კალათბურთი

12:59 | 5.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრები სლოვენიაში გაემგზავრა

დღეს, გამთენიისას, საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისათვის მზადების მიზნით, თბილისის შეკრების დასრულების შემდეგ სლოვენიის ქალაქ პოდჩეტრტეკში გაემგზავრა და მზადებას ამ ქალაქში გააგრძელებს.

სლოვენიაში გამგზავრების წინ “მსოფლიო სპორტი” საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთ თანაშემწე, კოტე ტუღუშს ესაუბრა.

-ნაკრების თბილისში შეკრებით კმაყოფილი ხართ?

-თბილისის შეკრებაზე აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გავაკეთეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და 5 ივლისიდან ევრო-2015 მზადებას სლოვენიის ქალაქ პოდჩეტრტეკში გავაგრძელებთ.

-ლაშა ფარღალავასა და მიხეილ ჭოჭუას დამატების შემდეგ, ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატთა სია 21-მდე გაიზარდა, თბილისის შეკრება რომელმა კალათბურთელებმა გაიარეს?

-თბილისის შეკრება 15-მა კალათბურთელმა გაიარა. საბედნიეროდ, თავს ყველა კარგად გრძნობს და თხუთმეტივე სლოვენიაში მიემგზავრება და ევრო-2015 მზადებას იქ გააგრძელებს. ესენი არიან: ვიქტორ სანიკიძე (“სარაგოსა”, ესპანეთი), გიორგი ცინცაძე (უკლუბო), ლაშა ფარღალავა (“არმია”, საქართველო), ლევან ფაცაცია (უკლუბო), ბექა წივწივაძე (“არმია”. საქართველო), მიხეილ ჭოჭუა (“დინამო”, საქართველო), გიორგი შარაბიძე (“არმია”, საქართველო), მიხეილ ბერიშვილი (“არმია”, საქართველო), ირაკლი ჩლაიძე (“სოხუმი”, საქართველო), აკაკი დვალიშვილი (“ქუთაისი-2010”, საქართველო), ბესო ლეჟავა (“დინამო”, საქართველო), ნიკა მეტრეველი (“ნაპოლი”, იტალია), დუდა სანაძე (“სან დიეგო”, აშშ), ოთო ფხაკაძე (უკლუბო), რევაზ როგავა (“შსს აკადემია”, საქართველო).

-ის მწვრთნელები და სპორტსმენები, რომლებიც თბილისში არ იმყოფებოდნენ, ნაკრებს როდის შეუერთდებიან?

-ნაკრებს, სლოვენიისკენ მიმავალ გზაზე, კონკრეტულად მიუნხენში შეუერთდება გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი (სერბეთი) და მისი ერთ-ერთი ასისტენტი ჯეისონ სტოდტი (აშშ). 7 ივლისს დაგვემატება გუნდის კაპიტანი, ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია (“მილუოკ ბაქსი”, აშშ). 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაგვემატება ბექა ბურჯანაძე (“კახასოლი”, ესპანეთი), რომელიც საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების გამოკვეთილი ლიდერია. გაურკვეველია როდის შემოგვიერთდებიან გიორგი შერმადინი (“ოლიმპიაკოსი”, საბერძნეთი), მანუჩარ მარკოიშვილი (“გალათასარაი”, თურქეთი), რიკი ჰიკმანი (“ფენერბახჩე”, თურქეთი) და თორნიკე შენგელია (“ლაბორალ კუჩა”, ესპანეთი).

-რატომაა მათი გუნდთან შეერთების ვადა გაურკვეველი?

-შენგელია ბავშვს ელოდება, ხოლო შერმადინს, ჰიკმანსა და მარკოიშვილს ტრავმები აწუხებთ.

-ტრავმირებული კალათბურთელების ევრო-2015 შესარჩევი ტურნირის მიღმა დარჩენა მოსალოდნელი ხომ არაა?

-ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ გაგრძელდება მათი ტრავმების მოშუშების პროცესი.

-რა სახის ტრავმები აწუხებთ?

-შერმადინი მუხლის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. ჰიკმანს ფეხის, ხოლო მანუჩარს ფეხისა და მხრის ტრავმები აწუხებთ.

შეგახსენებთ, რომ ევრო-2015-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ჩეხეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110108