სხვა

12:20 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსა და ყატარის ოლიმპიურმა კომიტეტებმა მემორანდუმი გააფორმეს

თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ყატარის ოლიმპიური დელეგაცია გენერალური მდივნის შეიხ აბდულ რაჰმან ბინ საუდ ალ-ტანის ხელმძღვანელობით, რომელიც ასევე სპორტის მინისტრიც მოადგილეცაა.

ყატარელი სპორტის მაღალჩინოსანი ამავდროულად იკავებს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის და სოკ-ის სპორტისა და გარემოს დაცვითი კომისიის წევრის თანამდებობებს. დელეგაციაშია ასევე ყატარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ზამილ ალ-შაჰრანი.

12 აპრილს შეიხმა აბდულ რაჰმანმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ორივე ქვეყნის სპორტისა და ოლიმპიზმის ინტერესებშია.

“სეოკ-მა კიდევ ერთი ღირსეული პარტნიორი შეიძინა და დღეიდან ყატართან ინტენსიური თანამშრომლობა გვექნება. მსოფლიო ოლიმპიურ ოჯახში ჩვენც და ყატარიც შედარებით ახალგაზრდები ვართ, მაგრამ ვფიქრობთ ორივეს დაგვიგროვდა იმდენი გამოცდილება, რომელთა ურთიერთგაზიარება კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ჩვენს სამომავლო საქმიანობას.

ყატარში არაერთი მაღალი რანგის შეჯიბრები გამართულა, დაწყებული აზიის თამაშებიდან, დამთავრებული სხვადასხვა სპორტის სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატებით. აღარაფერს ვამბობთ თუ რა დონის ტურნირები იმართება ჩოგბურთში. 2022 წელს, სულაც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებენ. ეს ყველაფერი კი ფანტასტიკური ინფრასტრუქტურის ხარჯზე ხდება, სადაც 80-ზე მეტი მაღალი დონის სპორტული ობიექტია” – აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

“მინდა მადლობა გითხრათ გულთბილი მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია სეოკ-ში სტუმრობა. საქართველო დიდი სპორტული ტრადიციების ქვეყანაა. გყავთ არაერთი ოლიმპიური თუ მსოფლიოს ჩემპიონი. ეს კი მიუთითებს, რომ სპორტის განვითარების კარგი ხედვა გაქვთ. მოკლედ, არის ინტერესთა სფეროები, სადაც გამოცდილების გაზიარება კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს საქმიანობას” – განაცხადა აბდულ რაჰმანმა.

ვიზიტის ფარგლებში ყატარის დელეგაცია შეხვდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს. სტუმრები დაათვალიერებენ სპორტულ ბაზებსაც.

www.geonoc.org.ge

0.12581