სხვა

14:54 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გაიხსნა

ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის ფარგლებში, თბილისის ზღვაზე ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გაიხსნა. ოლიმპიური სოფელი 50 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. პროექტის სამშენებლო სამუშაოები ჩინურმა კომპანია "ჰუალინგ ჯგუფმა" განახორციელა. კომპლექსი აერთიანებს 9 საცხოვრებელ კორპუსს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანსა და რეკრეაციულ ზონას.

ათლეტების სოფელში 4 000-მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი იცხოვრებს. ფესტივალის მსვლელობის დროს ოლიმპიურ სოფელში ყოველდღე გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.

გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ათლეტების სოფლის მერად ლევან კობიაშვილი წარადგინა და საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ოლიმპიურ სოფელს, როგორც წესი, მერი ხელმძღვანელობს. დღეს მინდა ამ სიმბოლურ, მაგრამ ძალიან საპატიო თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი. გარდა იმისა, რომ ლევანი დიდი ფეხბურთელია, პიროვნული ღირსებებითაც გამოირჩევა, და დარწმუნებული ვარ, ძალებს არ დაზოგავს, რომ ოლიმპიადის თითოეულმა მონაწილემ, ოლიმპიური სოფლის თითოეულმა ბინადარმა კომფორტულად იგრძნოს თავი. ჩვენთან ასეთი მასშტაბის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა ჩვენგანისთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა და ერთგვარი გამოცდილებაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველაფერს ღირსეულად გავართმევთ თავს,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, 8 კორპუსი დევნილებს გადაეცემათ.

ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

პრემიერმინისტრის პრესსამსახური

0.110468