ჭადრაკი

0:30 | 23.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნონა” მაქსიმალური შედეგით ლიდერობს!

ქართული საჭადრაკო კლუბი “ნონა” მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უდანაკარგო სვლას განაგრძობს. ქართველმა მოჭადრაკეებმა ზედიზედ მე-5 ტურში იმარჯვეს და დამაჯერებლად ლიდერობენ.

ქართველთა მორიგი მსხვერპლი ჰოლანდიური “სტუკენიაგერსი” შეიქმნა. ნანა ძაგნიძემ (2573) ანე ჰაასტს (2384) სძლია, ბელა ხოტენაშვილმა (2502) – ბიანკა დე იონგ-მურენს (2300), ნინო ბაციაშვილმა (2500) – ლინდა იაპ ტიოენ-სან (2183), ხოლო ლელა ჯავახიშვილი (2463) თეა ლანჩავას (2276) დაუზავდა.

შედეგად, “ნონამ” 3.5:0.5 მოიგო, 10 ქულა მოაგროვა და ევროპის საკლუბო პირველობას მაქსიმალური შედეგით ლიდერობს. მე-2 ადგილზე 8.0 ქულით მაკედონიური “გამბიტია”, მესამეზე კი – რუსული “უგრა” (7.0 ქულა).

მე-6 ტურში ქართული კლუბის მეტოქე რუსული “სპბ” იქნება, რომელსაც 4 ქულით 12 მონაწილეს შორის მე-9 საფეხური უკავია. რუსული კლუბის ღირსებას ანასტასია ბოდნარუკი (2459), ევგენია ოვოდი (2328), დიანა ბელენკაია (2352), ალინა ბალაიანი (2269) და კარინა აზიმოვა (2054) იცავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105313