ჭადრაკი

21:41 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონი მოჭადრაკეები თბილისში დაბრუნდნენ

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩინეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე აქამდე არნახულ წარმატებას მიაღწია და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მეხუთედ ჩატარდა და აქამდე საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგი 2011 წელს მიღწეული მესამე ადგილი გახლდათ.

მსოფლიოს ჩემპიონი მოჭადრაკეები სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ და მოპოვებულ გამარჯვებაზე აეროპორტში “მსოფლიო სპორტთან” ისაუბრეს.

ლელა ჯავახიშვილი (საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი): “ფანტასტიური გრძნობაა, ძალიან გახარებულები ვართ, თუმცა ამავდროულად ძალიან დაღლილებიც, რადგან უკვე 24 საათია გზაში ვართ. ეს არის საქართველოს ისტორიაში უდიდესი შედეგი, ვინაიდან აქამდე მსოფლიოს ჩემპიონები გუნდურ პირველობაში არ ვყოფილვართ. აქამდე საუკეთესო შედეგი მესამე ადგილი გახლდათ. ორმაგად გასახარია ეს გამარჯვება იმიტომ, რომ ტურნირის დაწყებამდე აშკარა ფავორიტებად არ მივიჩნეოდით, მართალია ფავორიტთა შორის ვიმყოფებოდით, მაგრამ მხოლოდ მე-4 ნომრად ვიყავით განთესილნი. თუმცა ისე დავიწყეთ ტურნირი, რომ გამარჯვების შესაძლებლობა ვირწმუნეთ. ფაქტობრივად, უკრაინასთან გამარჯვების შემდეგ მივხვდით, რომ გავიმარჯვებდით. 24 საათი მხოლოდ ჭადრაკით ვცხოვრობდით, მწვრთნელებმა ძალიან შეგვიწყეს ხელი და შრომაც დაგვიფასდა”.

სალომე მელია (საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი): “გარდა იმისა, რომ ასეთ წარმატებას მივაღწიეთ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თავიდან სამეულში მოხვედრას ვგეგმავდით და ჩემპიონობაზე ნაკლებად ვფიქრობდით. ძალიან გაგვიხარდა გამარჯვება, ფაქტობრივად ისე მოვიგეთ, არანაირი კითხვა არ დაგვიტოვებია. ეს ყველაზე ძლიერი ტურნირია, პრაქტიკულად ყველა უძლიერეს მოწინააღმდეგესთან გიწევს თამაში. მგონი გულშემატკივერებიც ძალიან გავახარეთ. იმედი მაქვს, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრებშიც მალე დავიბრუნებთ ჩვენს ადგილს” .

ნინო ბაციაშვილი (საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი): “გამარჯვებას ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, იმდენად რთული ტურნირი გვქონდა. ძალიან დაღლილები ვართ, რადგან მთელი ენერგია ჩავდეთ ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ძალზე გახარებულები ვართ და ორმაგად სასიამოვნოა, რომ მთელი სამშობლო გავახარეთ. სიმართლე გითხრათ, პირველ ადგილს არ ველოდით. თავიდან ორიენტირება სამეულზე გვქონდა, მაგრამ შემდეგ ვიბრძოლეთ და საბოლოო ჯამში გამარჯვებასაც მივაღწიეთ”.

0.126121