ფეხბურთი

15:50 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ კილასონია: "საქართველოში, თითქმის ყველა გუნდი ჩვენსავითაა.."

რუსთავის "მეტალურგი" 1 თებერვალს თურქეთში წავა შეკრებაზე, მანამდე კი, გუნდი "ბენდელას" თასზე" თამაშობს. შემადგენლობაში არაერთი ცვლილება მოხდა. უმრავლესობაზე "მსოფლიო სპორტი" უკვე წერდა, თუმცა არის სიახლეებიც.

ამბების გასაგებად, "მეტალურგის" მწვრთნელ ვარლამ კილასონიას დავუკავშირდით:

-  გუნდიდან წასული ფეხბურთელების შესახებ იცით, რაც შეეხება ახალწვეულებს, ასეთი ბევრია და ჩამოვთვლი: გიორგი სეთურიძე, გიორგი მიქაბერიძე, არჩილ ტვილდიანი, მერაბ გიგაური, კახა კაკაშვილი, ვალერი კილასონია. დაგვიბრუნდა დაჩი ცნობილაძე. გარდა ამისა, გუნდში ვარჯიშობენ ნახევარმცველი მამუკა ტორონჯაძე და ფორვარდი ბესიკ ჩიმაკაძე, თუმცა, მათი საკითხი ბოლომდე არაა გადაწყვეტილი.

- მართალია, ბევრი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ ურიგო შევსება არაა.

- გეთანხმებით. ამ ფეხბურთელებს თავის გამოჩენა და პროგრესი სურთ, ამიტომაც ბევრს შრომობენ, რაც დაუფასდებათ.

- დაფინანსების მხრივ "მეტალურგს" პრობლემები ჰქონდა. შეიცვალა რამე?

- ხელფასების დარიგებასთან დაკავშირებით არ ყოფილა პრობლემა და არც იქნება. უბრალოდ, ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდა.

- თურქეთში სპარინგ-მეტოქეების ვინაობა ცნობილია?

- არა. 3, 6, 9 და 12 თებერვალს ვაპირებთ თამაშს, თუმცა მეტოქეები ჯერ უცნობია.

- რომელიმე რგოლში კიდევ აპირებთ ფეხბურთელების დამატებას?

- მარცხენაფლაგელის დამატება გვსურს, მაგრამ ვიცი, რომ იოლი არ იქნება. ვინ დავიმატოთ, თორემ კი... ვნახოთ. ჩვენთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი დროის უკმარისობაა. ძნელია, ახლახანს დაკომპლექტებული გუნდის უცებ შეთამაშება, მაგრამ საქართველოში ხომ თითქმის ყველა გუნდი ჩვენსავითაა...

- მეკარის პოზიციაზე ხომ არაა ცვლილებები?

- არა. ბედიაშვილი, სეფიაშვილი და ახალგაზრდა შერმადინი გვყავს, რომელსაც დუბლებში უწევს თამაში. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115251