კალათბურთი

14:47 | 6.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის და სანიკიძის “სარაგოსა” ევროთასზე გერმანულ, იტალიურ, ბელგიურ და ფრანგულ გუნდებს ეთამაშება

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ევროლიგის შემდეგ რანგით მე-2 ევროპული ტურნირის – ევროთასის 2013-14 წლების სეზონის წილისყრა შედგა, რომლის საწყის ჯგუფურ ეტაპზეც 24 ქვეყნის წარმომადგენელი 48 კლუბი ითამაშებს. ცხადია, მათ შორის ქართული გუნდი არაა, ამდენად, ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს ესპანური “სარაგოსა” იწვევს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელები გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე ირიცხებიან.

წილისყრის შედეგად, არაგონული კლუბი D ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად გერმანული “ალბა” და “ტელეკომი”, იტალიური “ლოტომატიკა”, ბელგიური “დექსია” და ფრანგული “გრავლენი” ეყოლება. სარაგოსელებს ევროთასის პირველი მატჩი 16 ოქტომბერს ელით, როდესაც “დექსიას” უმასპინძლებენ.

ქვემოთ ევროთასის წილისყრის სრულ შედეგებს გაეცნობით, მანამდე კი ორიოდ სიტყვით ტურნირის ფორმატზე მოგახსენებთ. 15 ოქტომბრიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში, გუნდები მიმოსვლითი სისტემით ათ მატჩს ჩაატარებენ, 8 ჯგუფის სამ-სამი საუკეთესო გუნდი კი მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გააღწევს.

ამ 24 კლუბს ევროლიგიდან გამოვარდნილი 8 გუნდი დაემატება და 32 კლუბი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. ამ ეტაპის მატჩები 7 იანვრიდან 19 თებერვლამდე ჩატარდება, ორ-ორი საუკეთესო კი მერვედფინალში გააღწევს და ამ ეტაპიდან მოყოლებული, გუნდები მიმოსვლითი სისტემით ითამაშებენ.

მერვედფინალები 4-12 მარტს შედგება, მეოთხედფინალები – 18-26 მარტს, ხოლო ნახევარფინალები 1-9 აპრილს. იგივე პრინციპით ჩატარდება ფინალიც, თამაშები კი 1-7 მაისს გახლავთ დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ფინალი მიმოსვლითი სისტემით 2002-03 წლების შემდეგ პირველად გაიმართება.

 

A ჯგუფი: ნიმბურკი (ჩეხეთი), კანტუ (იტალია), ლე მანი (საფრანგეთი), ოსტენდე (ბელგია), ციბონა (ხორვატია), არტლენდი (გერმანია).

B ჯგუფი: ბილბაო (ესპანეთი), ცედევიტა (ხორვატია), დინამო სასარი (იტალია), შარლერუა (ბელგია), შალონი (საფრანგეთი), ოლდენბურგი (გერმანია).

ჯგუფი: ვალენსია (ესპანეთი), ოლიმპია (სლოვენია), ვარეზე (იტალია), ვილერბანი (საფრანგეთი), ულმი (გერმანია), პარი ლევალუა (საფრანგეთი).

D ჯგუფი: ალბა (გერმანია), სარაგოსა (ესპანეთი), ლოტომატიკა (იტალია), დექსია (ბელგია), გრავლენი (საფრანგეთი), ტელეკომი (გერმანია).

E ჯგუფი: ხიმკი (რუსეთი), ქარშიაქა (თურქეთი), ჰაპოელ იერუსალიმი (ისრაელი), იგოკეა (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ლუკოილ-აკადემიკი (ბულგარეთი), პლოეშტი (რუმინეთი).

F ჯგუფი: ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია), ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი), ანკარა (თურქეთი), პაოკ (საბერძნეთი), ხიმიკი (უკრაინა), ალბა ფეჰებარი (უნგრეთი).

G ჯგუფი: უნიქსი (რუსეთი), ბანვითი (თურქეთი), ვეფ (ლატვია), მაკაბი ჰაიფა (ისრაელი), სკოპიე (მაკედონია), კალევი (ესტონეთი).

H ჯგუფი: სპარტაკი სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი), ბეშიქთაში (თურქეთი), პანიონისი (საბერძნეთი), ნეპტუნასი (ლიტვა), რადნიჩკი კრაგუიევაცი (სერბეთი), ბიზონსი (ფინეთი).

0.113569