ფეხბურთი

22:45 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძეს გააქვს, ჩიხრაძე ცხადაძეს უგებს, კანკავა კვლავ საუკეთესოთაგანია

არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის ერედივიზიონის მეხუთე ტურში 1:1 დაასრულა მატჩი სტუმრად "ალკმაართან". გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი კი ბოლოს, საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე შეცვალეს. 20 წლის ქართველმა შემტევმა აქტიურად ითამაშა და სასიხარულოა, რომ პროგრესირებს. "ვიტესი" 8 ქულით მე-8 ადგილზეა.

ფინეთში ირაკლი სირბილაძემ მორიგი, მიმდინარე ჩემპიონატში მერვე გოლი გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა 66-ე წუთზე "ინტერი" დააწინაურა "მარიეჰამნთან", თუმცა შეხვედრა 1:1 დასრულდა. "ინტერი", რომელმაც შარშან მეორე ადგილი დაიკავა, ახლა ბოლოდან მეორე საფეხურზეა. 

აზერბაიჯანის ჩემპიონატში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ინტერმა" შინ 1:2 წააგო გიორგი ჩიხრაძის "სიმურგთან". "ინტერიდან" შეუცვლელად ითამაშა ბაჩანა ცხადაძემ, ხოლო ალექსანდრე იაშვილი ბოლოს შეცვალეს. "ინტერს" 5 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს და 10 გუნდს შორის მერვე ადგილზეა, "სიმურგი" კი – მეექვსეზე.    

"ყარაბაღმა", მოულოდნელად, შინ 0:1 წააგო აზალ-თან და ახლა ეს ორი გუნდი თანალიდერობს 12-12 ქულით. ნიკა გელაშვილი სასტარტოში გახლდათ და 77-ე წუთზე შეცვალეს.

რუსეთში "როსტოვი" გასვლაზე უგებდა მოსკოვის "დინამოს", თუმცა საბოლოოდ, 1:1. ჯანო ანანიძე სასტარტოში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. "როსტოვი" მეოთხე ადგილზეა.

"კრილია"-"ყუბანი" 0:0 დასრულდა. ალეკო ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. სამარელთა გუნდი მე-11 საფეხურზეა.

ყაზანის "რუბინმა" ეკატერინბურგში "ურალს" რონდონის ჰეთ-თრიქით 3:0 სძლია და მეექვსე საფეხურზეა. ყაზანელთა მცველმა საბა კვირკველიამ ბოლო 15 წუთი გაატარა მინდორზე, "ურალში" კი ლაშა გვალია გუშინწინ გადავიდა და შესაბამისად, განაცხადში არ ყოფილა.

უკრაინაში "ზორიამ" 4:0 გაანადგურა კიევის "არსენალი". ჯაბა ლიპარტია სასტარტოში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 3:0 იყო. ლიპარტია ამ სეზონს კარგად ატარებს, მისი გუნდიც შარშანდელზე უკეთესია: მეშვიდე ადგილზეა.

"ილიჩივეცმა" გასვლაზე 0:1 წააგო "ჩერნომორეცთან" და მეცხრე პოზიციაზეა. თორნიკე ოქრიაშვილმა და დავით თარგამაძემ სეზონი კარგად დაიწყეს, თუმცა ბოლო ტურებში ისევ მოაკლდათ სათამაშო პრაქტიკა – ამჯერადაც შეცვლაზე შევიდნენ, ბოლო 15 წუთი გაატარეს მინდორზე. ოქრიაშვილმა ბოლოს გაფრთხილებაც მიიღო.

ტურის ცენტრალური მატჩი კიევში გაიმართა, სადაც "დნიპრომ" 1:1 ითამაშა კიევის "დინამოსთან" და მესამე ადგილზეა. მშვენიერ ფორმაშია ჯაბა კანკავა – დიდი სამუშაო გასწია და მოედნის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ჯაბამ გაფრთხილებაც მიიღო. რაც შეეხება სანდრო კობახიძეს, ევროპის ლიგაზე რამდენიმე დღის წინ გოლი კი გაიტანა, მაგრამ ხუანდე რამოსმა არ დაუფასა - განაცხადს მიღმა დატოვა.


0.145855