ფეხბურთი

12:05 | 25.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ვარანი: “ისეთ გოლს არ უნდა ვუშვებდეთ, რომელიც საქართველომ გაგვიტანა”

  მადრიდის “რეალის” 19 წლის მცველს რაფაელ ვარანს გასულ პარასკევს დებიუტი ჰქონდა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში. მომდევნო მატჩი “სამფეროვნებს” ესპანეთის ნაკრებთან უწევთ და ამ შეხვედრის წინ As.com-მა ვარანს ინტერვიუ ჩამოართვა.

 

- რა განცდა დაგეუფლათ საფრანგეთის ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩის ჩატარებისას?

- ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა – საფრანგეთის ნაკრებში პირველი შეხვედრა ვითამაშე! ამან საოცარი კმაყოფილება და ემოცია გამოიწვია. დილიდან ერთი სული მქონდა როდის დაიწყებოდა მატჩი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ჰიმნის შესრულებისას კი მეტად ამაღლებული გრძნობა მქონდა. მართლაც ფანტასტიკური მომენტი იყო.

- დავიჯეროთ, უფრო მეტად ნერვიულობდით, ვიდრე “ელ კლასიკოში” “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშისას?

- საკლუბო და სანაკრებო მატჩების ერთ რიგში დაყენება უპრიანი არაა. მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში მეტად მნიშვნელოვანი და დაძაბული ასპარეზობების ჩატარება მომიხდა, მაგრამ სანაკრებო პაექრობებთან მათი შედარება მაინც არასწორია. საფრანგეთის ნაკრებში თამაში სხვაგვარ ემოციას იწვევს – მშობლიური ქვეყნის ეროვნული გუნდის დაცვა განსაკუთრებული მოვლენაა.

- თავად როგორ თვლით, რა გამოგივიდათ და რა ვერ შეძელით საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშისას?

- ვფიქრობ, კარგად ვურთიერთქმედებდი საჰოსთან, თუმცა, კიდევ საკმაო დრო დამჭირდება, რათა ჩვენი მოქმედებები სინქრონული და უკეთ შეთანხმებული გამოვიდეს. დარწმუნებული ვარ, კარგად შევთამაშდებით და ამის შემდეგ ისეთ გოლს არ გავუშვებთ, რომელიც საქართველომ გაგვიტანა.

- ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მინდორზე გამოცდილი და ბოლომდე ჩამოყალიბებული  ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებთ...

- მხოლოდ ფეხბურთზე ვარ ორიენტირებული, სხვაზე არ ვფიქრობ და ყოველმხრივ ვცდილობ, საუკეთესო თვისებები ბოლომდე გამოვავლინო. ისეთ პოზიციაზე ვთამაშობ, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ნდობას მიცხადებენ. “რეალის” შემდეგ, საბედნიეროდ ასევე მოხდა ნაკრებშიც.

- სამი წლის წინ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმეთ “ლანსთან”. დროის ამ მოკლე მონაკვეთში თქვენი საფეხბურთო ცხოვრება დიდად შეიცვალა...

- მართლაც ასეა. თუმცა წარმატება თავისთავად არ მოდის. ბევრს ვშრომობ და ყოველდღიურად წინ მივიწევ. ძალიან ბევრი რამ ავითვისე მადრიდის “რეალში” და ამიერიდან სანაკრებო დონეზე ასპარეზობაც დიდ დახმარებას გამიწევს. საკუთარი პროგრესით კმაყოფილი ვარ და ასეთივე ტემპით ვაპირებ წინსვლას.

- საფრანგეთის ნაკრებს მომდევნო საკვალიფიკაციო მატჩი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ უწევს. რა განწყობით ელით მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირებას?

- როდესაც ერთხელ მოიზომავ ნაკრების მაისურს, მისი გახდა აღარ მოგინდება. ცხადია, “ფურია როხას” წინააღმდეგ გამოსვლა განსაკუთრებული მოვლენაა ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერაში.

- ამბობენ, რომ ბოლო დროს ესპანეთის ნაკრები შედარებით ნაკლები ჟინით თამაშობს. ეთანხმებით ამ თვალსაზრისს?

- ეს მცდარი მოსაზრებაა. “ფურია როხამ” ევროპის ბოლო 2 ჩემპიონატი და სამხრეთ აფრიკის მუნდიალი მოიგო. ამას უდიდესი მონდომების გარეშე ვერ შეძლებ. მას შემდეგაც არაფერი შეცვლილა. პირადად ვიცნობ ესპანეთის ნაკრების წევრებს და კარგად ვიცი, რაოდენ მოტივირებულები არიან ისინი სანაკრებო დონეზე თამაშისას.

- პარასკევის შეხვედრების შემდეგ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებს ესაუბრეთ?

- არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე სერხიო რამოსთან საუბარი მექნება და ერთმანეთს “მუქარით” ავავსებთ.

- რა სხვაობაა ჟოზე მოურინიოსა და დიდიე დეშამს შორის?

- ჯერჯერობით დეშამს კარგად არ ვიცნობ, ამიტომაც მის სამწვრთნელო პრინციპებზე ბევრს ვერ მოგახსენებთ. სადღეისოდ კი ის შემიძლია გითხრათ, რომ სეუ ჟოზე და მუსიე დიდიე განსხვავებული ხასიათისა და ტემპერამენტის ადამიანები არიან.

- მართალია, თითქოს მოურინიომ გთხოვათ ინტერვიუების მიცემისგან თავი შეიკავოთ?

- დიახ, ასეა. მისტერს სურს, რომ შეძლებისდაგვარად ნაკლებ ზეწოლას განვიცდიდე მასმედიისგან. მე ხომ 19 წლის ვარ და დამრიგებელი მიფრთხილდება. მოურინიო მენდობა და ამავდროულად ჩემგან ბევრსაც ითხოვს. სხვაგვარად წარმოუდგენელია, ესოდენ მოკლე ხანში ამდენისთვის მიმეღწია.

- კარიმ ბენზემა ნაკრებში შედეგიანობით ვერ გამოირჩევა. მასზე ეს დამთრგუნველად ხომ არ მოქმედებს?

- კარიმი ანალოგიურ სიტუაციაში არ იბნევა და რთული პერიოდის დაძლევა შეუძლია. მთავარია, პარტნიორებს მისი გვწამს და მალე ბენზემა გოლების გატანას განაახლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11469