაში, ტრანსპორტირებასა და სასტუმროების დაჯავშნაში. ერთიანობაში ეს უფრო იაფი დაჯდება (სულ მცირე 30 პროცენტით იაფი), ვიდრე ისე, გუნდებმა რომ ცალ-ცალკე გააკეთონ.

განათლება: იქნება საფეხბურთო მენეჯერის კურსები, რომელიც აქამდეც არსებობდა, მაგრამ ინგლისურ ენაზე. სექტემბრიდან ეს იქნება ქართულადაც; მსაჯთა აკადემიისა და რეკრუტირების პროექტი, რომელიც გასწევს მსაჯის, როგორც პროფესიის, პროპაგანდას. ეს იმიტომ, რომ მსაჯების რაოდენობამაც მნიშვნელოვნად იკლო; ფიზმომზადების მწვრთნელთა კურსები – ყველამ იცის, ამ მხრივ ძალიან ჭირს, არაერთ ქართულ გუნდს უცხოელი ფიზმომზადების სპეციალისტი ჰყავს; მწვრთნელ-ანალიტიკოსთა კურსები – კარგა ხანია, ეს მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მსოფლიოში, მაგრამ ჩვენში ჯერ კიდევ ვერ მოიკიდა ფეხი; სპორტულ მედიკოსთა გადამზადების კურსები.

გარდა ამისა, დამწყები მწვრთნელებისთვის დ ლიცენზია შემოიღება და ვინც დ ლიცენზიას აიღებს, განახევრებულ ფასში შეეძლება ც კატეგორიაზე გასვლა. ხელმისაწვდომი გახდება ბ, ა და პრო-ლიცენზიების კურსებზე გავლა. საერთოდ, ეს ძვირი ფუფუნებაა. მაგალითად, ც ლიცენზიის კურსები 400 ლარი ღირს, ბ – 800.

კობიაშვილმა და ჯღარკავამ აღნიშნეს, რომ აქამდე სახელმწიფო ფეხბურთს არამიზნობრივად ახარჯავდა ფულს. უცნობი იყო, ვის რა დამსახურებით და კრიტერიუმებით აფინანსებდნენ, რა ამოცანას უსახავდნენ, ანუ განუკითხაობა იყო.

“სახელმწიფო სახსრებს ფონდი განაგებს, საიდანაც დაფინანსდება კიდეც განვითარების პროგრამები, იქიდან დაფინანსდებიან კლუბები და სახელმწიფო სკოლები, სფფ-ს კი ფიფა-უეფასა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება დარჩება (რაც აქამდე იყო). ანუ, სფფ-ს ფონდის ფულთან შეხება არ ექნება. ანუ, რაც აქამდე იხარჯებოდა ფეხბურთში, ახლაც დაახლოებით იმდენი დაიხარჯება, მაგრამ მიზნობრივად. გადავხედოთ, ასაკობრივ ნაკრებებში ფეხბურთელთა 90 პროცენტი კერძო კლუბებშია გაზრდილი: “დინამოში”, “საბურთალოში”, “ლოკომოტივში”... საბიუჯეტო კლუბებში ახალგაზრდების წინ წამოწევის ტენდენცია არც ჰქონიათ. პროგრამა სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ მიდგომას შეცვლიან. ვიცით, რომ საბიუჯეტო კლუბების წარმომადგენლები ჩივიან თანხის სიმცირეზე, მაგრამ მეტი რომ ჰქონდეთ, უნდა იმუშაონ და ფული შემოიტანონ კლუბში. თუ არ შეუძლია, მაშინ რატომ არის კლუბის ხელმძღვანელი ეს პიროვნება? ამ პროგრამის მიხედვით, უკვე თავადაც დაინტერესებული იქნება, რომ კლუბში დამატებით თანხა შეიტანოს, თუ არადა, მუდმივად არავის აქვს თანამდებობა გარანტირებული. გარანტიას, რომ აუცილებლად მოვლენ სპონსორები, მე ვერავის მივცემ, მაგრამ პროგრამა ზუსტადაა მორგებული იმისთვის, რომ მოიზიდონ კლუბების ხელმძღვანელებმა” – თქვა კობიაშვილმა.

კითხვა დავსვით “ზესტაფონთან” დაკავშირებითაც – რომელ ლიგაში დაიწყებს ეს კლუბი, თუ ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს? კობიაშვილმა აღნიშნა, რომ “ზესტაფონს” კარგი ინფრასტრუქტურა აქვს, მაგრამ არსად არ მონაწილეობს და სპორტულ პრინციპებს ვერ დაარღვევს და გამონაკლისს ვერ დაუშვებს. გამოდის, რომ თუ “ზესტაფონი” ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, რანგით მეოთხე ლიგაში (ეროვნული ლიგა 2) უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზე ასეა და ვნახოთ.

ახლა კი უშუალოდ კლუბების დაფინანსების სისტემაზე (საბაზისო თანხა, სტიმულირება, პრემიალური) თავისი რიცხვებით:

მიმდინარე სეზონში, ანუ მეორე წრეში:

უმაღლესი ლიგა: საბაზისო – 800 000 ლარი, სტიმულირება – 400 000, პრემია – 750 000.

პირველი ლიგა: საბაზისო – 300 000, სტიმულირება – 50 000

მეორე ლიგა: საბაზისო – 50 000

გარდამავალი ჩემპიონატი (2016 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე)

უმაღლესი ლიგა: საბაზისო – 600 000, სტიმულირება – 300 000, პრემია – 600 000

2017 წლების ჩემპიონატი (10-გუნდიანი, მარტიდან ნოემბრამდე)

უმაღლესი ლიგა (პროლიგა 1): საბაზისო – 1 000 000, სტიმულირება – 500 000, პრემია – 6 000 000, საპრიზო ფონდი - 6 000 000.

პირველი ლიგა (პროლიგა 2): საბაზისო – 700 000, სტიმულირება – 300 000, პრემია – 3 000 000.

მეორე ლიგა (ეროვნული ლიგა 1): საბაზისო – 250 000, სტიმულირება – 50 0000.

მესამე ლიგა (ეროვნული ლიგა 2): საბაზისო – 40 000.

რა შემთხვევაში იქნება სტიმულირება? საბაზისოს გარდა, თუ კიდევ მოიძიებ სპონსორს, ფონდიც იძლევა 400 000 ლარს. ფეხბურთელს თუ გაყიდი მაგალითად 100 000 ლარად, ფონდიც ამატებს 100 000-ს, თუმცა თუ 500 000-ზე ძვირად გაჰყიდი, ან ძლიერ სპონსორს მოიზიდავ, 400 000-ს იძლევა ფონდი. სტიმულირების მხრივ, ერთ კლუბზე მაქსიმალური თანხა 400 000 ლარია.

მონიტორზე გვაჩვენეს, თუ როგორი იქნება საპრემიო სისტემა. თითოეულ ქულას ექნება მნიშვნელობა და ბოლოადგილოსანსაც კი, რომელსაც უმაღლესში დარჩენის შანსი არ ექნება, ბოლო ტურშიც შეუნარჩუნდება ფინანსური მოტივაცია. თითოეულ ქულაზეა გათვლილი. შესაძლოა, 10-გუნდიან ჩემპიონატში გამარჯვებულმა 3,5 მილიონამდე მიიღოს. სოლიდურ თანხას, დაახლოებით 1,8 მილიონს ლარს აიღებს ბოლოადგილოსანიც. ეს უხეშად, ქულების სავარაუდო დათვლის შედეგად. პირველი ლიგის გამარჯვებულმა, შესაძლოა, უმაღლესლიგელზე მეტი მიიღოს.

ჩიხურა   3 - 2    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 0    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ცხინვალი   1 - 1    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   1 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

სამტრედია   1 - 2    სიონი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   5 - 0    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.298291