კალათბურთი

13:30 | 18.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილს ნბა-ში დაბრუნება სურს

32 წლის ქართველ ფორვარდ ნიკოლოზ ცქიტიშვილს, რომელსაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში არაერთი სეზონი აქვს გატარებული, კიდევ ერთი შანსის მიღება და ნბა-ს რომელიმე კლუბში თამაში სურს. ამ მოულოდნელ ინფორმაციას Denver Post ავრცელებს.

“მართალია, 32 წელი შემისრულდა, თუმცა, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. უფრო ძლიერი და ჭკვიანი გავხდი და თავდაჯერებულობაც მომემატა. თავის დროზე “დენვერმა” ძალიან გარისკა, როდესაც დრაფტზე ჩემი სახით, მორალურად და ფიზიკურად არცთუ კარგად მომზადებული ჭაბუკი აიყვანა. მათ ჩემი სჯეროდათ, მე კი იმედები გავუცრუე. ვგრძნობ, რომ ეს ჩემი ბრალი იყო. უფრო მეტად მობილიზებული უნდა ვყოფილიყავი და მეტი მოთმინება გამომეჩინა.

ახლა, 100-ჯერ უკეთესი ვარ, ვიდრე ვიყავი. ბევრისთვის, ეს, ალბათ, გაუგებარი იქნება, რადგანაც კლუბებში ასაკის გრაფაში არსებულ ციფრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ასეთ ფორმაში მთელი კარიერის განმავლობაში არ ვყოფილვარ. ნბა-ში ფეხის მოკიდების შანსი რომ გავანიავე, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. მანამდე, რამდენიმე სეზონი სხვა ჩემპიონატში რომ მეთამაშა, საქმე გაცილებით უკეთ წავიდოდა. ახლა, თუკი ვინმე კიდევ ერთ შანსს მომცემს, დავამტკიცებ, რომ თამაში შემიძლია”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2002 წელს, დენვერელებმა “სკიტა” დრაფტზე მე-5 ნომრად აიყვანეს, თუმცა, მისგან შესაბამისი სარგებელი ვერ მიიღეს. ქართველმა კალათბურთელმა მოგვიანებით “გოლდენ სტეიტში”, “მინესოტასა” და “ფინიქსშიც” ითამაშა, თუმცა, ფეხი ვერც იქ მოიკიდა. საერთო ჯამში, ნიკოლოზი ოკეანისგაღმურ კარიერაში საშუალოდ 2.9 ქულას და 1.8 მოხსნას აგროვებდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ცქიტიშვილის ლიბანის ჩემპიონატში თამაშობდა, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101962