ჭადრაკი

22:07 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა ყაიმები თეირანში

ერთდღიანი პაუზის შემდეგ, განახლდა ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო გრან-პრის მე-2 ეტაპის გათამაშება, რომელსაც ირანის დედაქალაქი თეირანი მასპინძლობს.

საინტერესოა, რომ მე-5 ტურში ექვსიდან ხუთ პარტიაში ყაიმი აღინიშნა. შეჯიბრის ერთ-ერთი ლიდერი ნანა ძაგნიძე (2529) თეთრი ფიგურებით ჩინელ ქსუე ჟაოს (2506) დაუზავდა, ხოლო ნინო ბაციაშვილმა (2485) ყაიმი შავებით უკრაინელ ნატალია ჟუკოვასთან (2484) გააფორმა.

შედეგად, ძაგნიძემ 3.5 ქულა მოაგროვა და ისევ 0.5 ქულით ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერ ნატალია პოგონინას (რუსეთი, 2454), რომელიც თეთრებით ირანელ სარასადატ ხადემალშარიეჰს (2403) დაუზავდა.

ცნობისთვის, ამ უკანასკნელს ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგი კი გააჩნია, თუმცა, ხუთივე გასული პარტია ფრედ დაასრულა და 12 მონაწილეს 2.5 ქულით მეექვსე-მერვე ადგილებს ინაწილებს.

მხოლოდ 1.5 ქულა აქვს აქტივში ბაციაშვილს, რომელიც ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვასთან (2509) ერთად მეათე-მეთერთმეტე პოზიციებს იყოფს, მათ უკან კი მხოლოდ შვედი პია კრამლინგია (2521) 1.0 ქულით.

მე-6 ტურში, რომელიც 7 თებერვალს შედგება, ბაციაშვილი თეთრი ფიგურებით ხსენებულ ხადემალშარიეჰს გაეჯიბრება, ძაგნიძე კი შავებით ჟუკოვას დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ თეირანის ეტაპი ტრადიციულად თერთმეტ ტურად მიმდინარეობს და 23 თებერვალს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126365