სხვა

14:52 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის ბოლო შანსი

იაპონიის სუმოს ასოციაციის განახლებულ რეიტინგში იგივე ბანძუკეში უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში კვლავაც ერთადერთი ქართველი სეკიტორი რჩება. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა მცირე უკუსვლა განიცადა და დასავლეთის მე-13 მაეგაშირას პოზიციაზე იმყოფება.

გაცილებით უარესად არის ლევან გორგაძის იგივე ტოჩინოშინის საქმე. შეგახსენებთ, რომ ქართველ გოლიათს ტრავმის გამო უქმობა უწევს და ეს მის რეიტინგზეც შესაბამისად აისახება. ტოჩინოშინს რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ბოლო – დასავლეთის მე-14 ნომერი მიაკუთვნეს, რაც შემდეგს ნიშნავს: თუკი გორგაძემ მორიგი ბაშოც გამოტოვა ან მასზე უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) დააფიქსირა, რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში დაქვეითდება და სეკიტორის წოდებასაც დაკარგავს.

განახლებულ კლასიფიკაციაში უმაღლეს წოდებას – იოკოძუნობას კვლავაც მონღოლები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი ინარჩუნებენ, ოძეკის სტატუსი გააჩნიათ კისენოსატოს, კოტოშოგიკუს, კაკურიუს და კოტოოშუს. მომავალ ტურნირში სეკივაკეს ტიტულით ჩაებმებიან გოეიდო და ტოჩიოძანი, კომუსუბები კი შოჰოძანი და ოკუნოუმი არიან.

შეგახსენებთ, რომ სუმოს მორიგი სუპერტურნირი ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში 10-24 ნოემბერს ჩატარდება.

0.110464