ჭადრაკი

11:07 | 5.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარიკა  ჯაფარიძე: ,,ბათუმში  ისეთი  საჭადრაკო  ბუმია,  რომ  მსურველებს  ვერ  ვაკმაყოფილებთ’’

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულებულ მოჭადრაკე ქალთა კლუბების ჩემპიონატზე, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობდა, მთლიანად ქართველი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულმა მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის ,,ნონამ’’დაამტკიცა, რომ 2014 წელს პირველი ადგილი შემთხვევით არ მოუპოვებია, შვიდივე შეხვედრა მოიგო და ჩემპიონობა შეინარჩუნა. ,,ნონამ’’ წინა ჩემპიონატზეც დაუმარცხებლად იასპარეზა და მაშინაც შვიდი შეხვედრა ჩაატარა.

,,მსოფლიო სპორტი’’ საჭადრაკო კლუბ ,,ნონას’’ კაპიტანს, ფიდეს საერთაშორისო ოსტატს, ფიდეს ინსტრუქტორს, საერთაშორისო არბიტრს მარიკა ჯაფარიძეს ესაუბრა.

- რომელ გუნდს თვლიდით სკოპიეში ,,ნონას’’ ძირითად კონკურენტად?

- ს.შ.მ-ს (რუსეთი) და მაკედონიის ,,გამბიტს.’’

- როდის იგრძენით, რომ ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება არ გაგიჭირდებოდათ?

- ს.შ.მ-სა და ,,გამბიტის’’ დამარცხების შემდეგ.

- 2014 წლის ჩემპიონატისაგან განსხვავებით ,,ნონას’’ რიგებში არ უთამაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ სალომე მელიას, რომელიც ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ლელა ჯავახიშვილმა შეცვალა. რა გახდა მელიას შეცვლის მიზეზი?

- სალომე მესამე ბავშვს ელოდება და ეს გახდა გუნდში მისი შეცვლის მიზეზი.

- გუნდში სხვა ცვლილება ხომ არ მომხდარა?

- სხვა ცვლილება არ მომხდარა. მოთამაშეებთან ( ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მირანდა მიქაძე) და ჩემთან ერთად გუნდში თავიანთი პოსტები მწვრთნელებმა (დავით ჯოჯუა , ხვიჩა სუბატაშვილი) და კლუბის დირექტორმა გია(გიორგი) ჭანტურიამაც შეინარჩუნეს.

- თქვენს მიერ ნახსენები მოჭადრაკეებიდან ყველა კლუბის წევრია?

-კლუბის წევრები ბათუმელი სპორტსმენები ბაციაშვილი, მელია და მიქაძე არიან, ხოლო დანარჩენები - მოწვეულები .

- უცხოელი მოჭადრაკეების მოწვევასაც ხომ არ გეგმავთ?

- ვერ ვხედავ უცხოელი მოჭადრაკეების მოწვევის აუცილებლობას.

- ვაჟთა გუნდის გაკეთებასაც ხომ არ აპირებთ?

- ორი ანგარიშგასაწევი გუნდის დასაკომპლექტებლად თანხა არ გვეყოფა, თორემ ვაჟთა გუნდსაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდით.

- თუ შეიძლება მოკლედ გვიამბეთ კლუბ ,,ნონას’’ შესახებ. როდის ჩამოყალიბდა კლუბი და ვინ არის მისი მეპატრონე?

-,,ნონა’’ 2013 წელს დაარსდა. მისი მეპატრონეა ქალაქ ბათუმის მერია. ვიმყოფებით ნაქირავებ შენობაში, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ეკუთვნის.

- ბავშვებიც ხომ არ არიან ,,ნონას’’ წევრები?

- შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში საჭადრაკო ბუმია. 200-ზე მეტ ბავშვს უფასოდ ვავარჯიშებთ. მსურველი ბევრად მეტია, მაგრამ ფართის უქონლობის გამო ვერ ვაკმაყოფილებთ.

- ბათუმს ხომ აქვს ჭადრაკის სასახლე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებსა და რამდენიმე დიდ საერთაშორისო ტურნირს უკვე უმასპინძლა?

- ბათუმის ჭადრაკის სასახლეს მხოლოდ სახელიღა შერჩა. იგი გაიყიდა და სარიტუალო სასახლე ,,კაისად’’ გადაკეთდა.

- მაშინ სად აპირებენ 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარებას, რომელსაც ბათუმმა უნდა უმასპინძლოს?

- 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ახალი შენობის აშენებას აპირებენ.

-,,ნონას’’ რას უპირებს ქალაქის მერია?

- ბათუმში დაგეგმილია სპორტული უბნის აშენება. რადგან ჩვენი მეპატრონე ბათუმის მერიაა, იმედია ამ დასახლებაში ჩვენი კლუბისთვისაც მოიძებნება ადგილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113187