სხვა

11:08 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სიკვდილისა და პრობლემების დამარცხება - მხოლოდ საქართველოს სახელით!

ჯუმბერ ლეჟავა: “ბოლო წლებში იმდენჯერ დამარცხდა საქართველო, მე, ქართველი კაცი, დამარცხებული ვეღარ დავბრუნდებოდი”

“ძალიან ბევრი სირთულე შემხვდა. პრაქტიკულად ყოველდღე, ხანდახან დღეში რამდენჯერმეც კი, სიკვდილის პირას ვიყავი, მაგრამ მარათონის შეწყვეტის უფლება არ მქონდა. ბოლო წლებში ძალიან ბევრჯერ დამარცხდა საქართველო და მე, ქართველი კაცი, კიდევ ერთხელ დამარცხებული უკან ვერ დავბრუნდებოდი. სწორედ ეს მაძლევდა ძალას! არავის სჯეროდა, რომ ამას შევძლებდი, არც მე ვიყავი მთლად ბოლომდე დარწმუნებული, ყოველ ნაბიჯზე სიკვდილს ველოდი და ველომოგზაურობის ბოლო ქვეყანაში სომხეთში რომ შევედი, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა მიზანთან ასე ახლოს ყოფნით, გავიფიქრე - “ალბათ, აქ უნდა მოხდეს რაღაც”, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა და სამშობლოში გამარჯვებული დავბრუნდი”, - გვიყვება ჯუმბერ ლეჟავა, 14-გზის გინესის რეკორდსმენი და ერთადერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელმაც შვიდივე კონტინენტის 239 ქვეყნის გავლით მსოფლიოს ველოსიპედით შემოუარა, რასაც 9 წელიწადი და 3 თვე მოანდომა. ის შინ გმირად დაბრუნდა, მაგრამ დღესაც კი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო შვილს, სამშობლოსგან სათანადო დაფასება არ მიუღია.

“საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში საქართველოს მეორე პრეზიდენტის მიერ ნაჩუქარი ბინა და წიგნების გამოსაცემი თანხა 30 ათასი ლარის ოდენობით ჩამომართვეს, ბინა გაყიდეს. სასამართლოებით შევძელი 20 კვ. მეტრით ნაკლები ბინის დაბრუნება, რადგანაც ჩემი ნაწილობრივ გაკეთებული ბინა გაყიდეს. პირველი ორი ტომის გამოსაცემი თანხა კი სასამართლომ არ დამიბრუნა. ბინა დამიბრუნეს შავი კარკასი, რომლის რემონტის საშუალებაც მე არ გამაჩნია. ახლა გამოდის, რომ საკუთარი სახლიც კი აღარ მაქვს. ჩემი შემოსავალი სულ 515 ლარია. მაგრამ არ ვწუწუნებ თუმცა აღვნიშნავ, სხვა ქვეყანაში საკმაოდ მდიდარი ადამიანი ვიქნებოდი. ახლანდელი რეჟიმისაგან საქართველოს მხსნელ ხელისუფლებას ჯერ ჩემთვის არ სცალია. მე ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ქართველი ვარ. ჩემზე უფრო გაჭირვებული ადამიანებიც არიან და მათაც ჭირდებათ მიხედვა. აი, ყველაფერი თავის კალაპოტში რომ ჩადგება, მერე მოვთხოვ სახელმწიფოს მხოლოდ იმას, რაც მეკუთვნის. მანამდე ქვეყანას უჭირს და ისაა მისახედი”, - ამბობს ადამიანი, რომელსაც 23 ივლისს 74 წელი შეუსრულდება და ამაყნი ვართ, ეს ადამიანი რომ გავიცანით, ხელი ჩამოვართვით და მისი ისტორიების სულ მცირე ნაწილი მისივე პირიდან მოვისმინეთ.

 

ჩუბინაშვილის ქუჩაზე არცთუ მთლად გამართული ავტომობილი ხმაურით შემოვიდა. ასაკოვანმა მძღოლმა ორ სხვა ავტომობილს შორის ისე მოხერხებულად შეაყენა მანქანა, რომ ამის გაკეთება ბევრ ახალგაზრდას, პროფესიონალსაც გაუჭირდებოდა. იქიდან მარდად გადმოხტა 74 წელს მიტანებული ჯუმბერ ლეჟავა, რომელსაც ასაკისა ბევრი არაფერი ეტყობა და ისეთ ფიზიკურ ფორმაშია, კრივის რინგზეც კი, ბევრ ახალგაზრდა სპორტსმენს ახლაც არაფრით ჩამოუვარდება. ეს ადამიანი მანამდე მხოლოდ ტელევიზორში გვყავდა ნანახი და ცოცხლად შეხვედრისთანავე ისედაც არსებული პატივისცემა ერთი-ათად გაიზარდა. პატივისცემის ზრდა საუბრის ბოლომდე არ შეჩერებულა, მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, თუ რა დიდი პრობლემები დაძლია ამ პიროვნებამ და რა გაჭირვების ფონზე შეძლო ესოდენ დიდი წარმატების მიღწევა.

“არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ”

“1986 წელს ვემზადებოდი უშბაზე ზამთრის ასვლისთვის. მანამდე, ამ მწვერვალზე ზამთრის ასვლების დროს თითქმის ყველა იღუპებოდა. ბოლოს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ექვსკაციან ჯგუფსაც იგივე დაემართა. ამ სამზადისში ვიყავი და გასვლამდე ათი დღით ადრე, 6 იანვარს ბოლო ვარჯიში რომ დავასრულე, ორგანიზმი გადამიხურდა. ლისის ტბიდან მუხადგვერდამდე სირბილით წავედი და უკან დავბრუნდი. მერე იქვე გოგირდის აბანოში შევედი და ცხელი შხაპი მივიღე, სახლში მისულმა კიდევ ერთხელ მივიღე ცხელი შხაპი, რამაც გამოიწვია შინაგანი ორგანოების დამბლა.

მუცლის ღრუში ტკივილები რომ დამეწყო, დავმალე, მეუღლეს არაფერი ვუთხარი. საღამოს შეუძლებელი გახდა ამ ყველაფრის ატანა და ვთხოვე, სასწრაფო დახმარება გამოეძახა. ექიმებმა ივარაუდეს, რომ ბრმა ნაწლავის შეტევასთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ როდესაც საოპერაციოში შემიყვანეს და გამკვეთეს, აღმოჩნდა, რომ იქ ყველაფერი წესრიგში იყო. რადგან მუცლის ტკივილები მაწუხებდა, მოახდინეს რევიზია, ანუ მუცელი გადამიხსნეს და ნახეს, რომ შინაგანი ორგანოები თითქმის მთლად მკვდარი იყო. დაურეკეს ქალაქის მთავარ ქირურგს ბატონ ზურაბ ცხაკაიას, რომელთანაც ვმეგობრობდი და მოახსენეს ჩემი მდგომარეობა. ექიმებმა უთხრეს, რომ მორგში გადაყვანას მიპირებდნენ, მაგრამ ბატონმა ზურაბმა უარი უთხრა და დაავალა, რომ სანამ მოვიდოდა, ორგანოების ის ნაწილი ამოეკვეთათ, რომელთა გადარჩენის მცირედი შანსიც კი აღარ არსებობდა.

რვა ადგილას ნაწლავები ამომკვეთეს, ჯამში 3,5 მეტრი, ასევე კუჭის ნაწილობრივი ამპუტირებაც დასჭირდათ, თირკმელებისა და სხვა ორგანოების კორექტირებებიც მოახდინეს - რათა ერთი-ორი დღე ვაცოცხლოთო. გამიყვანეს რეანიმაციაში და ყოველ წუთას ელოდნენ ჩემს გარდაცვალებას, მაგრამ ვერც მომაბრუნეს და არც მოვკვდი, სუნთქვას ვაგრძელებდი. როგორც მერე მითხრეს, მე-7 დღე იყო, როდესაც ხმა ჩამესმა, ალბათ, ტვინი სწორედ მაშინ ჩაირთო: ცნობილმა ინფექციონისტმა, პროფესორმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა პალატაში შემოვლისას თქვა - ეს კიდევ ცოცხალიაო? ჩემთვის გავიფიქრე, თქვენ ეგრე გეგონოთ და მე მოვბრუნდები. ამ დროს მხოლოდ ტვინი მუშაობდა, თორემ სხეული ჯერაც უმოქმედოდ იყო.

ორი კვირის შემდეგ თვალები გავახილე და ცოტა ლაპარაკიც დავიწყე, მაგრამ ექიმებს მაინც არ სჯეროდათ, რომ საბოლოოდ გამოვიდოდი მდგომარეობიდან და ორი თვე მომცეს სიცოცხლის ვადა. ჩემს მეუღლეს ვთხოვე, რომ სახლში წავეყვანე, მაგრამ უარი მითხრა. მერე ულტიმატუმი წავუყენე, რომ თუ სახლში არ წამიყვანდნენ, დრენაჟებს მოვიგლეჯდი და იძულებულნი გახდნენ, ჩემს მოთხოვნას დამორჩილებოდნენ. ექიმები ფიქრობდნენ, რომ ამით წვალების თავიდან არიდება მსურდა და სიკვდილს ვაჩქარებდი, თუმცა, რეალურად, უბრალოდ კლასიკური მკურნალობის მეთოდი გამოვრიცხე და ჩემი მეთოდით გადავწყვიტე თავის შველა. გამორიცხვის მეთოდით, იმის საფუძველზე, რომ ვიცოდი, რაც მჭირდა, შევქმენი სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც ხუთ საფეხურს მოიცავდა და რომელთა მეშვეობითაც ჩემი მდგომარეობა უკეთესობისკენ უნდა შემობრუნებულიყო. სალხში გაწერისას ექიმებმა მითხრეს, რომ სანამ ცოცხალი ვიქნებოდი, ჭერისთვის მეყურებინა, გვერდზეც არ გადავბრუნებულიყავი და დავლოდებოდი სხვისი ხელით როდის შევჭამდი საჭმელს. მაგრამ მე ასე ცხოვრება არ მინდოდა, მეუღლეს ოთახის კარს ვაკეტინებდი, საკუთარ თავზე ვმუშაობდი და ორ წელიწადში სრულიად გამოვჯანმრთელდი, მესამე-მეოთხე წელიწადს კი, მსოფლიო რეკორდისთვის ვემზადებოდი და ვვარჯიშობდი”, - იხსენებს იმ მძიმე პერიოდს ლეჟავა.

ბატონი ჯუმბერი ბავშვობიდან დადიოდა სპორტზე და მის არაერთ სახეობაში მოსინჯა ძალები. მას წარმატებებიც ჰქონდა და ახალგაზრდულ ნაკრებებშიც იწვევდნენ, მაგრამ სპორტსმენობაზე მეტად კიბერნეტიკა იტაცებდა, რაც იმ პერიოდში ახალი ხილი იყო საბჭოთა კავშირში. კიბერნეტიკაზე ფიქრმა მას სპორტზე ხელი ვერ ააღებინა და ხშირად თამაშობდა ფეხბურთს, კალათბურთს, ჩოგბურთს, ერთობოდა კრივით და ჭიდაობით, სპორტულ ფორმას ინარჩუნებდა. დადიოდა ქართულ ცეკვებზე და კაკო ექვთიმიშვილის ცნობილ ანსამბლში სოლისტიც გახდა, რომელიც სუხიშვილების ანსამბლის დუბლიორადაც კი ითვლებოდა, მაგრამ მისი მთავარი მიზანი სწავლა იყო. იგი იყო მათემატიკასა და ფიზიკაში საქართველოსა და ამიერკავკასიის მოსწავლეთა სხვადასხვა დონის ოლიმპიადებში გამარჯვებული, ერთხელ კი, ფიზიკაში - საკავშირო ოლიმპიადის გამარჯვებულიც.

 

მკურნალობიდან რეკორდებამდე

1990 წელს საკუთარი გათვლებითა და მონდომებით იმქვეყნიდან მობრუნებულმა ჯუმბერ ლეჟავამ პირველი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომელიც გინესის წიგნში შეიტანეს. მას შემდეგ მან 14 მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მდევრებთან იმხელა უპირატესობები მოიპოვა, რომ მის დაწევაზე ფიქრსაც კი, ყველა შეეშვა, მაგრამ ამ ადამიანთან შეხვედრისას, რეკორდებზე მეტად, მისი ჯანმრთელობის საიდუმლოება გაინტერესებს.

“წოლბჯენიდან მკლავებზე აზიდვებში, გნებავთ სპრინტერულ და გნებავთ მარათონულ მაჩვენებლებში ახლაც ჩემი რეკორდებია და აღარსად ჩანან შვედები, ინგლისელები და გერმანელები. ისინი ამბობენ, რომ სულ სხვა მოვლენასთან აქვთ საქმე. აქ მთავარი მხოლოდ რეკორდები როდია. ჩემი ვარჯიშებით დღეს შესაძლებელია სისხლის, გულის, კუჭის წყლულისა და სხვა დაავადებებისგან განკურნება. მიუხედავად ამისა, მთელი 9 წლის განმავლობაში არ მომეცა იმის საშუალება, რომ საკუთარი გამოცდილება ხალხის სასიკეთოდ გამომეყენებინა. ჩემი ვარჯიშები არა მხოლოდ ტანისა და კუნთების დასაყენებელი ვარჯიშებია, არამედ ადამიანის ყველა ორგანოს კომპლექსური სამკურნალო ვარჯიშიცაა.

თუკი თქვენ აბსოლუტურად განკურნავთ სისხლს და იდეალური სისხლი გექნებათ, აბსოლიტურად კარგად იმუშავებს გული. შესაბამისად, კუჭი იმუშავებს იდეალურად, რასაც მოყვება თირკმელების გამართულად მუშაობა და ამ ყველაფრის ფონზე, ღვიძლი იქნება იდეალურ ფორმაში, გაუმჯობესდება სასუნთქი ფუნქციები. ჯანმრთელობის სამინისტროდან დაწყებული, ყველას მივმართე, მაგრამ არ მომცეს დარბაზი, სადაც ადამიანების მიღება იქნებოდა შესაძლებელი, არც ტელევიზიაში დამითმეს დრო, რომ ერთი საათი მესაუბრა მოგზაურობაზე. რა უნდა იყოს იმაზე საინტერესო, მოისმინო ქვეყნებზე ისტორიები იმ ადამიანისგან, რომელმაც ეს ყველაფერი თავისი თვალით ნახა?

ახლა ასეთი სურათი გვაქვს: ჩემი ვარჯიშები მთელმა მსოფლიომ აიტაცა: ამერიკელებმა, ფრანგებმა, გერმანელებმა, ინგლისელებმა, ფინელებმა, რუსებმა და იაპონელებმა, ყველა ჩემი გამოსვლა ჩაიწერეს და ამ უკანასკნელებმა, ამ ვარიშების ფონზე მხატვრული ტანვარჯიშიც კი შექმნეს სპეციალურად კაცებისთვის. ყველა ქვეყანაში, სადაც კი შევდიოდი, შეერთებული შტატების საელჩო მიბარებდა და ლექციის წაკითხვას მთხოვდა. მე დავარწმუნე მსოფლიო, რომ 50 წლიდან იწყება ახალი ცხოვრება, ადამიანისა, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს, მაგრამ ჩემი ცოდნის გამოყენება ყველაზე მეტად საქართველოში გაჭირდა.

არადა, ჩემი პროგრამა რამდენიმე ქვეყნის პოლიციასა და ჯარში დაინერგა. აზიის ქვეყნებში კლუბებიც კი შეიქმნა. თუ დააკვირდებით, ახლა ნბა-ს გუნდებში შეცვლაზე შესვლის წინ კალათბურთელები აზიდვებს აკეთებენ და ესეც ჩემი პროგრამის ნაწილია. ასეთი სრულყოფილი ვარჯიში, რომელიც კისრიდან დაწყებული ფეხის თითებით დამთავრებული ყველა კუნთს ავარჯიშებს, არ არსებობს. ეს ვარჯიში მე კი არ გამოვიგონე, უბრალოდ, სამკურნალოდ გამოვიყენე და დამატებითი ფუნქცია შევძინე. ადრე მას მხოლოდ სუნთქვისა და ძალისათვის იყენებდნენ, ახლა კი, ფართო გამოყენება აქვს, თუმცა, აზიდვები გულისთვის საკმაოდ რთული ვარჯიშია და მას ფრთხილი მოპყრობა უნდა”.

როდესაც ბატონი ჯუმბერი რეკორდის დასამყარებლად წავიდა, მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ადამიანი ამ ხუთი წლის განმავლობაში საკუთარი მეთოდებით ჯერ ფეხზე დასადგომად იბრძოლებდა, მერე კი, მსოფლიო რეკორდზე იფიქრებდა. მაგრამ შრომისმოყვარეობამ და თმენის უნარმა მას ეს შეაძლებინა.

“ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც ოთახში ვიყავი გამოკეტილი, უმეტესად აზიდვებზე ვვარჯიშობდი. ამ ტიპის ვაჯიშის დროს მთელი ორგანიზმი მოქმედებაშია. მთავარი შრომის სიყვარული და ნებისყოფაა. სწავლაში ჩემზე ნიჭიერი ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ მე შემეძლო, მათზე სამჯერ მეტი დრო ვმჯდარიყავი წიგნებთან და მესწავლა, ოღონდ ბოლომდე მესწავლა. მთავარია, რომ მიზანი დაისახო და მერე ამ მიზნისთვის არაფერი დაიშურო, მოითმინო, იმუშაო და საწადელს აუცილებლად მიაღწევ”.

23 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა სპორტსმენმა ეს რეკორდები დაამყარა და დღემდე არცერთი დამხობილა. მათი გაუმჯობესება იოლი საქმე სულაც არაა. თავად განსაზღვრეთ - 5011 აზიდვა 1 საათში; 19300 - 6 საათში; 34995 - 12 საათში; 44141 - 24 საათში; 1730000 - 100 დღის განმავლობაში და 4800000 - წლის განმავლობაში. კიდევ ერთი გინესის რეკორდი მუცლის პრესის ვარჯიშში - 2806 უწყვეტად 1 საათის განმავლობაში. ცნობისთვის, აზიდვაში წინა რეკორდი პედი დოილს ეკუთვნოდა და მისი მაჩვენებელი 1 საათში 36 ათასი იყო, ანუ, 8 ათასით ნაკლები...

 

არშემდგარი რეკორდი

ქართველ მოგზაურს სურვილი ჰქონდა, კიდევ ერთი უნიკალური მოგზაურობა შეესრულებინა ველოსიპედით - მისულიყო სამხრეთ პოლუსამდე, მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ სურდა. სამწუხაროდ, 7 წლის წინ მისთვის 50 და შემდგომში 25 ათასი დოლარის გამოყოფა ვერ მოხერხდა, უკრაინის, ან სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ კი, ლეჟავამ ამის გაკეთება არ ისურვა.

“ანტარქტიკაში სამჯერ ვარ ნამყოფი. პირველად არგენტინელებმა მცეს დიდი პატივი და მთელი კონტინენტი შემომაფრინეს, რათა საკუთარი თვალით მენახა ეს ტერიტორია. მეორედ ველოსიპედით ჩავედი და ვიარე, რათა მომესინჯა, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ტერიტორიაზე ველოსიპედით გადაადგილება. ჩემი აღფრთოვანება რომ დაინახეს, არგენტინელები დამპირდნენ, კიდევ წაგიყვანთო და მესამედაც ველოსიპედით ჩავედი, მაგრამ პოლუსზე არ ვყოფილვარ. გავიარე მხოლოდ არგენტინის ანტარქტიკის ნახევარკუნძულის ტერიტორია. ეს იყო დაზვერვა, შეიძლებოდა თუ არა ველოსიპედით პოლუსზე წასვლა.

როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ამის შესახებ გზად უკრაინაში, ინტერვიუში განვაცხადე. ერთმა უკრაინელმა მოგზაურმა - ლეონიდ მიკულამ რომ გაიგო, სამხრეთ პოლუსზე ველოსიპედით ვაპირენდი გამგზავრებას, გამომიგზავნა წერილი. მას სურდა, ჩემთან ერთად წამოსულიყო. დავუკავშირდი და შევთავაზე, ისე, როგორც მთაში, მოგზაურობაშიც თუ ერთმანეთი არ გამოვცადეთ, ერთად ვერ წავალთ და ჩვენთან დავპატიჟე. ჩამოვიდა. ახალციხიდან წამოვედით ნავებით, -10-12 გრადუსი იყო. შესანიშნავად ვიარეთ. ღამეებს გარეთ ვათევდით, გაყინულ წყალში ჩაყვინთვებიც გვქონდა. ამ ყინვებში ასეთ პირობებში თბილისამდე ჩამოვედით.

რადგან ერთმანეთს კარგად გავუგეთ, გავაკეთეთ პროექტი და სპეციალური ველომობილი. შესანიშნავი პროექტი გამოვიდა და ექსპო-2006-ზე ოქროს მედალი ავიღეთ. ყველა აღფრთოვანებული ელოდა პოლუსზე ჩვენს გამგზავრებას. ყველაფერი გამზადებული იყო და დაფინანსების სახით ჯამში 100 ათასი დოლარი გვჭირდებოდა, დანარჩენს სხვა სახელმწიფოები ფარავდნენ. მიკულამ თავისი წილი 50 ათასი იშოვა, მე ყველას დავუგზავნე წერილები, მაგრამ არავინ დამაფინანსა. მერე მითხრეს, რომ უკრაინელები 75 ათასს გაიღებდნენ და მხოლოდ 25 ათასი უნდა მეშოვა. ამაზეც უარი მივიღე. საბოლოოდ, უკრაინელები თანახმანი იყვნენ, რომ სრული თანხა დაეფარათ, მაგრამ ამ შემთხვევაში მეც უკრაინის სახელით უნდა წავსულიყავი. საქართველოს დროშისა და სახელის გარეშე გამგზავრებაზე უარი ვთქვი.

ჩვენ რომ იქ წავსულიყავით, 90% სიკვდილი გველოდა, მხოლოდ 10% იყო მიზნის მიღწევის შანსი. სახელად ხომ მაინც უნდა დარჩენილიყო საქართველო? ვთქვათ და, დავღუპულიყავით, ხომ უნდა გაეგო მსოფლიოს, რომ ამ მოგზაურობაში ქართველი მონაწილეობდა? არადა, ხალხი გაოცებული იყო, ისე ვემზადებოდი. მობმული მქონდა 5-მეტრიანი ბაგირი, რომელზეც გამობმული იყო ქვებით გავსებული 2 საბურავი და ასე დავრბოდი მთელი დღეები კუს ტბაზე. ძალიან მაგარ ფორმაში ვიყავი. ასე იმიტომ ვვარჯიშობდი, რომ იქ დაახლოებით 110-კილოგრამიანი ტვირთის ზიდვა მოგვიწევდა ველომობილის სახით. 400 კილომეტრი ტოროსებში უნდა გაგვევლო და აქ სულ ხელით უნდა გვეზიდა ტვირთი. შემდეგ იყო აღმართი, რომლის სიგრძეც 1300 კმ იქნებოდა. ველომობილი 3800 მეტრზე აგვეყვანა, რის შემდეგაც უნდა გაგვევლო პატარა ზეგანი და შემდეგ დავეშვებოდით 2800 მეტრის სიმაღლემდე, სადაც არის გეოგრაფიული პოლუსი.

ყველა მონაკვეთზე დროში რომ არ ჩავტეულიყავით, ჩვენ იქიდან ვერ დავბრუნდებოდით, მანძილები ისე გავთვალეთ, რომ 45-გრადუსიან ყინვაში გვიწევდა სიარული, წინააღმდეგ შემთხვევაში, 60-გრადუსიან ყინვაში ფილტვები სკდება და ადამიანი იღუპება. ჩვენი პროექტით არა მარტო გეოგრაფიული პოლუსის, არამედ სიცივისა და მაგნიტური პოლუსების დალაშქვრასაც ვაპირებდით, რაც ჩვენს პროექტს განასხვავებდა ყველა სხვა პროექტებისგან. მაგნიტური პოლუსი არის 370 მილზე ოკეანეში და იქ უნდა შევსულიყავით ფარფლებიანი ველოსიპედით.

შვიდი წელი გავიდა, ისევ ისეთ ფორმაში ვარ და ახლა მაინც თუ იქნება დაფინანსება, აუცილებლად წავალ. სხვათა შორის, მიკულამ რუს მოგზაურთან ერთად სცადა პოლუსზე წასვლა, მაგრამ რუსი მოგზაური ლოთი აღმოჩნდა და პროექტი ვერ განახორციელეს.

 

მოგზაურობა დედამიწის გარშემო - ველოსიპედით

ბატონი ჯუმბერი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც დედამიწას ველოსიპედით შემოუარა და სწორედ ამით გაითქვა სახელი ყველაზე მეტად. რეკორდების მოხსნის შემდეგ, მას ვარჯიშის გასაგრძელებლად ახალი მიზანი სჭირდებოდა და ეს მიზანიც მალევე გამოჩნდა.

“ყველა რეკორდი რომ დავამყარე, თითქოს მიზანი აღარ დამრჩა, არადა, გაჩერებაც არ შეიძლებოდა, დღეში 7-8 საათი მაინც უნდა მევარჯიშა, რადგან დატვირთვების უცებ შეწყვეტა გულის გაჩერებას გამოიწვევდა. თავად განსაზღვრეთ, ძალოსნები, ოლიმპიური ჩემპიონები, ვარჯიშისას დღეში 25 ტონა ტვირთს წევენ, მე კი, დღეში 600-700 ტონაზე ავდიოდი. აქტიური სპორცმენის გული, აქტიურ ფაზაში წუთში 4 ლიტრამდე სისხლს ამუშავებს, ჩემი, რეკორდების დამყარებისას. 16-17 ლიტრ სისხლს ამუშავებდა წუთში. იტალიაში არის ასეთი კლუბი - “10 მილიმეტრი სიკვდილისაგან” და მისი წევრი ვარ. ვისაც დიდი დატვირთვები აქვს, მას გულის უკანა კედელი უსქელდება და 10 მილიმეტრს რომ მიაღწევს, გული ქვავდება და ადამიანი იმ წუთასვე კვდება. სწორედ ამიტომ, დინამიურად უნდა ვივარჯიშო, თორემ ერთი დღეც თუ ჩავაგდე, პრობლემები შემექმნება. მაშინ ვარჯიშისას უფრო ვისვენებდი, ვიდრე მაგიდასთან მშვიდად მუშაობისას.

ამიტომ, რაღაც უნდა მომეფიქრებინა, რაც ნელ-ნელა ნორმალურ რიტმში ჩააყენებდა ჩემს გადაგვარებულ ორგანიზმს. 24-საათიანი რეკორდი რომ დავამყარე და თბილისში დავბრუნდი, აეროპორტში მეგობრები დამხვდნენ. უნივერსიტეტის სტუდენტმა რატი კიკაჩეიშვილმა, ერთ-ერთი მეგობრის შვილმა, ყოფილმა მორაგბემ, მითხრა - ჯუმბერი ბიძია, ძალა, გამძლეობა და გამოცდილება გაქვთ, ხომ არ შეგიძლიათ, რომ წახვიდეთ მსოფლიოს ყველა კონტინენტის ყველა ქვეყნის გავლით ველოსიპედით? იდეა ძალიან მომეწონა. მან ისეთი ფორმულა დამიწერა, რომელსაც მარტო ამოხსნა სჭირდებოდა. შევპირდი, რომ პროექტს მე დავწერდი და ერთად წავიდოდით მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ. სამწუხაროდ, 1992 წელს რატი აფხაზეთში სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. ჩემი მოგზაურობა სწორედ რატიკოს და ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს მივუძღვენი”.

ნებისმიერ მოგზაურობას თან ახლავს უამრავი ფათერაკი. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი რამ შეხვდებოდა 9 წლისა და 3 თვის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით მოგზაურ ლეჟავას.

“ვიეტნამში სერიოზული პრობლემები შემექმნა. ექვსჯერ დამესხნენ თავს, წართმევა უნდოდათ ფულის, ველოსიპედის. ექვსი თავდასხმა იყო ინდონეზიაშიც, მაგრამ არაფერს ვერჩი ვიეტნამელ ხალხს და ინდონეზიაც შესანიშნავი ქვეყანაა. რას მერჩოდნენ სვაზილენდში? მიცნობდნენ თუ რა?! ხელკეტებით დამესია ხუთი პოლიციელი და სულ დამამტვრიეს. კიდევ კარგი, რომ მეც შემეძლო პასუხის გაცემა და ორი რომ დავაგდე, მერე გაიქცნენ, მაგრამ მე ხომ დავზიანდი?

ყოველ დღე ველოდი, რომ ვინმე ბოლოს მომიღებდა. ვიცი, ბევრს არ მოსწონდა ჩემი ასეთი გადაწყვეტილება, ან უბრალოდ არ ეჯერათ, რომ ამ ყველაფერს შევძლებდი. აფრიკის კონტინენტზე სანამ გადავიდოდი, კახი ასათიანმა ამერიკაში შვილი გამომიგზავნა და მაჩვენა, რადგან ფიქრობდა, რომ აფრიკის გავლას ვეღარ შევძლებდი და რომელიმე სავანაში, ან უდაბნოში დავლევდი სულს. თუ დღიურები არ წაიკითხე, ყველაფერს ვერ გაიგებ, ყველაფერს ვერც მოვყვები, მაგრამ ამ დღიურების გამოცემის საშუალება ჯერ არ მომეცა.

მაქვს პრეტენზია იმისა, რომ ბევრ რამეში ვარ პირველი. ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ყველა, 18-ივე უდაბნო გაიარა, ყველა სავანა, ყველა ჯუნგლი მაქვს გავლილი, გადავიარე უამრავი უღელტეხილი და მათ შორის ყველაზე მაღალი ზღვის დონიდან 4885 მეტრზე იყო. 1200-ზე მეტი ღამე გავათიე ღია ცის ქვეშ, გზაზე და ყოველ წუთს ველოდი ბუნებისგან თუ ცხოველებისგან განსაცდელს.

საინტერესო და დასამახსოვრებელ მომენტს მოგიყვებით. აზია რომ გავიარე, ფეხსაცმელები აღარ მქონდა და ერთმა მილიონერმა ქართველმა მიყიდა ფეხსაცმელი. ვიფიქრე, მეშველა მეთქვი და ახალ ზელანდიაში რომ ჩავფრინდი, გავუყევი გზას ახალი ფეხსაცმელებით. ველოსიპედით აეროპორტიდან რომ დავიძარი წვიმა წამოვიდა. უცებ ფეხში რაღაც მეჩხვლიტა, მერე კიდევ უფრო მაგრად მეჩხვლიტა და გავჩერდი, შევამოწმე რა ხდებოდა და თურმე ამ ჩემს ახალ ფეხსაცმელს კარდონის ძირები ჰქონია. მიცვალებულის ფეხსაცმელები იაფი ღირდა, 3 დოლარი და ამ ქართველმა მილიონერმაც ის მიყიდა, ჩვეულებრივ ძირიანი ძვირი - 7 დოლარი დაუჯდებოდა. ყოველდღიურად მხვდებოდა ისეთი სიტუაციები, რომელთა ასე მოყოლა ძალიან გამიჭირდება. 55 ტომი მაქვს დაწერილი ჩემს მოგზაურობაზე, მაგრამ ჯერ ვერცერთი ვერ გამოვეცი. ჟურნალიც გამოვუშვი, მაგრამ კეზერაშვილმა ყველა რეკლამა ჩამიკეტა და მხოლოდ 4 ნომერი გამოვიდა. მათი უმეტესობა ახლაც სახლში მიდევს, ვერ გავყიდე, არავინ დამეხმარა და პირიქით ხელი შემიშალეს”.

 

კეთილი მსოფლიო და ცუდი პოლიტიკოსები

საუბარია იმ ადამიანზე, რომელსაც მიანიჭეს მსოფლიოს მოქალაქეობა, არის გაეროს ელჩი, დაჯილდოვებულია თავისუფლების ოქროს მედლით, შეყვანილია ამერიკის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ 21 საუკუნის 500 წარჩინებულ ადამიანთა სიაში...

“თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება რომ მოვითხოვე, თბილისის მერმა გიგი უგალავამ სამჯერ უარი მითხრა. მერე საზოგადოებრიობამ ამოიღო ხმა და ბოლოს მაღირსეს ეს ჩემთვის დიდად საპატიო წოდება. ჩამოტანილი მაქვს 60 ათასზე მეტი უნიკალური ფოტო და მსურს მოვაწყო გამოფენები - მსოფლიოს ბავშვები, ქალები, რელიგიური ცენტრები, ხიდები და მრავალი სხვა. მე ჩემს ქვეყანაზე ნაწყენი არ ვარ. ხალხი ყველგან დიდი სიყვარულით მხვდება და ესაა მთავარი. საერთოდ, როდესაც მოგზაურობაში ვიყავი, ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ამ სახელმწიფოში შესანიშნავად დამხვდნენ, ამ სახელმწიფოში - ცუდად, მაგრამ შინ დაბრუნებულმა საერთო ანალიზი გავაკეთე და აღმოვაჩინე, რომ მსოფლიო ძალიან კეთილი ყოფილა და ჯამში ყველგან კეთილი ადამიანები ცხოვრობენ. არიან კონკრეტული ცუდი ადამიანები და ცუდი პოლიტიკოსები. არასდროს უნდა შეხვიდე ქვეყანაში ცუდი განწყობით იმიტომ, რომ მათზე ვინმესგან ცუდი გაქვს მოსმენილი, ან წაკითხული, და უნდა ეცადო, ყველასგან მაქსიმალურად კარგი წამოიღო.

ამერიკის შეერთებული შტატები ავიღოთ. შინაგანი მოწყობით, ეს იდეალური ქვეყანაა, მაგრამ მათი საგარეო პოლიტიკა ისეთია, ღმერთმა დაგიფაროს. ხალხი და სოციალური მდგომარეობა ძალიან კარგია, სხვა ერების დაცვის საკითხი უმაღლეს დონეზეა. ესაა ტერიტორია, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ, თორემ ამერიკელი ერი არც არსებობს. იქ ყოველი მეცხრე ჩინელი, ხოლო ყოველი მერვე ზანგია, მაგრამ ყველა ეროვნების ადამიანი ძალიან კარგად გრძნობს თავს და სოციალური კუთხითაც პრობლემები ნაკლები აქვთ.

შევარდნაძის მოსვლის პოლიტიკას არასდროს ვიზიარებდი, ის არაკანონიარად, იარაღით მოვიდა ქვეყნის სათავეში და დაამხო არჩეული ხელისუფლება. გზაზეც მუდამ მებრძოდა მისი სპეცსამსახურები, მაგრამ, რომ დავბრუნდი, როგორც გმირი ისე მიმიღო და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დამაჯილდოვა. ბინაც მომცა და 50 ათასიც – ჯუმბერ, წიგნები დაწერეო. ისე მიმიღო, როგორც არასდროს არავინ მიუღია. ის არავის აცილებდა, მე კი, ლიფტამდე გამომაცილა და თავისი ხელით გამომიძახა ლიფტი”.

 

ცნობილი ადამიანები

“ლოზანაში ხუან ანტონიო სამარანჩს შევხვდი და მან თავისი ხელით გააკეთა ჩანაწერი, რომ ვიქნებოდი ყველა ოლიმპიადის ოფიციალური სტუმარი. ჩემი ველოსიპედით ზაფხულის ხუთ ოლიმპიადაზე ვარ ნამყოფი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მსოფლიოს მოქალაქეობა რომ მომანიჭეს, სპიკერი ფოა სამი საათი დამყვებოდა და დამათვალიერებინა მთელი შენობა. ჩიკაგოში რომ შევედი და ქალაქის პოლიციის უფროსს უთხრეს, სტუმარად მსოფლიო მოგზაური გვყავსო, მე-6 სართულიდან ჩამოვიდა და შემეგება. ყველას ვერ ჩამოვთვლი. ბონდევინმა, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ზამთარში, საშინელ ყინვაში, ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩემდამი.

პორტუგალიაში ეუსებიოს შევხვდი. ის მისი სახელობის სტადიონის დირექტორია, რომლის შესასვლელშიც მისი ულამაზესი ძეგლი დგას - ნახტომში ურტყამს ბურთს. მას ვუთხარი, რა ბედნიერი ხართ სტადიონის შესასვლელში თქვენი ძეგლი რომ დგას და ასე რომ გაფასებენთქო. რას ლაპარაკობ, ეს რა არის, შენ საქართველოში რომ დაბრუნდები ალბათ უშველებელ ძეგლს დაგახვედრებენო. მათში ასეთი წარმოდგენა იყო. პელეს რიო – დე – ჟანეიროს კარნავალზე შევხვდი, რომლის ოფიციალური სტუმარიც ვიყავი. ქალაქ ბრაზილიაში შეხვედრაც კი დაინიშნა. მისი კაბინეტიც კი დავათვალიერე. მარადონას ბუენოს აირესში, არგენტინა ჩილეს თამაშისას ვესაუბრე. მისი ავტომობილი და ჩემი ველოსიპედი გვერდიგვერდ იდგა და პოლიციის ერთი ჯგუფი ყარაულობდა.

უცხოეთში ყველა ჟურნალისტი იმას მეკითხებოდა, თქვენ ალბათ ყველაზე მდიდარი ადამიანი ხართ საქართველოშიო. მეც ვპასუხობდი, რომ ქართული გაგებით ასე იყო და მერე ინტერესდებოდნენ, რას ნიშნავდა ქართული გაგება. ქართველები ადამიანს მდიდრად მაშინ ვთვლით, თუ ბევრი მეგობრები ჰყავს და მე მთელ მსოფლიოში მყავს მეგობრები-თქო, ვპასუხობდი”.

უსახსრობით ჩაშლილი მოგზაურობა და მიმდევრები

რომ არა უსახსრობა, ამ პერიოდში ჯუმბერ ლეჟავასთან ჩემი შეხვედრაც ვერ მოხერხდებოდა. წესით, ის ახლა გზაში უნდა იყოს, მაგრამ...

“ველოსიპედით ხუთ ზაფხულის ოლიმპიადაზე ვარ ნამყოფი და გადავწყვიტე, რომ სოჭის ოლიმპიადაზეც წავიდე. პირვანდელი გათვლით, ჩემი მოგზაურობა უკვე დაწყებულიც უნდა იყოს. მსურდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები მომევლო, მთელი რუსეთისთვის შემომეარა და სოჭში ჩასვლამდე ყველა დიდ ქალაქში წამეკითხა ლექციები ჩემს სავარჯიშო პროგრამასა და მოგზაურობის შესახებ. 300 ქალაქში უნდა წამეკითხა ლექცია და ამიტომ, მგზავრობა 1,5 წლით ადრე უნდა დამეწყო, მაგრამ დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები ვერ მოვიძიე. ახლა წავალ მოკლე გზით, რათა ყველას ვაჩვენო ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები, თუმცა, ლექციებს ვეღარ წავიკითხავ”.

ბატონი ჯუმბერი ახალგაზრდებსაც ეხმარება ნიჭის გამოვლენაში, ერთ-ერთი ასეთი კი, რუსუდან გორდეზიანია, რომელსაც ახალი რეკორდისთვის ამზადებს.

“ერთ დღეს ეს გოგონა ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ძალიან უყვარდა ცეკვა, ერთ-ერთ ანსამბლში ცეკვავდა და შეეძლო დიდხანს ცურვაც. ვურჩიე, ჯობია რაღაცაში იყო პირველი, ვიდრე რიგითი მოცეკვავე და მანაც დამიჯერა. 7-8 თვე ვამზადე და ახლახანს საჩვენებელი გამოსვლა ჰქონდა. მან 24 საათში 47 კილომეტრი გაცურა და საქართველოს აბსოლიტური რეკორდი დაამყარა. მანამდე ეს რეკორდი 37 კილომეტრი იყო. ახლა თბილისის ზღვაზე გავიყვანთ 50 კილომეტრის გასაცურად და მერე ჩავდგებით ლამანშის სრუტის გადაცურვის რიგში. გინესის რეკორდი 90 კილომეტრია და ვეცდებით სამომავლოდ მის გაუმჯობესებას.ეცდებით”.

 

ყველაზე ლამაზი ქალები

“ამ საკითხთან დაკავშირებით მცირე კონფლიქტი მქონდა სლოვაკებთან. როდესაც მსგავს კითხვას მისვამენ, ყოველთვის პაკისტანელ ქალებს ვასახელებ. ისინი ხორბლისფერები, მაღლები და გამხდრები არიან, მაღალი ყელი აქვთ და ბალერინებივით დადიან. ყოველი მათგანი ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ძეგლი გეგონება. ვფქირობ, ამის მიზეზი მათი ცხოვრების წესი უნდა იყოს. დღეში 10-15 თუნგი წყალი მიაქვთ თავზე დადებული და გაჭიმული სიარული ჩვევაში გადაუვიდათ. ეს რომ სლოვაკებთან ვთქვი, მერე მათ დაწერეს, ალბათ ბატონი ჯუმბერი იმ ქვეყნის ქალებს აფასებს, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდაო. რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზები არიან სლავი ქალებიც, მაგრამ მე მაინც პაკისტანელები უფრო მომეწონენ”.

 

ჯუმბერ ლეჟავას სურვილები

“მართალია მამა ადრეულ ასაკში გარდამეცვალა, მაგრამ მე ის მაინც ძალიან მიყვარს. სულ “მამა არ შეარცხვინოს” ძახილით გავიზარდე და ყოველთვის ვცდილობდი მისი სახელი არ შემერცხვინა. და ახლა მინდა, რომ პირადობის მოწმობაში მისი სახელი დავიბრუნო, რომელიც წამართვეს. მსურს, რომ დავიბრუნო ჩემი ეროვნებაც, პასპორტში ეწეროს, რომ მე ქართველი ვარ. ამერიკელები 25 მილიონს მაძლევდნენ, რათა მათი სახელით მეარა, მათი სახელით გამომეცა წიგნები, მაგრამ მე უარი ვთქვი, იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ჯერ ქართულად უნდა დაიბეჭდოს ყველაფერი. მერე ითარგმნოს სხვა ენებზეც, პრობლემა არაა.

კიდევ ის მსურს, რომ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არ ვიყო, სხვა მხრივ სახელმწიფოს დახმარება არაფერში მჭირდება. აქამდე ამის თქმას აზრი არ ჰქონდა, რადგან მებრძოდნენ და რომელ დახმარებაზე იყო საუბარი. წინა ხელისუფლება ჯერ კიდევ ათენის ოლიმპიადაზე ვამხილე, ამათში სულიერების არაფერია-თქო და იმის შემდეგ არ გამახარეს, წამართვეს სახლი და ყველაფერი, რაც კი გამაჩნდა. დამცირებული ვარ, რადგან სტუმრები რომ ჩამოდიან, არც ბინა მაქვს და არც იმის ფული, მათ საკადრისად რომ ვუმასპინძლო. არადა, ჩემი სტუმრები პოლიტიკოსები არიან. აგერ, სექტემბერში საფრანგეთის რამდენიმე ქალაქის მერი მესტუმრება. სახელმწიფოსგან მხოლოდ იმას მოვითხოვ, რაც მეკუთვნის, მხოლოდ ეს დამიბრუნონ. ცოტა ხანს მოვიცდი და ფორმაში რომ შევა დღევანდელი ხელისუფლება, ჩემს პროგრამებს დავუდებ და მწამს, მათი ამოქმედება საქართველოს ახალგაზრდობას, მათ გაჯანსაღებას გამოადგება”.

P.S. “მსოფლიო სპორტი” ულოცავს ბატონ ჯუმბერს მოახლოებულ დაბადების დღეს (23 ივლისს), უსურვებს ჯანმრთელობასა და წარმატებას როგორც მოგზაურობაში, სევე პირად ცხოვრებაში.

ზურა ქსოვრელი

თენგო ჩობანიძე

Loading...
0.969206