სხვა

16:29 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-მა და “ავერსმა” ახალი ხელშეკრულება გააფორმეს

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და კომპანია “ავერსმა” ურთიერთთანამშრომლობის მორიგი მემორანდუმი გააფორმეს. ხელშეკრულების თანახმად, “ავერსი” საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, პერსპექტიულ სპორტსმენებს და ვეტერან ოლიმპიელებს უფასო სამედიცინო დახმარებას გაუწევს და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

ახალ კონტრაქტს დღეს ხელი საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მოაწერეს. ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალს ასევე დაესწრნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, "ავერსის" გერენარული დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე და სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონები.

"სეოკ-სა და “ავერსს” შორის ჯერ კიდევ 2009 წელს გაფორმებული მემორანდუმი ძალზე წარმატებული პროექტი იყო და 2013 წელს ჩვენც სიამოვნებით გავაგრძელეთ თანამშრომლობა. დღეს კიდევ გავახანგრძლივეთ კონტრაქტი და იმედია, ჩვენი მეგობრობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ეს პროგრამა მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ვეტერანი, ასევე მოქმედი სპორტსმენებისთვის" - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის სამსახურში ყოფნა “ავერსისთვის” დიდი პატივია. ვეტერანმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა კი კომპანიის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადეს.


0.122095