ფეხბურთი

20:19 | 7.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე: “გიბრალტარს პატივს ვცემთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე და ნახევარმცველი ალექსანდრე კობახიძე გიბრალტართან გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გამოცხადდნენ და ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

კახა ცხადაძე: “როგორც იცით ბევრი ტრავმირებული გვყავს. ჯანო ანანიძე, ბუბა დაუშვილი, ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე დაგვაკლდებიან. არსებული რესურსიდან გამომდინარე კი, ვფიქრობ შემადგენლობა იდეალურია. ხვალ ჩვენ ვეთამაშებით ნაკრებს, რომელიც ბოლო ადგილზეა, ბევრ გოლს უშვებს და ქულა არ აუღია, თუმცა მათ პატივს ვცემთ და ძალიან სერიოზულად ვემზადებით სათამაშოდ. ჩვენ გვაქვს სტრატეგია და ყველა მოთამაშემ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს. არ წავალთ თავქუდმოგლეჯილები წინ და დაცვაშიც ყურადღებით ვითამაშებთ. ხვალინდელ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი, ასევე თამაშის ხარისხი.

-როგორც ადრე განაცხადეთ, ორი ფორვარდით ითამაშებდით, აპირებთ თუ არა ამას ხვალ?

- როგორც ვთქვი ჩვენ ერთი შემტევით მეტი გვეყოლება, გვაქვს რამდენიმე სქემა და ხვალ გადავწყვეტთ როგორი სტრატეგია გვექნება.

-მოასწარით თუ არა ლევან კობიაშვილთან სამომავლო გეგმებზე საუბარი?

-პირველ რიგში მინდა ლევანს მივულოცო პრეზიდენტობა და იმედი გამოვთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ლევანის კარგი მუშაობა ნაკრებს ძალიან წაადგება. დიახ, მე შევხვდი მას ორჯერ. ის გუშინ ვარჯიშის შემდეგაც იყო და ნაკრების წევრებს ესაუბრა. მისთვისაც უახლოესი ორი მატჩი უმნიშვნელოვანესია.

-რას იტყვით ჭანტურიაზე, რომელმაც “დუისბურგში” დებიუტი გოლით აღნიშნა, ხომ არ აპირებთ გერმანიასთან მის დამატებას?

-წარმატებული დებიუტი გუშინვე მივულოცე და ძალიან მიხარია, ასე კარგად რომ დაიწყო გიორგიმ, თუმცა ის მხოლოდ ერთი კვირაა “დუისბურგშია” და იქ შეგუება სჭირდება. მთავარია, რომ ის გერმანულ საწვრთნელ პროცესს შეეგუოს და ყველაფერი კარგად იქნება, ეს პირადად მაქვს გამოცდილი. გიორგი ძალიან ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ძალიან წაადგება ნაკრებს.

-გაგიჭირდათ თუ არა ინფორმაციის მოპოვება გიბრალტარზე და რას იტყვით ხვალინდელ მატჩში?

-ისეთ დროში და ქალაქში ვცხოვრობთ, რომ არაფერი გაგვჭირვებია და გიბრალტარზეც ბევრი ვიცით. ამ ნაკრებს კი ვაფასებთ და პატივს ვცემთ.

-რა კრიტერიუმით შეირჩნენ ალბანეთში მოთამაშე ნიკოლოზ გელაშვილი და ბაჩანა ცხადაძე და რატომ არ არიან ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები?

-ისინი დიდი ხანია, რაც ნაკრების წევრები არიან.

-ბოლო პერიოდში ნუკრი რევიშვილმა “მორდოვიას” შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, უთამაშებელია ლორიაც, ხომ არ აპირებთ გიორგი მაკარიძის დაყენებას?

-ეს დღეს გადაწყდება.

-ენდობით თუ არა ხვალ კაკაბაძეს და სამომავლოდ ებრალიძისა და ლიპარტიას გამოძახება იგეგმება?

-კაკაბაძე ვარჯიშობს და აქტიურად ემზადება ხვალინდელი მატჩისთვის. ითამაშებს თუ არა ჯერ არ ვიცი, მაგრამ ყველა გამოძახებული მოთამაშე ძირითადის ფეხბურთელად ითვლება და თუ ვინ დაიწყებს შეხვედრას ეს სქემიდან გამომდინარე გადაწყდება.

რაც შეეხება ლიპარტიასა და ებრალიძეს, ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და მომავალში შესაძლოა ნაკრებში ვიხილოთ.

-შესარჩევ ციკლს როგორ შეაფასებთ?

-მართებული იქნება მომავალი ორი მატჩის მერე შევაფასოთ.

პრესკონფერენციის ბოლოს ალექსანდრე კობახიძეს მის მდგომარეობაზე შეეკითხნენ, რომელმაც ირლანდიასთან და შოტლანდიასთან მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.

ალექსანდრე კობახიძე: ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამიცდა და ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები გამოვტოვე, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა. ფორმაში შესვლა მოვასწარი და ვეცდები, რომ ხვალ საუკეთესოდ ვითამაშო. მეტოქეს ვაფასებთ, მაგრამ ხვალ მხოლოდ გამარჯვებას ვგეგმავთ. რაც შეეხება გერმანიას, მათი ძალის შესახებ ყველამ ვიცით, თუმცა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124889