ინტერვიუები

19:00 | 28.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი: “ტიკი-ტაკას უკვე ვთამაშობთ”

გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ინტერვიუ მისცა Bild-ს. ჟურნალისტთან საუბრისას კროოსი სამომავლო გეგმებზე საუბრობს და გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს იუპ ჰაინკესს საქებარი სიტყვებით მოიხსენიებს.

 
- გიუნტერ ნეტცერზე რას ფიქრობთ?
- თავის დროზე იუპ ჰაინკესი მასთან ერთად თამაშობდა და ჩვენი მთავარი მწვრთნელი ამბობს, გიუნტერი უდიდესი ფეხბურთელი იყოო. მისივე თქმით, ნეტცერი საოცარი ტექნიკითა და ფეხბურთის სტრატეგიული ხედვით გამოირჩეოდა. ჩვენ დამრიგებელს ვენდობი.
- თავის საკუთარ სვეტში გიუნტერ ნეტცერმა დაწერა, რომ პეპ გვარდიოლას დამრიგებლობით თამაშს კიდევ უფრო მოუმატებთ და ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდებით...
- ყოველმხრივ შევეცდები, ჰერ გიუნტერის სიტყვები გავამართლო. კარგია, ნეტცერი ჩემ საფეხბურთო შესაძლებლობებსა და პოტენციალს რომ ხედავს. ყველა ვარიანტში მომავალი ზახულიდან კიდევ უფრო მეტი შრომა მომიწევს.
- ისე, ნეტცერს ტონი კროოსის საფეხბურთო მომავლის განჭვრეტაში თუ ეთანხმებით?
- რა უფლება მაქვს არ დავეთანხმო ისეთ ავტორიტეტს, როგორიც ნეტცერია (იცინის).
- გვარდიოლას “ბარსელონა” “ტიკი-ტაკას” თამაშობს. არ გაგიჭირდებათ ამგვარი სტილით გამოსვლა?
- “ტიკი-ტაკა” სხვა არაფერია, თუ არა ტექნიკური ფეხბურთელების მიერ სისწრაფეში შესრულებული გადაცემებია. იუპ ჰაინკესი სწორედ ამ მანერით გვათამაშებს, ასე რომ, ჩათვალეთ, მიუნხენის “ბაიერნიც” “ტიკი-ტაკას” მიმდევარია. 
- რა პირადი მიზანი გაქვთ დასახული მომავალი სეზონიდან?
- ჯერ მიმდინარე სეზონი არ დასრულებულა და ყოველ ზომას ვიხმარ, რათა “ბაიერნს” დასახული მიზნების ასრულებაში დავეხმარო. ვთვლი, რომ “ბარსელონას” შემდეგ პლანეტის საუკეთესო გუნდი სწორედ “ბაიერნია”. ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოვყალიბდე.
- ასეთი სტატუსის მიღწევა გერმანიის ნაკრებშიც ხომ არ გსურთ?
- ბუდესმანშაფტის სასტარტო შემადგენლობაში ფეხის მყარად მოკიდება ჩემი ამოცანაა. ევროპის ჩემპიონატი ჩემთვის იღბლიანი არ გამოდგა, თუმცა, ბოლო 6 თვეა ვამტკიცებ, ჩემი ჩამოწერა სასურველი რომ არაა. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში საკუთარი თამაშით მართლაც კმაყოფილი გახლავართ – ასე ძლიერად აქამდე არასდროს მიასპარეზია.
- ხომ ვერ გვეტყვით, იუპ ჰაინკესი მუშაობას სად გააგრძელებთ?
- მისი სამომავლო გეგმების თაობაზე არაფერი მსმენია. ისე კი, ძალიან ძნელია, მიუნხენის “ბაიერნის” შესაფერისი ალტერნატივის გამოძებნა. თეორიულად, ჰაინკესს ნებისმიერი გუნდის მთავარ მწვრთნელად ხილვაა შესაძლებელი.
- ზემოთ აღნიშნეთ, რომ მიმდინარე სეზონში საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხართ. ამის მიუხედავად, დრო და დრო გულშემატკივრები და ჟურნალისტები მაინც გაკრიტიკებენ. ამაზე როგორი რეაქცია გაქვთ?
- არ მეგულება ფეხბურთელი, რომელიც შეცდომას არასდროს უშვებს და საკრიტიკოც არაფერი ჰქონდეს. გამონაკლისი მხოლოდ და მხოლოდ ლეო მესია. ყოველთვის დიდი გულისყურით ვუსმენ, რას მეუბნებიან მწვრთნელები და მათიას ზამერი ჩემი თამაშის ასპექტებზე. ცხადია, ვიცი, იდეალურად რომ არ ვთამაშობ, მაგრამ ხომ ხედავთ, “ბაიერნი” რა წარმატებით გამოდის. ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ბევრს და მიზანმიმართულად ვშრომობთ. ასევე გაგრძელდება სამომავლოდაც.
 
გოჩა კაჭარავა 
 
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110334