ფეხბურთი

18:36 | 10.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” ლევან მელქაძე გაიფორმა

შუასასეზონო მზადებისას, თბილისის ”დინამოდან” დამატებული სამი ფეხბურთელის (მეკარე გიორგი ნადირაძე, შემტევი ნახევარმცველი ლაშა ჩაფიძე და თავდამსხმელი კონსტანტინე გაბაშვილი) გარდა, ცხინვალის “სპარტაკმა” კიდევ 3 ფეხბურთელი დაიმატა. როგორც შიდაქართლელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სხვადასხვა ვადით, სპარტაკელები გახდნენ თავდამსხმელი ლევან მელქაძე, შემტევი ნახევარმცველი მიხეილ ჯიშკარიანი და მცველი ლევან ჭაფოძე.
32 წლის ლევან მელქაძე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში ხუთ მატჩში აქვს ნათამაშები, სხვადასხვა დროს თბილისის ”დინამოში”, ”ვიტ ჯორჯიაში”, იტალიურ ”სიენაში”, ნორვეგიულ ”ვალერენგაში”, ყაზახურ ”შახტიორში”, ”ზესტაფონსა” და ბოლნისის ”სიონში” ირიცხებოდა. ტრავმის გამო ლევანს საკმაო პერიოდი გაუცდა, თუმცა ორ კვირაზე მეტია, რაც ცხინვალელთა რიგებში ვარჯიშობს და გუნდისთვის სარგებლის მოტანაც შეძლო - ”ბენდელას თასის” გათამაშებისა და ამხანაგურ მატჩებში მელქაძემ 4 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფორვარდმა ”სპარტაკთან” 1,5-წლიანი (6 თვე პლუს 1 წელი პრინციპით) კონტრაქტი გააფორმა.
ზემოთ ნახსენები კიდევ 2 ახალწვეული გუნდისთვის უცხო ნამდვილად არაა. 23 წლის ლევან ჭაფოძემ გასული, 2010-11წწ სეზონი ”სპარტაკში” ჩაატარა და გუნდიდან ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ჩემპიონატის ყველა კალენდარულ შეხვედრაში ითამაშა. ჭაფოძემ მიმდინარე სეზონი მარტვილის ”მერანში” დაიწყო, მაგრამ იქ საქმე ვერ აეწყო და კვლავ ძველ გუნდს დაუბრუნდა. ლევან ჭაფოძემ ”სპარტაკთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ასევე ერთი წლით დაუკავშირა “სპარტაკს” საკუთარი მომავალი  19 წლის მიხეილ ჯიშკარიანმა. გასული სეზონი მანაც ”სპარტაკში” გაატარა, მიმდინარე კი თბილისის ”დინამოს” დუბლებში დაიწყო.
 

ფრიდონ კერვალიშვილი





 

Loading...
0.139338