ჭადრაკი

17:43 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია გაიხსნება

 

20 ივლისს, 17:00 საათზე, ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში (ვერის ბაღი) “თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია” საზეიმოდ გაიხსნება.

აკადემიის გახსნას საპატიო სტუმრების რანგში მსოფლიო ჭადრაკის მმართველი ორგანიზაცია FIDE-ს  პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი და ლეგენდარული ქართველი ჩემპიონები – ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე  დაესწრებიან. აგრეთვე, გაფორმდება მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ FIDE-სა და საჭადრაკო აკადემიას შორის.

“თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია“ თავდაპირველად 2006 წელს დაფუძნდა, ევროპის 2003 წლის ჩემპიონის, საერთაშორისო დიდოსტატ ზურაბ აზმაიფარაშვილის ძალისხმევით, თუმცა, უსახსრობის გამო, აკადემიამ მალე შეწყვიტა არსებობა.

2013 წლის მაისიდან უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით, განახლდა აკადემიის ფუნქციონირება. ჭადრაკის აკადემიაში საწვრთნელ პროცესს გაივლიან საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრები გუნდები, ასევე, საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამარჯვებული  მოჭადრაკეები. მეცადინეობებს უძლიერესი ქართველი მწვრთნელები და მოწვეული უცხოელი სპეციალისტები  ჩაატარებენ.

 

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.114836