კალათბურთი

18:55 | 30.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

როლანდ ლაბუჩიძის იდენტიფიკაცია

როლანდ ლაბუჩიძე
“მსოფლიო სპორტის” ვებ-გვერდის - worldsport.ge-ს ჟურნალისტი.
ქართულ კალათბურთში შემოპარულია 1994 წლიდან.
შენიღბული მუშაობდა გაზეთებში: “რეზონანსი” (“სპორტ-რეზონანსი”), “სარბიელი”.
2006 წლიდან განსაკუთრებული შენიღბულობით მუშაობს გაზეთ “მსოფლიო სპორტის” რედაქციაში
.

დოსიედან ორ სიტყვას – “შემოპარული” და “შენიღბული” – თუ ამოვიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარ ჩვეულებრივ, პატიოსან ჟურნალისტად ვიცნობდი(თ) აქამდე როლანდს და ალბათ, ასეთიც დარჩებოდა “ჩვენს თვალში” უკუნითი უკუნისამდე, რომ არა კალათბურთის ფედერაციისა და სუპერლიგის წარმომადგენელთა დროული და რაც მთავარია, მსოფლიოს წამყვანი სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი ქმედებები, რასაც ლაბუჩიძის მყისიერი გაშიფვრა მოჰყვა.
დიახ, რომ არა ამგვარი დროული ქმედება, შენიღბული როლანდ ლაბუჩიძე (მეტსახელად “როლო”) კიდევ დიდხანს გაგვაბრუებდა “მსოფლიო სპორტის” რედაქციის ხელმძღვანელობას.
ახლა კი... ახლა “როლო” ვერას დაგვაკლებს, ვერც ჩვენ და განსაკუთრებით, ვერც კალათბურთის ფედერაციას, სუპერლიგას, რადგან, როგორც პირადად მე – ამ საიტის მთავარ რედაქტორს - სამიოდე დღის წინათ განმიცხადეს, სკფ-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, როლანდ ლაბუჩიძე ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მატჩებზე (ანუ, როგორც სანაკრებო, ისე სუპერლიგის, რადგან სუპერლიგა ფედერაციის დაქვემდებარებაშია) აღარ დაიშვება.
ჰოდა, შესაბამისად, ლაბუჩიძეს პრაქტიკულად მთელი საკალათბურთო სეზონის განმავლობაში საქმე არ ექნება (თუ არ ჩავთლით ევროტურნირებს, სადაც რამდენი ქართული კლუბი და რა ხანგრძლივობით ასპარეზობს, მშვენივრად მოგეხსენებათ) და ვეღარც ჩვენთან დაწერს მიკერძოებულ სტატიებს.
სწორედაც რომ მიკერძოებულ სტატიებს – ზუსტად ამაში ამხილეს ჩვენი ჟურნალისტი. თუმცა, რაღა ჩვენი - როგორც სკფ-იდან მაცნობეს, ლაბუჩიძე, რედაქციისგან მალულად, “შეეკრა” ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობ პირს ან პირთა ჯგუფს (ეს, მეორე სურათზე აშკარად ჩანს). მათ გამოაშკარავებას კი, დღეს თუ არა ხვალ უნდა ველოდოთ, რადგან სკფ-დან დამპირდნენ, რომ უახლოეს დღეებში ზემოაღნიშნულს ფაქტობრივი მასალებით გაამყარებენ.
ნამდვილად საინტერესოა, რა კონკრეტულ ფაქტებს წარმოადგენენ პატივცემულები, მაგრამ ისე, კარგად რომ დავფიქრდეთ, ფაქტები რაღა საჭიროა? – ლოგიკურად თუ მივყვებით, ისედაც სავსებით ნათელია, რომ როლანდმა ყველაფერი წინასწარ გათვალა და შემდგომ აღასრულა კიდეც!
და მაინც, როდიდან დაიწყო როლოსეული გათვლები?
ისტორიას გადავხედოთ:
2010 წლის 30 ივლისი: ინტერვიუ სათაურით – “კოკოშკოვი მეტოქეებს სიურპრიზს უმზადებს” (http://worldsport.ge/Read.aspx?news=9024)
მეტად საყურადღებო ფაქტი (თანაც ორი) ინტერვიუს დასაწყისშივე:
1.    ჯერ კიდევ მაშინ, ანუ 2 წლის წინათ, უკვე წარმოჩენილი იყო ის პრობლემა, რასაც კოკოშკოვთან გასაუბრება ჰქვია
2.    “როლომ” სწორედ მაშინ დაუდო სათავე თავის მზაკვრული, ანტიკოკოშკოვისეული ჩანაფიქრის განხორციელებას, მიულოცა რა, კოკოშკოვს წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელება – დიდი აგენტები, მაფიოზები და მისთანა “საქმეში ჩახედული საეჭვო პირები” ხომ ასე იქცევიან – ვითომ კეთილისმსურველები, “მსხვერპლის” მოქონვას თავიდან ტკბილი ენით ცდილობენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ, “სასიკვდილო დარტყმას” აყენებენ.  
ნაკვესი ზემოაღნიშნული ინტერვიუდან:
ლაბუჩიძე: მას შემდეგ, რაც საქართველოს 2009 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაგასახელეს, პირველად მოგვეცა თქვენთან გასაუბრების საშუალება (2010 წლის 30 ივლისია – რედ.). ამიტომ, ცოტა მოგვიანებით გილოცავთ ამ წარმატებას.
კოკოშკოვი: დიდი მადლობა. ეს, არა მარტო ჩემი, არამედ, მთელი გუნდის დამსახურებაა. ბიჭებს რომ არ ეთამაშათ, ვერც მე გავხდებოდი სეზონის საუკეთესო მწვრთნელი”.
...აქ, ერთ-ერთი პირველი აზრი, რომელიც ოპონენტებს გაუჩნდება, ალბათ, ასე ჟღერს – ხომ ხედავთ, 2009 წელს საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, 2 წლის წინათ ქება-დიდებაში ჰყავდათ და ახლა გახდა ცუდი მწვრთნელიო?..
ჯერ ერთი, კოკოშკოვზე არავინ ამბობს (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვამბობთ), რომ ცუდი მწვრთნელია და იმდენიც გვესმის, რომ NBA-ს კლუბებში მთავარი მწვრთნელების ასისტენტებად ცუდებს არ ეძახიან. პირადად მე, თავიდან ძალიანაც სიმპათიით ვიყავი განწყობილი ამ მწვრთნელის მიმართ, რადგან მაგალითად, ორგანიზებულობის მხრივ, ნაკრების თამაშს გარკვეული ცვლილებები უკეთესობისკენ შეეტყო და რაც ჩემთვის თვალშისაცემი გახლდათ, ნაკრების წევრთა უმრავლესობა ისე იბრძოდა, როგორც არასდროს.
მაგრამ მიუხედავად ამისა, უმთავრესი ჩვენთვის, ქართველებისთვის, ისაა, თუ რამდენად პროდუქტიული, სარგებლიანია ესა თუ ის მწვრთნელი ჩვენი ნაკრებისთვის და რამდენად მიჰყვება ის მოთამაშეთა განვითარების ტემპს.
აქ, ოდნავ ჩავრთოთ, ჩვენთვის უფრო მეტად სადარდებელი (სათამაშო ხარისხიდან გამომდინარე) ქართული ფეხბურთი და მცირე შედარება გავაკეთოთ – როგორ ფიქრობთ, კოკოშკოვი უფრო მაღალი დონის სპეციალისტია თუ ექტორ რაულ კუპერი?
პასუხი მარტივია – კოკოშკოვს, კიდევ კარგა ხანი დასჭირდება, კუპერს სამწვრთნელო ცოდნითა და შედეგით რომ გაუტოლდეს. მაგრამ ამ ჩვენი ნაქები კუპერის ხელში რაც მოიმკა საქართველოს ნაკრებმა, მგონი, გახსენებადაც არ ღირს. ამით, იმის თქმა გვინდა, რომ არათუ კარგ, ძალიან კარგ და ხშირად საუკეთესო მწვრთნელებზეც კი, შეხედულებები იცვლება – პერიოდებისა და შედეგების მიხედვით. ასე რომ, 2 წლის წინათ ვინმეს ქება, სულაც არ ნიშნავს მის სამუდამო გაღმერთებას. პირიქით – თუ მართლა გაწუხებს შენი ქვეყნის ნაკრების ბედი და გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, რა დონეზეც შეგიძლია, შენი აზრი (თუნდაც, მცდარი) უნდა დააფიქსირო. თუ მართალი ხარ, ხომ კარგი, თუ არადა, ოპონენტებმა კეთილი ინებონ და არგუმენტირებულად გააქარწყლონ შენი მოსაზრება. სწორედ ამგვარ, ნორმალური კამათის რეჟიმშია შესაძლებელი საერთო მიზნის მიღწევა.
სხვათა შორის, ზემოაღნიშნულ ინტერვიუში მრავალი საგულისხმო რამაა ნათქვამი, დღევანდელ ვითარებას რომ ლამის ერთი-ერთზე შეესაბამება: საუბარია ვლადიმერ ბოისაზე, ქუინტონ ჰოსლიზე და რაც მთავარია, ნაკრების მიერ ბოლო მეოთხედის სუსტად ჩატარებაზე – ხომ არაფერი გეცნობა ძვირფასო მკითხველო?
გეცნობა, როგორ არ გეცნობა, მაგრამ ძალიან ცდები თუ ფიქრობ, რომ ეს კოკოშკოვის ბრალია – არამც და არამც, ამაში უწინარესად, “როლოა” დამნაშავე! ეტყობა, როლანდ ლაბუჩიძემ იმდენი მოახერხა, რომ კოკოშკოვი რაღაც გაურკვეველი, მისტიკურ-მაგიური ძალებით, აიძულა, ეს წუთშესვენებები ევროშესარჩევის ზედიზედ 3 მატჩის გადამწყვეტ მომენტებში არ აეღო, თუმცა, ეს კიდევ არაფერია, იმასთან შედარებით რაც ბატონმა როლანდმა ჯერ კიდევ შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე შეძლო – ძალით გააშვებინა ეროვნული ნაკრებიდან 3 მოთამაშე (ცქიტიშვილი, ვლადიმერ ბოისა და გამყრელიძე) და ისეთი კალათბურთელებით ჩაანაცვლებინა, რომელთაც კოკოშკოვი ასევე გადამწყვეტ მომენტებში ვერ დაეყრდნობა.
მოკლედ, რა ყოფილა კაცო ეს როლანდი? რა მაგიური ძალის მქონე და რაც მთავარია, ეშმაკი და ქვეყნის მოძულე, რომ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, ეროვნული ნაკრების ინტერესებსაც არად დაგიდევთ...   
ამასთან დაკავშირებით, ერთ გადახვევას გავაკეთებ:
ჩვენც კარგად ვიცით, რომ ყველაფერს სათანადოდ ვერ ვაკეთებთ (როგორც ობიექტური ისე სუბიექტური მიზეზების გამო) და მსოფლიოს საუკეთესო ჟურნალისტებად სულაც არ წარმოგვიდგენია თავი. თუმცა, უკვე რამდენიმე წელიწადია ქართულ საინფორმაციო სივრცეში გვიკავია ჩვენი ნიშა და ვცდილობთ, უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ინფორმაციების ხარისხიც და რაოდენობაც.
ჩვენი აზრით, worldsport.ge-ს მუშაობის პირდაპირპროპორციულია ის რეიტინგი, რომელიც ყოველდღიურად შეგიძლიათ იხილოთ თუნდაც ქართული top.ge-ს მეშვეობით (google-ს მიხედვით, რეიტინგი კიდევ უფრო მაღალია).
რაში დამჭირდა ამის თქმა - არც როლანდია კალათბურთზე მწერალ ჟურნალისტთა შორის საუკეთესო და ეს თავადაც კარგად იცის, მაგრამ ის ამას რეალურად აფასებს და გაგებით ეკიდება (ჩვენ ამგვარ საკითხებზე ხშირად გვისაუბრია და ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მაქვს ამის თქმის უფლება).
რა მოხდა მერე? – სულაც არაა აუცილებელი მაინცადამაინც პირველი იყო და თუ კარგად დავფიქრდებით, პროფესიულ ამბავში, ხანდახან მეორეობაც კი სჯობს პირველობას, რადგან ის მაინც იცი კაცმა, რომ ყველაზე ცოტა, ერთი ადამიანი მაინც, შენზე კიდევ უკეთ გააკეთებს საქმეს და ჯამში, ორივეს ნაღვაწი საერთო საქმეს წაადგება.
ამ საიტის მკითხველს საკმაოდ ხშირად წაუკითხავს როლანდ ლაბუჩიძის მიერ ოპერატიულად გაკეთებული ინტერვიუები. მაგალითად:
ზაზა ფაჩულიასთან, როდესაც მას ოჯახში მატება ჰქონდა (ღმერთმა ამრავლოს) ან “ატლანტა” კონტრაქტს უხანგრძლივებდა;
თორნიკე შენგელიასთან, ზუსტად იმ თამაშის წინ, რომლის შემდეგაც გადაწყდა “თოკოს” “ბრუკლინში” აყვანა;
ოლიმპიადაზე მოასპარეზე მოჭადრაკეებთან. ასეთი შემთხვევაც კი იყო: გერმანიაში მყოფ ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, გია გიორგაძეს “მსოფლიო სპორტიდან” ვაცნობეთ, რომ ქართველი ქალბატონები ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. ერთ-ორ წუთში ეს ბატონ გიასაც ეცოდინებოდა, მაგრამ უბრალოდ, ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, იმ კოეფიციენტების დათვლა და ამგვარი სასიხარულო ამბის გადაცემის შემდეგ, პირველი ინტერვიუს აღება;
...ანა ტატიშვილთან, ბესიკ ლიპარტელიანთან, ნიკოლოზ ცქიტიშვილთან, მანუჩარ მარკოიშვილთან, ვიქტორ სანიკიძესთან...
...ცდილობს, რაც შეიძლება, ხშირად წარმოაჩინოს ახალგაზრდა სპორტსმენები – ანუ აკეთებს იმას, რაც უნდა აკეთოს. და ვინც და როგორც არ უნდა აუკრძალოს, ის თავის საქმეს მაინც გააკეთებს, რადგან უარეს ვითარებაშიც გაუკეთებია.
მაგალითად, 90-იანი წლების შუაში, როცა, მოგეხსენებათ, საკალათბურთო დარბაზები არ თბებოდა და არც ასე გამზადებულ, მატჩისშემდგომ ოქმებს გვაწვდიდნენ (რაც, უდავოდ, დღევანდელი ფედერაციისა და სუპერლიგის თანამშრომელთა დამსახურებად უნდა ჩაითვალოს), სუფთა ფურცელზე (და ასეთი ფურცლები მრავლად უგროვდებოდა) წერტილებით ან სხვაგვარად ინიშნავდა, მაშინდელი დამწყები, დღეს კი უკვე ვეტერანი (ვლადიმერ სტეფანიას, ვატო ნაცვლიშვილის, დავით თორთლაძის, რეზო ჩხეიძის...) და დღევანდელი ვარსკვლავების (ფაჩულიას, ცქიტიშვილის...) ქულებს, მოხსნებს, პასებს...
ყოველივე ეს უმნიშვნელო სულაც არაა, მაგრამ მთავარი კიდევ სულ სხვაა - ეს კაცი წერს სიმართლეს და სიმართლის დაწერა გაცილებით მნიშვნელოვანია, თუნდაც ყველაზე მოხდენილ და ზექართული სიტყვებით დაწერილ ანალიტიკაზე, მით უმეტეს ისეთზე, რომელიც მხოლოდ იმიტომ იწერება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანმა შენიშვნებმა უკანა პლანზე გადაინაცვლოს და შემდგომში უკვე, საერთოდ დავიწყებას მიეცეს (რაც არცთუ იშვიათად ხდება).
...კოკოშკოვის გუშინდელ პრესკონფერენციაზე, როლანდ ლაბუჩიძე არ შეუშვეს და საკმაოდ დამამცირებელი ქმედებებით გამოაძევეს (თუმცა, ბრიფინგზე არშეშვება უკვე დამამცირებელია). მიზეზი, როგორც ფედერაციის წარმომადგენელმა განმიცხადა, აი ეს სტატიაა (http://worldsport.ge/Read.aspx?news=41211), სათაურით: “საქართველოს ნაკრები კოკოშკოვზე ბევრად კარგ მწვრთნელს იმსახურებს”.
თქმა არ უნდა - აქ პირდაპირ წერია, რომ კოკოშკოვის მოღვაწეობით ავტორი დიდად კმაყოფილი არაა, ან როგორ იქნება, როდესაც 2 წლის წინანდელი, არცთუ უმნიშვნელო პრობლემა ვერ გამოუსწორებია, ევროპის ჩემპიონატზე რიგი სერიოზული შეცდომებისა დაუშვა და ყოველივე ამას, ახლა კიდევ საკადრო პრობლემები დაამატა.
საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ ქლოშინებდნენ ლატვიასთან მატჩის მიწურულს, ჩვენი ხუთეულის წევრები და ერთი შეხედვით არცთუ რთულ სიტუაციებში, ფართან, როგორ დაკარგეს მიყოლებით ბურთები ფაჩულიამ და შენგელიამ მაშინ, როდესაც ეს ბურთი მათ ხელში იყო – მხოლოდ და მხოლოდ დაღლილობის გამო!
როდესაც როლანდის გამოძევების ამბავი ჩვენმა ერთ-ერთმა რედაქტორმა და ამავდროულად კალათბურთზე მწერალმა ჟურნალისტმა, გოჩა კაჭარავამ მაცნობა, იქვე მითხრა, რომ პროტესტის ნიშნად თავადაც დატოვებდა ბრიფინგს, მაგრამ ვთხოვე, დარჩენილიყო, ორი მიზეზით:
1.    არ მინდოდა ჩვენი რედაქცია, საქციელით, კალათბურთის ფედერაციას დამსგავსებოდა (უკაცრავად იმათთან, ვისაც ეს ფედერაციაში მომუშავეთაგან არ ეკუთვნის);
2.    როგორც ჩვენს მკითხველს, ისე ჩვენც (ამ რედაქციაში მომუშავე ხალხს) ძალიან გვაინტერესებდა, ბოლოს და ბოლოს, რას იტყოდა ნაკრების მიერ ჩატარებულ მატჩებზე თავად კოკოშკოვი (რაც თქვა, თავადაც ნახეთ)...
გუშინდელი პრესკონფერენციის წერისას, გოჩა კაჭარავას სპეციალურად ვუთხარი, რომ ლაბუჩიძის ამბავი არ ეხსენებინა. ვფიქრობდი, ამ ჟესტით, კალათბურთის ფედერაციაში ვაგრძნობინებდით, რომ “არც როლანდი და არც ჩვენ ჩასაფრებული არ ვართ” (ამის დასამტკიცებლად აქ რამდენიმე ლინკს წარმოგიდგენთ, არა მარტო ლაბუჩიძის http://worldsport.ge/Read.aspx?news=8816 , http://worldsport.ge/Read.aspx?news=9582, http://worldsport.ge/Read.aspx?news=10051), როგორც ეს მათ განმიცხადეს, ოღონდ იცით როგორ მითხრეს: “მსოფლიო სპორტი”, დათო ბაკურაძე და გოჩა კაჭარავა კარგები ხართ და თქვენთან პრეტენზიები არ გვაქვს, აი, როლანდ ლაბუჩიძე კი... ეგ ცუდიო, ეგო...
ერთი ვერ გაითვალისწინეს – ის სტატია (მოგებულ თამაშზე, ნაჯახივით იყო თუ ცივი შხაპივით), მე თვითონ გავუშვი, რადგან მეც ვფიქრობ, რომ სათქმელი დროულად უნდა ითქვას, მით უმეტეს, როცა ეროვნულ ნაკრებზეა საუბარი (ასე რომ, სავარაუდოდ, ჩემზეც მოუწევთ “საქმეების ამოწევა” – ვისთან ვარ კავშირში და ვის ვახმოვანებ).
ერთი, მეორე, მესამე... სადამდე უნდა გვეცადა? სამწუხაროდ, ჰოლანდიასთან ზუსტად გამართლდა ის, რაც ლაბუჩიძის სტატიაში ეწერა და ეს რომ ჰოლანდიასთან მატჩის მერე დაწერილიყო, ალბათ, მერე იტყოდნენ – აი, წაგებულზე წიხლს გვაჭერენო.
არავის არაფერს ვაჭერთ და არც ეს შეჯიბრი გვინდა “პატრიოტობანაში” და მიშა ანდღულაძის ტერმინოლოგიით (“ჩემი დედას ფიცავარ” და ეგეთებით) ნუ დავიწყებთ საკუთარი თავის წარმოჩენას – ვის უფრო უყვარს სამშობლო. ჩვენც ისევე ვუქომაგებთ ჩვენს ნაკრებს, როგორც ამას ჩვეულებრივი ქომაგი აკეთებს და არავიზე ნაკლებად გაგვიხარდება, ზედიზედ ოთხივე მატჩს თუ მოიგებენ. როგორმე გადავიტანთ იმას, რაც წარმატების შემთხვევაში, ჩვენზე შეიძლება ითქვას.
არც იმის უფლება მაქვს, ეჭვი შევიტანო ბატონი იგორ კოკოშკოვის გულწრფელობაში, რომ სულით და გულით უნდა საქართველოს ნაკრების წარმატებები, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე საქმე. საქმე კი, როგორც დადებითს, ისე უარყოფითსაც გვიჩვენებს და თვალებს ნამდვილად ვერ დავიბრმავებთ – კარგზე კარგი დაიწერება, ცუდზე – ცუდი.   
თურმე, ბატონი კოკოშკოვი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. და ამაში რაა ახალი? ეგ ისედაც ეგრეა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა რას მოიცავს? მინიმუმიც და მაქსიმუმიც პრაქტიკულად ერთია – თანამდებობიდან წასვლა. და რა მერე ამით საქართველოს ნაკრებს, ნაკრების ამ თაობას, უბრალოდ ქომაგს?
ამგვარი ფრაზები – პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით, როგორც საკალათბურთო, ისე საფეხბურთო ნაკრებთა მწვრთნელებისგან (როგორ ყოფილი, ისე ამჟამინდელთაგან) მრავლად მოგვისმენია, მაგრამ რამდენ შემთხვევაში დავრჩენილვართ მოგებულნი?..
ნურც იმას იფიქრებთ, რომ ამ სტატიის საიტზე განთავსებით დიდად ბედნიერები ვართ. არასასიამოვნო ამბები არასასიამოვნოა და მორჩა.
ეს სტატია კიდევ როდის დაიდო, თავადაც ხედავთ - ჯერ კიდევ გვქონდა იმის იმედი, რომ კალათბურთის ფედერაციაში გონს მოვიდოდნენ, მაგრამ...

 

ვებ-გვერდ worldsport.ge-ის მთავარი რედაქტორი
დათო ბაკურაძე

P.S.  დიდ მადლობას მოვახსენებთ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და მის პრეზიდენტს, ბატონ ელგუჯა ბერიშვილს თანადგომისთვის. იმედს გამოვთქვავთ, რომ ამ ფაქტზე დროულ და ობიექტურ რეაგირებას მოახდენენ სპორტთან დაკავშირებული სხვა, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები.   

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111266