კალათბურთი

20:50 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსთვის ევრობასკეტი დასრულებულია

ეროვნულმა ნაკრებმა გასული ევროპის ჩემპიონატის შედეგი ვეღარ გაიმეორა


საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხუთიდან 4 მატჩი წააგო და C ჯგუფში ასპარეზობა ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. გასულ ევრობასკეტზე მე-2 რაუნდში გასვლა მოვახერხეთ და თუკი შედეგის თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, ქართველი კალათბურთელების გამოსვლას წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, თუმცა, მთელი რიგი მიზეზების გამო, ენა ვერც მათ გასაკრიტიკებლად მოგვიბრუნდება.

იგორ კოკოშკოვის შეგირდებს ევრობასკეტის დასკვნითი მატჩი მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან ჰქონდათ და ცხადია, წარმატებაზე ფიქრი ძალიან ძნელი იყო. ქართველმა კალათბურთელებმა დაახლოებით 17 წუთს გაძლეს, შემდეგ კი მეტოქის უპირატესობა აშკარა გახდა და შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა – 59:83.

თითქოს მთელი ტურნირის განმავლობაში კაპიტან ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას არყოფნა არ კმაროდა, პირენეელებთან შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრებს სასტარტო ხუთეულის კიდევ ერთი წევრი – მანუჩარ მარკოიშვილი დააკლდა. “მანუმ” ფეხი ჩეხეთთან წაგებულ მატჩში დაიშავა და ვინაიდან ესპანეთთან თამაში ფაქტობრივად აღარაფერს წყვეტდა, მწვრთნელებმა მისი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ აღარ დააყენეს.

მარკოიშვილის არყოფნაში სასტარტო შემადგენლობაში მისი ადგილი ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა რიკი ჰიკმანმა დაიკავა, სხვა მხრივ კი ხუთეული უცვლელი იყო: გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, ლევან ფაცაცია და ვიქტორ სანიკიძე. უცვლელი იყო ქართველთა ტაქტიკაც. ჩვენი გუნდი ესპანელების შეჩერებას ზონური დაცვის საშუალებით ცდილობდა, რამაც შედეგი მხოლოდ თამაშის დასაწყისში გამოიღო.

მეტოქე ბევრ ბურთს აცილებდა, ქართველები კი საკუთარი შანსის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობდნენ. ჯამში, საქართველოს ნაკრები 8:10 წუთის განმავლობაში ლიდერობდა და ეს სწორედ პირველ ნახევარში იყო. ბოლოს საქართველო მე-2 მეოთხედის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე იგებდა (27:26), თუმცა, რუდი ფერნანდესმა ორქულიანს ბონუს-საჯარიმოც მიაყოლა, დარჩენილ დროში კი მეტოქემ იმდენი მოახერხა, რომ დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 41:29.

აღნიშნულის შემდეგ, თამაშში ბრძოლა აღარ ყოფილა. კლასში სხვაობა აშკარად სჩანდა და რიკი რუბიოს (მან თამაშიდან 7-ვე ტყორცნა გამოიყენა და 16 ქულა მოაგროვა) და სერხიო როდრიგესის (15 ქულა) წინამძღოლობით, ერთხელ მეტოქის უპირატესობამ 30 ქულასაც უწია, თუმცა, საბოლოოდ 24 ქულამდე დავიდა. აღნიშნულმა მწვრთნელებს სათადარიგო კალათბურთელების დატვირთვის საშუალება მისცა და გამოცდილების მისაღებად, განსაკუთრებით საჭირო, ეს საქართველოს ნაკრებისთვის იყო.

შედეგად, მოედანზე საქართველოს ნაკრების განაცხადში მწყობრში მყოფი 11-ვე კალათბურთელი ვიხილეთ და ათმა მათგანმა ქულების დაგროვებაც მოახერხა. უქულოდ მხოლოდ ახალგაზრდა ოთარ ფხაკაძე დარჩა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მან მხოლოდ 02:06 წუთს ითამაშა. ჯამში, ქართველმა სამარქაფოებმა 25 ქულა ჩააგდეს და ეს, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

სამაგიეროდ, ესპანეთთან აშკარად არ წაუვიდათ თამაში გუნდის ლიდერებს, რომელთაც ევრობასკეტის სასტარტო დღეებში უმძიმესი მატჩების შემდეგ, ძალების სათანადოდ აღდგენა ვერაფრით მოახერხეს. გიორგი ცინცაძემ, რიკი ჰიკმანმა და ვიქტორ სანიკიძემ თამაშიდან ჯამში 31-დან მხოლოდ 7 ტყორცნა გამოიყენეს და 21 ქულას დასჯერდნენ.

ამ ფონზე ყველაზე შედეგიანად გიორგი შერმადინი გაისარჯა, რომელმაც 10 ქულას 4 მოხსნა წაამატა. აღსანიშნავია ბესიკ ლეჟავას და დუდა სანაძის 7-7 ქულაც, რომელთაც შესაბამისად 22:21 და 23:35 წუთს ითამაშეს. სანაძემ ფარქვეშ რამდენიმე დასამახსოვრებელი შესვლა გააკეთა და იმედი მოგვცა, რომ მისი სახით საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი კარგი კალათბურთელი ეზრდება.

ჩეხებთან მატჩისგან განსხვავებით (ფარქვეშიდან 60 ქულა მივიღეთ), ამჯერად სამწამიან ზონაში მეტოქეს ღირსეულად დავუდექით და 32:30 ვაჯობეთ, თუმცა, ესპანეთის ნაკრებს სხვა კომპონენტებში ისეთი უპირატესობა ჰქონდა, აღნიშნულზე დიდად არ უნდა ენერვიულა. ცნობისთვის, მოხსნებში 35:43 წავაგეთ, პასებში – 10:22, ჩაჭრებში – 5:9, ხოლო დაფარებებში – 2:7.

ამასთან, ბურთი 5-ით მეტჯერ დავკარგეთ (9:14), მეტოქისგან ერთბაშად 12 სამქულიანი მივიღეთ (ხუთის საპასუხოდ), ხოლო სწრაფი გარღვებების შედეგად დაგროვებული ქულების მიხედვით, ესპანეთმა 33:4 (!) გვაჯობა. და ეს, ალბათ, იმის ყველაზე ნათელი საბუთია, რომ გუნდი უაღრესად გადაღლილი იყო...

თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მოთამაშეებს, ქომაგებს და სრულიად საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გასულ ჩემპიონატს შეფასებაც მისცა, თუმცა, ეს მოგვიანებით იყოს, ამჯერად კი, ფაქტის კონსტანტირებით შემოვიფარგლებით. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი გამარჯვება იზეიმა და გასულ ევრობასკეტზე ნაჩვენები შედეგი ვეღარ გაიმეორა.

 

2013 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. C ჯგუფი. ცელიე (სლოვენია). მე-5 ტური.

საქართველო – ესპანეთი 59:83 (17:17, 12:24, 10:21, 20:21)

საქართველო: ცინცაძე (32 წ. 6 ქ. 5 პ.), შერმადინი (25 წ. 10 ქ. 4 მ.), ჰიკმანი (26 წ. 7 ქ. 5 მ.), ფაცაცია (14 წ. 3 ქ.), სანიკიძე (24 წ. 8 ქ. 4 მ.); მეტრეველი (16 წ. 4 ქ. 4 მ.), ფხაკაძე (2 წ.) სანაძე (24 წ. 7 ქ. 3 მ.), ბურჯანაძე (5 წ. 2 ქ.), ლეჟავა (22 წ. 7 ქ. 5 მ.), ცქიტიშვილი (9 წ. 5 ქ. 3 მ.).

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.

ესპანეთი: აგილარი (13 წ. 2 ქ. 3 მ.), ფერნანდესი (22 წ. 11 ქ. 4 მ.), კალდერონი (19 წ. 3 ქ. 3 პ.), რუბიო (18 წ. 16 ქ. 5 მ. 3 პ.), გასოლი (22 წ. 4 ქ. 8 მ. 4 პ.); როდრიგესი (22 წ. 15 ქ. 3 მ. 4 პ.), რეი (18 წ. 6 ქ. 8 მ.), კლავერი (8 წ. 4 ქ.), სან ემეტერიო (18 წ. 3 ქ. 3 მ.), ლული (21 წ. 11 ქ.), მუმბრუ (10 წ. 3 ქ.).

მწვრთნელი: ხუან ორენგა.

მსაჯები: ბორის რიჟიკი (უკრაინა), ალეკსანდარ მილოევიჩი (მაკედონია), ომერ ესტერონი (ისრაელი)

 

გუნდური სტატისტიკა

საქართველო – ესპანეთი

თამაშიდან სროლა: 22/62 – 32/68

ორქულიანი: 17/45 (37.8%) – 20/38 (52.6%)

სამქულიანი: 5/17 (29.4%) – 12/30 (40.0%)

საჯარიმო: 10/14 (71.4%) – 7/9 (77.8%)

მოხსნა: 35 (შეტევაში 12) – 43 (შეტევაში 13)

პასი: 10 – 22

დაკარგვა: 14 – 9

ჩაჭრა: 5 – 9

დაფარება: 2 – 7

პერსონალური ფოლი: 14 – 15

ქულა დაკარგვის შემდეგ: 10 – 19

ქულა სამწამიანი ზონიდან: 32 – 30

“მეორე შანსის” ქულა: 8 – 10

ქულა სწრაფი გარღვევის შემდეგ: 4 – 33

სათადარიგოების ქულა: 25 – 47

უდიდესი ლიდერობა: 3 – 30

უდიდესი “გაქცევა”: 8:0 (17:15) – 13:0 (32:56)

ლიდერის შეცვლა: 8

საყაიმო ანგარიში: 5

ლიდერობის დრო: 08:10 – 27:30

 

www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან

 

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152108