სტატიები

10:17 | 12.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

როცა უცხოური შეკრება არაფერს ნიშნავს

რუსთავის “ოლიმპისთვის” წლევანდელი საევროტურნირო ზაფხული, მოლოდინისამებრ, ადრიანად დასრულდა. ყაზახურ “აკტობესთან” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში დაიჩაგრა (0:2, 1:1) და განსაკუთრებით უმწეო იყო რუსთავული შეხვედრის მეორე ტაიმში. მეტიც, ის 45 წუთი უნდა ეჩვენებინათ დამწყები ფეხბურთელებისთვის  -  “როგორ არ უნდა ითამაშო ფეხბურთი”. შეუთამაშებლობა, დაღლილობა, სასურველი შედეგის მისაღწევად არანაირი იმედის ნიშან-წყალი. ეს არც იყო გასაკვირი: “ოლიმპი” “აკტობესთან” მატჩებს სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. რაღა შორს წავიდეთ, ამხელა რანგის შეხვედრაში 16-კაციანი განაცხადი რომ გეყოლება, უბრალოდ, სირცხვილია.
“ოლიმპს” მკვეთრად გამოხატული ტენდენცია აქვს: წელიწადში ორჯერ მთლიანად იცვლება გუნდის შემადგენლობა და ჰარი-ჰარალოდ, ნაუცბათევად იქმნება ახალი გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის დონეს სწვდება, მაგრამ ევროპაში ნურას უკაცრავად – იქ ასეთ “სახუმარო ტენდენციას” არავინ პატიობს. ეს ბილიარდი როდია, საფეხბურთო გუნდში 11 კაცია მინდორზე და არსებობს ცნება “შეთამაშება”. გვინდა, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდეს ამგვარი ცვლილებები და “ოლიმპმა” ეს სეზონი მაინც ჩაატაროს სტაბილური შემადგენლობით, რათა მომდევნო ევროსეზონს მომზადებული შეხვდეს. ხოლო ის, რომ ქვემოქართლელები ევროპაში გაისადაც გავლენ, თითქოს საეჭვო არ უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ კლუბზე გული აიცრუა დავით კირკიტაძემ – ქვემო ქართლის გუბერნატორმა, რომლის გარეშე “ოლიმპი” რაღაც ვერ წარმოგვიდგენია.
ითქვა, კირკიტაძეს იმდენად ეწყინა “აკტობესთან” გავარდნა, რომ “ოლიმპს” თავისივე ნაყიდი ავტობუსი წაართვა და კლუბმა ახალი ავტობუსი შეიძინაო. ქვემოქართლელთა ხელმძღვანელობა მაინც იმედიანადაა, კირკიტაძეს გული მოუბრუნდება ფეხბურთზეო. ქვემო ქართლის გუბერნატორს რომ ფეხბურთი უყვარს, ეს საკამათო არაა, მაგრამ ბევრისთვის მაინც გაუგებარია ის კურსი, რომელიც მის კლუბს ჰქონდა არჩეული – რაზეც უკვე ვისაუბრეთ.
“ოლიმპს” არც ახლა ჰყავს ცუდი შემადგენლობა (საქართველოს კვალობაზე) და ხელაღებით ვერც იმას იტყვი, შარშანდელი აკინო-ფრაგა-იაშვილ-კვარაცხელია-იმედაშვილიანი  კრებული სჯობდა თუ დღევანდელი. ეგაა, მწვრთნელ თემურ მახარაძეს მაშინ შეკრული გუნდი ჰყავდა, ამჯერად კი დრო სჭირდება საამისოდ. 
რუსთაველებს უცხოური შეკრება არ გაუვლიათ, რაც პარადოქსია, მაგრამ ქართულ რეალობაში დიდი არაფერი მინუსია  - უკვე ბევრჯერ მოხდა, როცა საქართველოს ჩემპიონი გამხდარა შეკრებაგაუვლელი კლუბი, ამ დროს კი, უცხოეთში ნაჯაფ კლუბს ჩავარდნია სეზონი. შორს ნუ წახვალთ, ამ გაზაფხულის “ზესტაფონი” გაიხსენეთ.
“ოლიმპს” ახლაც მოკლე სკამი აქვს და განსაკუთრებით, ცენტრფორვარდებში უჭირს, სადაც მხოლოდ  ირაკლი მოდებაძე და გიორგი ბერიაშვილი ჰყავს. შედარებით უკეთ გამოიყურება ნახევარდაცვა, სადაც დავით ბოლქვაძე, რევაზ გეწაძე, გიორგი ჭელიძე, ლუკა რაზმაძე და დენის დობროვოლსკი თამაშობენ.
მახარაძის გუნდიდან ბოლოს სამი ფეხბურთელიც წავიდა: დავით გიგაური “გაგრაში” დაბრუნდა, ირაკლი დოლიძე და გიორგი ხიდაშელი კი ზუგდიდის “ბაიაში” გადავიდნენ. რუსთაველთა გუნდში თამაშის პერსპექტივა აქვთ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებიც საფეხბურთო სკოლა “ოლიმპის” აღზრდილები არიან - ვაკო ყაზაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, დავით ხოჭოლავა, ლევან კოშაძე, არჩილ ტვილდიანი  უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და ვნახოთ, ამ სეზონშივე თუ “შეეპარებიან” უმაღლეს ლიგას. ახლა ბოლო ტესტ-მატჩებზე: რუსთა¬ველებმა ცხინვალის “სპარტაკთან” 1:1 ითამაშეს, აზერბაიჯანის “თურანს” 2:0 სძლიეს, თავიანთი სარეზერვო გუნდი კი 6:1 დაამარცხეს. 
რას ველოდებით საამსეზონო “ოლიმპისგან”? კლუბის ხელმძღვანელობას, ცხადია, მაქსიმალური მიზნები აქვს – ჩემპიონობა და ქვეყნის თასი. ევროტურნირებს თუ გადავხედავთ, ქვემოქართლელებს საქართველოში საუკეთესო გუნდი ნამდვილად არ ჰყავთ, თუმცა ასე იყო შარშანაც და მერე გამოჩნდა, რომ რუსთაველებს ეროვნულ პირველობაზე მოცილე არ ჰყავდათ.
კითხვის ნიშანი კი ბევრია – მოუბრუნდება კირკიტაძეს გული “ოლიმპისკენ”? და რაც მთავარია, ბოლოს და ბოლოს გაჩერდება თუ არა შემადგენლობის მუდმივი ცვლა ერთი წლით მაინც?
ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102312