სხვა

18:14 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ს რიჩარდ ნორლანდი ესტუმრა

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ეწვია. ჟურნალისტებისთვის ღია მხოლოდ პირისპირ შეხვედრის ხუთიოდე წუთი იყო. შემდეგ კი სტუმარ-მასპინძლებმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს და ბოლოს ოფიციალური კომენტარებიც გააკეთეს.

სეოკ-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, საპატიო სტუმარს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა ნინო სალუქვაძემ და მამუკა ხაბარელმა და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა ქართული ოლიმპიური მოძრაობის ისტორია გააცნეს. ამასთან, 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებითაც მიაწოდეს ინფორმაცია.

"საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობები აკავშირებთ და სპორტშიც თქვენს გვერდით გვიგულეთ. ვიცი ამ სფეროში თქვენი დიდი ტრადიციების შესახებ და ისიც ვიცი, რომ 2015 წელს მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლობა გელით. ოლიმპიადა ძალზედ ამაღელვებელი ფორუმია. სასიხარულოა, რომ საქართველოში ოლიმპიურ სულისკვეთებას ბევრი ადამიანი იზიარებს. მინდა წარმატებები გისურვოთ” - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ლერი ხაბელოვმა ამერიკის ელჩს საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს (23 ივნისს) თბილისში გამართულ გარბენში მონაწილეობისთვის და დღევანდელი სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ოლიმპიური ბიბლიოთეკა და მუზეუმი დაათვალიერებინა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113595