ფეხბურთი

23:05 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ლუქსემბურგთან 0:3 წაგება ჩაეთვალა

უეფამ საქართველოსა და ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრებების 2014 წლის 5 მარტის საკვალიფიკაციო მატჩის ანგარიში გააუქმა (1:1) და საქართველოს ნაკრებს წაგება ჩაუთვალა (0:3).

მიზეზი, სამწუხაროდ, ქართული მხარის შეცდომა გახდა. კერძოდ, ნიკა კვეკვესკირის გაფრთხილება, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა 2013 წლის 9 სექტემბერს, სლოვაკეთის ნაკრებთან გასვლით მატჩში მიიღო.

ამ მატჩის შემდეგ, 2013 წლის 10 ოქტომბერს, კვეკვესკირი ჰოლანდიასთან საშინაო მატჩში გააძევეს (წითელი ბარათი). მან 14 ოქტომბერს, შოტლანდიასთან გამართული შეხვედრა გამოტოვა. 18 ნოემბრის საშინაო მატჩში სლოვაკეთის წინააღმდეგ კი, კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.

შესაბამისად, 9 სექტემბრისა და 18 ნოემბრის მატჩებში მას 2 ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რის შემდეგაც, ავტომატურად უნდა გამოეტოვებინა 2014 წლის 5 მარტს, ლუქსემბურგთან გასამართი შეხვედრა.

თუმცა, სამწუხაროდ, ნაკრების ხელმძღვანელებს ეს ფაქტი გამორჩათ და კვეკვესკირმა 5 მარტის მატჩი ითამაშა.

ფაქტზე უეფას სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და სფფ-ს წერილობით აცნობა, რომ დაშვებული შეცდომის გამო, საქართველოს ნაკრებს წაგება ჩაეთვალა. ახლა, სატურნირო ცხრილში რვის ნაცვლად, შვიდი ქულა გვაქვს. შესწორება გაკეთდა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზეც. უშუალოდ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ან სხვა რაიმე სახის სასჯელი არ შეხებია.  

 

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113072