ოლიმპიური ცეცხლი საქართველოშია. ოლიმპიური თამაშების მთავარი სიმბოლო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დელეგაციამ საბერძნეთიდან ბათუმში ჩამოიტანა.
ოლიმპიური ცეცხლის ანთების საზეიმო ღონისძიება დღეს ათენში, „პანათინაიკოსის“ სტადიონზე ტრადიციული რიტუალის თანხლებით ჩატარდა. შესრულდა საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები. შემდეგ, ოლიმპიური ცეცხლი ქართველ სპორტსმენს, ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს გადაეცა.
საღამოს კი, ოლიმპიური ცეცხლი ბათუმის აეროპორტში სპეცთვითმფრინავით ჩაიტანეს, თვითმფრინავიდან ოლიმპიური ცეცხლი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა ჩამოიტანა და ოლიმპიურ ჩემპიონთან, ლერი ხაბელოვთან ერთად აანთო პირველი ჩირაღდანი. ბათუმში დაგეგმილია საზეიმო ღონისძიება. ოლიმპიურ ცეცხლს მიაწვდიან ესტაფეტაში მონაწილე მეჩირაღდნეებს. პირველი მეჩირაღდნე იქნება რუსუდან სიხარულიძე. ოლიმპიური ცეცხლი გაივლის აეროპორტის გზატკეცილს, ლეხ და მარია კაჩინსკის, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, გოგებაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს. საბოლოოდ ცეცხლს პიაცას მოედანზე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე შეიტანს, სადაც 22:00 საათზე დაგეგმილია კონცერტი.
ოთხშაბათიდან ჩირაღდანი სამხრეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლებს და ორი თვის განმავლობაში საქართველოს 67 მუნიციპალიტეტს შემოივლის. ოლიმპიურ ცეცხლს საქართველოში 700 მეჩირაღდნე შემოატარებს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება. მასში 50 ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ახალგაზრდული ოლიმპიადის საზეიმო გახსნა 26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.







