როჯერ ფედერერის რეკორდებს ბოლო არ უჩანს. მის მიერ გამომუშავებულ 70 მილიონ დოლარზე გუშინ გამცნეთ, მადრიდის ტურნირის მოგების შემდეგ კი შვეიცარიელი მასტერზის შეჯიბრებებზე გაჩემპიონების რაოდენობით (20) იმ რაფა ნადალს დაეწია, რომელსაც დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგსიაში მეორე ადგილი დააკარგვინა და თავად აღმოჩნდა ნოვაკ ჯოკოვიჩის უშუალო მდევარი მსოფლიოს კლასიფიკაციაში. უძლიერეს მამაკაც ჩოგბურთელთა მოწინავე ათეულს რაც შეეხება, მასში კიდევ ერთხელ დაბრუნდა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, ხოლო ჯოკოვიჩმა 500 ქულა დაკარგა (მადრიდის ტურნირი შარშან სერბმა მოიგო) და ფედერერთან მისი უპირატესობა თანდათან მცირდება. თუმცა, “ნოლეს” იმედი აქვს, რომ გაცილებით უკეთ გამოვა რომის შეჯიბრებაზე. “როგორც იქნა ნორმალურ გრუნტზე ვარჯიშის საშუალება მომეცა. მადრიდში ფეხი მიცურდებოდა, რის გამოც ხშირად ვვარდებოდი”, განაცხადა ჯოკოვიჩმა, რომელიც იტალიის დედაქალაქში სტარტისთვის ემზადება. შარშან მან “მარადიულ ქალაქში” ფინალში რაფა ნადალს მოუგო და წლეულს მოპოვებული სარეიტინგო ქულების დაცვა მოუწევს. რომის “მასტერზ1000” ნადალს ხუთჯერ აქვს მოგებული, ფედერერი კი ორჯერ ფინალში დამარცხდა.
ქალთა მოწინავე ათეულს რაც შეეხება, დიდი ნახტომი გააკეთა წინ სერენა უილიამსმა. მისი დანაქადნები, რეიტინგში პირველ ადგილს დავიბრუნებო, არარეალური სულაც არ ჩანს.
ATP Rankings
1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 11200
2 (3) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 9430
3 (2) რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 9105
4 (4) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 7500
5 (5) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 4930
6 (6) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 4460
7 (7) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4410
8 (8) იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 3090
9 (11) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 2970
10 (10) ჯონ იზნერი (აშშ) 2725
WTA Tour Rankings
1 (1) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 9020
2 (2) მარია შარაპოვა (რუსეთი) 7610
3 (3) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 7080
4 (4) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 6250
5 (5) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 5435
6 (9) სერენა უილიამსი (აშშ) 5300
7 (7) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 4945
8 (6) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 4936
9 (8) ლი ნა (ჩინეთი) 4405
10 (10) ვერა ზვონარიოვა (რუსეთი) 3640







