ფეხბურთი

18:59 | 22.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკში” ლევან მელქაძე ემზადება

ცხინვალის ”სპარტაკი”, რომელიც 18 იანვარს მოსამზადებელი შეკრების გასავლელად ურეკში გაემგზავრა, მალევე თბილისში დაბრუნდა. ცუდი კლიმატური და ნაყოფიერი მზადებისთვის მიუღებელი პირობების გამო, ვლადიმერ ხაჩიძის გაწვრთნილები დედაქალაქში არიან და სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას ს/კ ”საბურთალოს” სტადიონ ”ბენდელაზე” განაგრძობენ.
ცხინვალელთა გუნდის შევსებაზე რეგულარულად გაწვდით ინფორმაციას და ტრადიციას არც ახლა დავარღვევთ. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, “სპარტაკშია” და სხვა ფეხბურთელებთან ერთად  ემზადება, 32 წლის თავდამსხმელი ლევან მელქაძე.
მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული, სხვადასხვა დროს კი, თბილისის ”დინამოში”, ”ვიტ ჯორჯიაში”, იტალიურ ”სიენაში”, ნორვეგიულ ”ვალერენგაში”, ყაზახურ ”შახტარში”, ”ზესტაფონში” და ბოლნისის ”სიონში” უთამაშია. ლევან მელქაძე რამდენიმე დღეა ”სპარტაკში” ვარჯიშობს და როგორც საიტი ირწმუნება, მისი გუნდში აყვანის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა.
აქვე გეტყვით, რომ შიდაქართლელებმა, რომლებიც “ბენდელას თასის” მოქმედი მფლობელები არიან, მიმდინარე გათამაშებაც მოგებით დაიწყეს. “სპარტაკმა” პირველი მატჩი დუბლშემადგენლობით ითამაშა და პირველი ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ სოხუმის “აეტს” 3:0 სძლია. მე-2 ტურიდან გათამაშებაში უკვე ცხინვალელთა მთავარი გუნდი ჩაერთვება და რუსთავის “ფოლადზე”, ორშაბათს (13:30), “მეტალურგს” გაეჯიბრება.
 

 

ფრიდონ კერვალიშვილი
 

Loading...
0.131384