სხვა

1:13 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა კარატისტებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება მიულოცა

17-18 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, კონტაქტურ კარატეში 2015 წლის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც 29 ქვეყნის 368 სპორტსმენს შორის საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების წევრებიც გამოვიდნენ.

საქრთველოს ნაკრების მონაგარი დიდებში 1 ოქრო და 2 ვერცხლი, ახალგაზრდებში კი 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა. ჯამში, ქართველმა კარატისტებმა 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, წარმატებულ კარატისტებს 21 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ კონტაქტური კარატეს არსებობის მანძილზე, ევროპის ჩემპიონატზე დიდებში პირველად შედგა ქართული ფინალი, სადაც შარშანდელი ევროპის ჩემპიონი ანდრეი ზინჩენკო და ევროპის 4-გზის პრიზიორი ლაშა ხაჭაპურიძე გავიდნენ. ევროპის ჩემპიონის ტიტული ამჯერად ნაკრების კაპიტანს ლაშა ხაჭაპურიძეს ერგო.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში (1 ოქრო და 2 ვერცხლი), კაცებში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, პოლონეთში ევროპის კარატეს ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი საკითხი მომავალ წელს საქართველოში გასამართი ევროპის ჩემპიონტი იყო. 2016 წლის 14-15 მაისს ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატს ევროპის კარატეს ორგანიზაციის პრეზიდენტის გარდა, მსოფლიოს კარატეს ორგანიზაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს ჩემპიონი, ლეგენდარული იაპონელი მებრძოლი – კენჯი მიდორი დაესწრება. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება წარსულში წარმატებული ცნობილი სპორტსმენის, ჰოლივუდის ვარსკვლავის დოლფ ლუნდგრენის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კონტაქტური კარატე სადემონსტრაციო საჩვენებელი გამოსვლით წარსდგება, რაც მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის და ოლიმპიურ ოჯახში შესვლისათვის. სპორტული კარატე გახდა ჯერ „სპორტაკორდის" წევრი და ერთადერთი არაოლიმპიური სახეობა, რომელიც 2015 წელს ბაქოში გასამართ ევროპის პირველ თამაშებზე იქნება წარმოდგენილი.

სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან ყიფიანმა საქართველოში კარატეს განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა ქართული კარატეს ფუძემდებლად აღიარებული ზურაბ ლეჟავა.

საქართველოს ნაკრების შედეგები ევროპის ჩემპიონატზე

ეროვნული ნაკრები

1 ოქრო – ლაშა ხაჭაპურიძე (70 კგ.)

2 ვერცხლი – ანდრეი ზინჩენკო (70 კგ.), თენგიზ ბასტოიანი (80 კგ.)

ახალგაზრდული ნაკრები

1 ვერცხლი – დავით წყაროზია

1 ბრინჯაო – აკოპ კარაპეტიანი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095024