ფეხბურთი

23:12 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძის მე-19 გოლი

დანიის პირველი დივიზიონის 32-ე ტურში “ორჰუსი” სტუმრად “ლიუნგბიუს” დაუზავდა - 2:2. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მათე ვაწაძემ და დავით სხირტლაძემ ითამაშეს. ვაწაძემ 26-ე წუთზე გახსნა ანგარიში და მიმდინარე სეზონში მე-19 გოლი გაიტანა. მათე არ შეუცვლიათ, სხირტლაძე კი 77-ე წუთზე შეცვალეს, დავით დევდარიანი ტრავმირებულია. დანიის 12 გუნდიან პირველ დივიზიონში “ორჰუსი” 58 ქულით მეორე ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას გასავარდნ ზონაში “ზავიშამ” სტუმრად 4:1 დაამარცხა “ბელხატოვი.” “ზავიშას” განაცხადში კვლავ ვერ ვიხილეთ გიორგი ალავერდაშვილი. ექსტრაკლასაში ადგილის შენარჩუნებისთვის 8 გუნდი იბრძვის, “ზავიშა” კი 20 ქულით ბოლო ადგილზეა.

ჩეხეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში “სლოვაცკომ” სტუმრად 3:1 დაამარცხა ლევან ყენიას “სლავია.” ქართველმა ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 58-ე წუთზე შეცვალეს. 16 გუნდიან ჩემპიონატში “სლავია” 34 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა.

რუმინეთის ჩემპიონატის ბოლო, 34-ე ტურში “კრაიოვამ” შინ 3:0 დაამარცხა “კლუჟი,” რომლის სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ჭანტურია მოხვდა. ქართველი მოთამაშე 63-ე წუთზე შეცვალეს. რუმინეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში “კლუჟი” 57 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა. “კლუჟი” იმ შემთხვევაში ითამაშებს ევროსარბიელზე თუ თასის ფინალში ბუქარესტის “სტიაუა” გაიმარჯვებს. ფინალი ხვალ გაიმართება, სადაც “სტიაუას” “კლუჟის უნივერსიტატიას” დაუპირისპირდება.

თურქეთის სუპერლიგის ბოლო, 34-ე ტურში “ფენერბაჰჩემ” შინ 3:0 დაამარცხა “ქასიმფაშა”. სტუმართა განაცხადში მოხვდა ლაშა დვალი, თუმცა არ უთამაშია. თურქეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში “ქასიმფაშა” 37 ქულით მე-13 ადგილზე გავიდა.

უკრაინის პრემიერლიგის ბოლო, 26-ე ტური გაიმართა. კიევის “დინამო” შინ ზაპოროჟიეს “მეტალურგს” დაუზავდა (2:2). ზაპოროჟიელთა შორის უკრაინის მოქალაქე ვალერიან გვილიამ სრულად ითამაშა. უკრაინის 14 გუნდიან ჩემპიონატში “მეტალურგი” 26 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა.

“მარიუპოლმა” შინ 4:1 დაამარცხა დონეცკის “ოლიმპიკი”. დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაში ამპლუით მეკარე, უკრაინის მოქალაქე ზაურ მახარაძემ სრულად ითამაშა. “ოლიმპიკი” 26 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა.

“ჰოვერლა” შინ “დნიპროს” ფრედ ეთამაშა (0:0). სტუმართა განაცხადში ჯაბა კანკავა არ იმყოფებოდა. “დნიპრო” 54 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა. გუნდმა ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.

დონეცკის “შახტარი” შინ “კარპატს” დაუპირისპირდა (2:2). ლვოველთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ამბროსი ჩაჩუა, რომელიც 82-ე წუთზე შეცვალეს. შესვენების შემდეგ სტუმართა შორის ბუბა დაუშვილი გამოჩნდა. “კარპატი” 14 ქულით მე-13 ადგილზე გავიდა და ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104479