ფეხბურთი

15:00 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო და "კავკასიის ზიდანი" ყიფიანი Eurosport-ზე

Eurosport-ის საიტზე კარგი ჩანახატი მიეძღვნა დავით ყიფიანს. რაც წერია, სტაჟიანი ქართველი ქომაგისთვის უცხო არაფერია, თუმცა სასიამოვნო გასახსენებელია. ესპანელი ავტორი ივან კასტელიო იხსენებს "ტროფეო ბერნაბეუს" ოთხგუნდიან ტურნირს, როცა თბილისის "დინამომ" მიუნხენის "ბაიერნს" სძლია. იმ ტურნირზე, მადრიდის "რეალთან" მატჩისას მძიმედ დაშავდა ყიფიანი და შემდეგ როგორ არ ეცადა, რათა დაბრუნებულიყო და 1982 წლის მუნდიალზე ეთამაშა.

"დაბრუნდა, მაგრამ "ყუბანთან" მატჩში ისევ დაშავდა. 30 წლის ასაკში დაასრულა კარიერა. მთელი საქართველო ლამის ტიროდა, იმდენად დასწყდათ გული ყიფიანის ფეხბურთიდან წასვლაზე. ის ულვაშიანი ფეხბურთელების ეპოქის ერთ-ერთი ბოლო და ბრწყინვალე წარმომადგენელი გახლდათ. ყიფიანის თამაშში იყო ყველაფერი, რაც გემოვნებიან ქომაგს აღაფრთოვანებდა: ელეგანტურობა, რბილი მანერა, ორიგინალური გადაწყვეტილებები. ჩვენ ვწერთ კავკასიელ ზიდანზე. 

თბილისის "დინამოსა" ყველა ხმაურიანი მატჩი მისი ბრწყინვალე თამაშის "აკომპანიმენტით" იმართებოდა. მაგალითად, "ლივერპულთან" და "ინტერთან", სადაც თვით ჯაცინტო ფაკეტის მოპარა ბურთი, საჯარიმოში შევიდა და გოლი გაიტანა, რომლითაც ქართველებმა 1:0 მოიგეს".

ესპანელი ავტორი ყიფიანის სამწვრთნელო საქმიანობაზეც წერს – ის ხომ საქართველოს 6-გზის ჩემპიონი იყო მწვრთნელის რანგში. და რაც შეეხება მის გარდაცვალებას:

"2001 წლის სექტემბერში ავტოავარიამ იმსხვერპლა. ეს მოხდა წეროვანში, თბილისიდან დაახლოებით 30 კილომეტრის სიშორეზე. ასევე ავტოავარიაში დაიღუპა ყიფიანის ყოფილი თანაგუნდელი ვიტალი დარასელია. იმ დროს დარასელია 25 წლის გახლდათ. ყიფიანი და დარასელია ისე დაიღუპნენ, როგორც იტალიელი გაეტანო შირეა, პოლონელი კაზიმეჟ დეინა და სხვები..."

ავტორი საქართველოს ისტორიაზეც ჰყვება. აქვე, მოკლედ:

"იქ იოსებ სტალინი დაიბადა. საქართველოში დაახლოებით 4,6 მილიონი მცხოვრებია, ამ ქვეყანამ ბევრი განსაცდელი გამოიარა და ბოლო იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. რუსეთი უხეშად ერეოდა საქართველოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განვითარებული მოვლენებისას. თუმცა, საქართველო ისტორიულად მუდმივად იყო დამპყრობელი ქვეყნების ყურადღების ცენტრში".  

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114099