სხვა

21:52 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა გოგონებმა ჩემპიონატი დაასრულეს

ორი დღეც და დასრულდება ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს. აღნიშნულ ჩემპიონატში გამოსვლა დღეს დაასრულა საქართველოს ქალთა ნაკრებმა, რომელიც თათია ლორთქიფანიძის (63კგ) და სოფია მუქათარიძის (69კგ) სახით იყო წარმოდგენილი. საქართველოს ქალთა ნაკრებს დებიუტი ჰქონდა მიმდინარე ჩემპიონატზე. დღეს კი ფიცარნაგზე მუქათარიძე გავიდა, რომელმაც ატაცში 65 კგ, აკვრაში 80 კგ დაძლია, ორჭიდის ჯამში 145კგ დააგროვა და 17 მონაწილეს შორის ბოლოსწინა მე-17 ადგილი დაიკავა. საპრიზო სამეული კი ასე გამოიყურება: 1. ზინა საზანოვეცი (ბელარუსი), 2. ლანა კონდრაშოვა (რუსეთი), 3. ანასტასია იბრაჰიმალი (Aზერბაიჯანი).

ამჟამად მიმდინარეობს ჩემპიონატი 85 კგ კატეგორიაში, სადაც საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ჰყავს.

“მსოფლიო სპორტმა” რამდენიმე კითხვით მიმართა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ გიორგი ასანიძეს.

-ჩვენი ქალთა ნაკრების გამოსვლით კმაყოფილი ხართ?

-ქართული ძალოსნობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველმა მანდილოსნებმა ამ დონის ტურნირზე იასპარეზეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცუდი შედეგი არ უჩვენებიათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლორთქოფანიძის გამოსვლა, რომელმაც 16 მონაწილეს შორის მე-10 ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონატზე პირველ ათეულში მოხვედრა ურიგო შედეგი ნამდვილად არაა. უკეთეს შედეგს ველოდები მამაკაცებისაგან.

-ჯერჯერობით ჩვენს ნაკრებს მედალი არ აქვს. ალბათ მხედველობაში გაქვთ ერთ-ერთი სინჯის მედლის მოპოვება.

-რა თქმა უნდა.

-კონკრეტულად რამდენ მედალს ელოდებით და ვის შეუძლია ჩვენი გუნდიდან ამ წარმატების მიღწევა?

-მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ ორი მედალი მაქვს მხედველობაში. აღნიშნული მედლების მოპოვების ყველაზე მეტი შანსი დავით გოგიას (105კგ) და ირაკლი თურმანიძეს (+105კგ) აქვთ, რომლებიც შესაბამისად 17 და 18 აპრილს იასპარეზებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084537