ფეხბურთი

16:42 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქინქლაძე: “მესიმ თამასა ძალიან მაღლა ასწია”

უეფას სუპერთასის ელჩმა გიორგი ქინქლაძემ უეფას ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მესი რასაც საკლუბო დონეზე აკეთებს წარმოუდგენელია.

-სუპერთასის მატჩი თბილისში პირველად ტარდება. ქართული ფეხბურთისთვის ეს რას ნიშნავს?

-ეს ქვეყნის პრესტიჟს ამაღლებს. მსურს დიდი მადლობა ვუთხრა უეფას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ქვეყნის მთავრობას, რომ ჩვენს დედაქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი ჩატარდება. ეს ჩვენს სახელმწიფოს გამოადგება.

-თბილისში ფეხბურთი რამდენად ძლიერად უყვართ?

-თბილისი ფეხბურთის დიდი კერაა და აქ განსაკუთრებული გულშემატკივრები არიან. მათ სასტარტო სასტვენიდან 10-15 წუთში შეუძლიათ თქვან, რომელი ფეხბურთელი რა დონეზე ითამაშებს. ისინი თამაშს ძალიან კარგად გრძნობენ. თუმცა, ჩემი თაობის გულშემატკივრები მაღალი დონის ფეხბურთს მხოლოდ ნაკრებების დონეზე უყურებენ. ისინი ნაკლებად განიცდიან იმ გრძნობას, რომელიც ჩვენ კვირაში ერთხელ გვქონდა, როდესაც ინგლისში, ჰოლანდიასა და გერმანიაში ვთამაშობდით. ადრე თბილისში ყოველ მატჩზე 70000 გულშემატკივარი იკრიბებოდა. ყველა როგორც ერთი ქომაგობდა თავის გუნდს. ჩვენ ყოველთვის ემოციური გულშემატკივრები გვყავდა. მათთვის ფეხბურთი ყოველთვის იყო და დარჩება ნომერ პირველ სპორტად.

-ქართველი ფეხბურთელებიდან ბავშობაში თქვენი კერპი ვინ იყო?

-თბილისის “დინამოს” თითქმის ყველა მოთამაშე ჩვენი კერპი იყო, მაგრამ თუ რომელიმეს გამოვარჩევდი, მაშინ ყველაზე მეტად მსურდა დავით ყიფიანს დავმსგავსებოდი. მოგვიანებით, როდესაც ფეხბურთელი გავხდი, ყიფიანთან ეროვნულ ნაკრებში ვიმუშავე, რომელსაც ის წვრთნიდა. ასეთ სპეციალისტთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. ყიფიანში როგორც მოთამაშეში ძალიან მომწონდა ის, რომ მაისურზე ათიანი ეწერა. მისი ტექნიკა და სტილი არა მხოლოდ მე, არამედ, მთელ ქვეყანას მოსწონდა. ასეთი ოსტატები იშვითად იბადებიან.

-თავის დროზე საუცხოო დრიბლიორი იყავით. როგორ აფასებთ იმას, რასაც მესი ბურთით აკეთებს?

-მე ალექს ფერგიუსონის ინტერვიუ მოვისმინე, რომელმაც ყველა დიდი მოთამაშე ჩამოთვალა და მესი არ დაასახელა და თქვა, რომ ის არცერთ კატეგორიას არ ეკუთვნის, რადგან ცალკე დგას. საკლუბო დონეზე ის წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებს. მათ ვისაც მაღალ დონეზე უთამაშიათ, იციან, რომ ასე შეიძლება ერთი ან ორი სეზონი ითამაშო, მაგრამ ამდენი რამდენსაც მესი თამაშობს შეუძლებელია. თავიდანვე მან თამასა ძალიან მაღლა ასწია.

-უეფას სუპერთასის მონაწილეებზე რას იტყვით?

-ასეთი მაღალი დონის კლუბებისთვის მთავარი შედეგია. გასულ სეზონში, “ბარსელონამ” თავი საუკეთესო მხრივ წარმოაჩინა. კატალონიელება ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, რაც მრავლისმეტყველია. ამ გუნდის თამაში ძალიან მსიამოვნებს. “სევილიას” თამაშიც მომწონს. ეს ძალიან სერიოზული გუნდია. “სევილიას” დამსახურებაა, რომელმაც ევროპა ლიგა მეოთხედ მოიგო, უეფას სუპერთასს ზედიზედ მეორე წელია ესპანური გუნდები რომ ათამაშებენ. ძალიან საინტერესო მატჩი გველის.

-თქვენ “დინამო არენაზე” გითამაშიათ. რა მოგონებები გაკავშირებთ?

-ყველაზე მეტად ამ სტადიონზე თამაში მომწონდა. სიტყვებით ვერ აღგიწერთ ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავს,

-ყველაზე მეტად საფეხბურთო კარიერაში რა გახსენდებათ?

- ალბათ, დღე, როდესაც “მრეტებიდან” თბილისის “დინამოში” გადავედი. შემდეგ კი, როცა “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი გავაფორმე.

-ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს რას ურჩევთ?

-მათ თავისი საქმე უნდა უყვარდეთ, ვარჯიშზე მისულებმა წვრთნისა და თამაშის გარდა სხვა არაფერზე უნდა იფიქრონ. რა თქმა უნდა, პირობებიც შესაბამისი უნდა იყოს. საქართველოში ნიჭიერი ბავშვები იბადებიან, რომელთაც ფეხბურთის თამაში სისხლში აქვთ. მაღალ დონეზე რომ ითამაშონ, მათი ნიჭის განვითარებაა საჭირო.

Loading...
სტატისტიკა
0.24036